Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მისიის საკითხს სოხუმი მხოლოდ თეორიულ დონეზე აღიქვამს


ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე
ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავარი წარმომადგენელი ჟენევაში ვიაჩესლავ ჩირიკბა მედიის მიერ ატეხილ ხმაურს ნაადრევსა და გადაჭარბებულს უწოდებს. საუბარია ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს სოხუმი მზად იყოს სეპარატისტულ რეგიონში გაეროს მისია დააბრუნოს. რას გულისხმობს სინამდვილეში ჩირიკბა, რამდენად შესაძლებელია და რის სანაცვლოდ შეიძლება ამოქმედდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში?

თავდაპირველად ვთქვათ ის, რომ მედიის ხმაურიანი და აქტიური მსჯელობა ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროგრამის, ”ეხო კავკაზას” მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მოჰყვა. 31 აგვისტოს სწორედ ”ეხო კავკაზასთან” საუბრისას ახსენა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გაერო, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე რეგიონის მშვიდობიანი მომავლის შექმნაში:

”ეს არ იქნება სამშვიდობო ძალებივით. არა... ეს შეიძლება იყოს ერთგვარი სამეთვალყურეო საგუშაგოები - გაეროსი ჩვენს მხარეს და ევროკავშირისა - საქართველოს მხარეს. ისინი დააფიქსირებდნენ სიტუაციებს და ანგარიშებს მოამზადებდნენ, თუკი დაძაბულობის რაიმენაირი ესკალაცია იჩენდა თავს. ყოველ შემთხვევაში, მათ არენა რომ ჰქონდეთ, სადაც შეძლებენ დარღვევებზე ლაპარაკს.”

აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის მთავარი წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებებზე ვიაჩესლავ ჩირიკბა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ სოხუმი არ ეწინააღმდეგება დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ”გაეროს მცირე მასშტაბის მისიის” ორგანიზებას, რომელიც შუამავლის როლს შეასრულებდა სოხუმსა და თბილისს შორის და ასევე ექნებოდა კონტაქტი რუსეთის მხარესთან. ამ ფუნქციის ევროკავშირისთვის მინიჭება შეუძლებლად მიაჩნიათ სოხუმში, რადგანაც ევროკავშირმა დაიკავა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

ამ ინფორმაციამ თბილისის ექსპერტულ წრეებში თითქმის ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თითქმის არავინ დაიჯერა, რომ კრემლის ძალისხმევით რეგიონიდან 2009 წელს გაძევებულ გაეროს იმავე კრემლთან შეუთანხმებლად დაპატიჟებენ უკან. ასეც რომ იყოს, ნათელია, სეპარატისტული რეგიონის ლიდერების მცდელობას უცილობელი კრახი ელოდება, რადგანაც მოსკოვი არ დაუშვებს საერთაშორისო მეთვალყურეობას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამასთან, როგორც, მაგალითად, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონი გაეროს მისიას იქ ძველი სახელით, ანუ საქართველოში მოქმედი მისიის სახელით, არ დაუშვებს და აუცილებლად მოითხოვს, რომ მას აფხაზეთში მოქმედი მისია ეწოდოს. შეგახსენებთ, რომ ვეტოს უფლება რუსეთმა სწორედ ამგვარი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გამოიყენა.
თუმცა ბოლო დღეებში გაჩაღებულ აქტიურ მსჯელობას ვიაჩესლავ ჩირიკბამ 2 სექტემბერს გარკვეული განმარტებები დააწია, საიდანაც ირკვევა, რომ გაეროს მისიის მომავალს სოხუმის ლიდერები არა კონკრეტული წინადადებების, არამედ თეორიული ფიქრების ჭრილში განიხილავენ. ”ამჟამინდელი პოლიტიკური რეალობისგან შორს დგას პრესაში გამოჩენილი ცნობები იმის შესახებ, რომ აფხაზეთი მზად არის განათავსოს თავის ტერიტორიაზე გაეროს ახალი მისია ანდა გაეროს მეთვალყურეები... ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიულად დასაშვებ შესაძლებლობებსა და ვარიანტებს ასახავს”, - განუმარტავს ”აფსნიპრესს” ვიაჩესლავ ჩირიკბა.

თუმცა ჩვენი რადიოს რუსულენოვან პროგრამასთან საუბრისას იგივე ჩირიკბა არ გამორიცხავდა, რომ დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მეთვალყურეების განთავსების საკითხი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების რეალიზაციის მექანიზმის ერთ-ერთ ელემენტად იქნეს განხილული იმ ახალ პროექტში, რომელსაც სოხუმის ლიდერები ჟენევაში მომდევნო რაუნდზე, 14 ოქტომბერს, წარადგენენ.

მაგრამ თბილისის პოზიცია უცვლელია - ის არასოდეს დათანხმდება ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას სეპარატისტულ რეგიონებთან, როგორც ეს კრემლს სურს. თბილისის პოზიციას ღიად უჭერს მხარს შეერთებული შტატები. საქართველო ყოველთვის მზად იყო მსგავსი შეთანხმებისთვის მხოლოდ რუსეთთან ერთად მოეწერა ხელი. თუმცა ამჯერად ამ ყველაფერმა შესაძლოა თბილისის ინიციატივის სახე მიიღოს. ამის შესახებ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში 26 აგვისტოს პრეზიდენტი სააკაშვილიც ლაპარაკობდა:

”უახლოეს კვირებში გადაწყვეტილი გვაქვს ახალი ნაბიჯების გადადგმა იმ პოზიციის რაღაცნაირად უფრო ოფიციალურად გასაფორმებლად, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ იმ ხაზზე, სადაც ისინი განლაგდნენ, შეიარაღებული ძალის გამოყენებას... ეს ყველაფერი მინიმუმ დაამშვიდებს მათ, ვინც რუსეთში სერიოზულად ლაპარაკობს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო წარმომადგენლობაზე საქართველოს მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობაზე.”

ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ მოსკოვი თბილისის ამ ინიციატივაზე ცივ უარს იტყვის, თუმცა სამშვიდობო შეთავაზება მაინც აუცილებელია. მათი აზრით, შედეგიც რომ არ გამოიღოს, მოსკოვის მიერ ნათქვამი უარი საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ბევრ რამეს დაანახვებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG