Accessibility links

logo-print

რუსული ეროტიკული ფილმების ავტორის ახალი სამიზნე: ალექსანდრ ლუკაშენკო


კადრი ფილმიდან „ბატკას ბედნიერება“

კადრი ფილმიდან „ბატკას ბედნიერება“

რეჟისორ ალექსანდრ ვალოვის ფილმები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებებით, შესაძლოა, არ გამოირჩეოდეს, მაგრამ, როგორც წესი, მაინც ახერხებს საყოველთაო ყურადღების მიქცევას - ფილმების მთავარი პერსონაჟების წყალობით. ხუთი წლის წინ რუსმა რეჟისორმა გადაიღო ეროტიკული ფილმი, რომლის გმირებიც მიხეილ სააკაშვილსა და იულია ტიმოშენკოს ჰგავდნენ, ბოლო ხანს კი რეჟისორის ყურადღება ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიპყრო.

სცენა ფილმიდან: მაღალი, ულვაშიანი მამაკაცი, სახელად ლუკა, კოლმეურნეობის მინდვრებში მიაბიჯებს და უახლოვდება ქალს, რომელიც პომიდორს კრეფს. მამაკაცი ბოსტნეულის ხარისხზე იწყებს ლაპარაკს, რის შემდეგაც თემას ეროტიკული მინიშნებებით განავრცობს:

„ზამთარში ბორშჩის მოსახარშად ყველაფერი მოამზადე?“ - ეკითხება ლუკა ქალს, და პასუხზე, კამა, ოხშრახუში, ქინძი მაქვსო, ამატებს: „მუხუდო? დროა მუხუდოს დაკონსერვებაც ისწავლო!“

ფილმის გმირი, რომელიც ამ სცენაში მუხუდოზე ლაპარაკობს, გარეგნულად აშკარად ჰგავს ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს. ფილმს ჰქვია „ბატკას ბედნიერება“ - ამ სათაურს მოგვიანებით დავუბრუნდებით. რაც შეეხება სიუჟეტს, ის კოლმეურნეობის თავმჯდომარის (ლუკაშენკოს ორეულის) ეროტიკული თავგადასავლების გარშემო ვითარდება. დაინტერესებული პირები ფილმის ნახვას წელსვე, მოგვიანებით შეძლებენ, ინტერნეტში.

იყო დრო, როცა რუსეთის ლიდერები ახლო მოკავშირედ მიიჩნევდნენ ალექსანდრ ლუკაშენკოს, მაგრამ ახლანდელ ურთიერთობებს მოკავშირეობისა და მეგობრობის არაფერი ეტყობა. საკმარისია გავიხსენოთ უთანხმოება გაზის ფასის გარშემო ან ბელორუსიიდან რუსეთში რძის ნაწარმის იმპორტის შეზღუდვა. ორი ქვეყნის ლიდერთა დაპირისპირებამ ერთგვარ კულმინაციას მიაღწია რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები დოკუმენტური ფილმებით, უფრო სწორად, პამფლეტებით, რომლებიც უხეში სატელევიზიო პროპაგანდის მართლაც შთამბეჭდავი ნიმუშებია და „ნათლია“ („Крестный батька“) ჰქვია. ფილმების ამ სერიას, როგორც ჩანს, სწორედ „ბატკას ბედნიერება“ დააგვირგვინებს.
ალექსანდრ ვალოვი

ფილმზე მუშაობს რეჟისორი ალექსანდრ ვალოვი, 2005 წელს გადაღებული „იულიას“ ავტორი. „იულიაში“ მოქმედება იულია ტიმოშენკოსთან და მიხეილ სააკაშვილთან მსგავსებით გამორჩეული წყვილის გარშემო ვითარდება - რასაკვირველია, ეროტიკული მიმართულებით. პრინციპი ნათელია: „იულიას“, ისევე როგორც „ბატკას ბედნიერების“ მეშვეობით ეროტიკული გაშარჟების ობიექტები ხდებიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც კრემლს გულზე არ ეხატება. ამ დროს, ფილმების ავტორი ირწმუნება, რომ კრემლის დავალებას არ ასრულებს, რომ მისთვის მთავარია, ფული გააკეთოს. თუმცა ვალოვი არც პატრიოტულ გრძნობებს უარყოფს: „იდიოტი ხომ არა ვარ?! გარკვეულწილად საკუთარი ქვეყნის პატრიოტიც ვარ. პატრიოტი რომ არ ვიყო, ალბათ პირველ ფილმს პუტინზე გადავიღებდი, ან მედვედევზე. თუმცა, ვერ ვხედავ რაიმე მკრეხელობას იმაში, რომ გადაიღო ასეთივე კინოეპოპეები, რომლებიც ჩვენს ლიდერებს უკავშირდება. მაგრამ მე, როგორც რეჟისორს, ცოტა განსხვავებული ხედვა მაქვს. მაგალითად, დიდად ვერ წარმომიდგენია იგივე პუტინი ლოგინში, იმიტომ რომ არ არის აქ ასეთი დიდი რომანები“, ამბობს ვალოვი.

ის პირველი არ არის, ვინც კრემლის მტერთა დისკრედიტაციის სამსახურში აყენებს პორნოგრაფიას: 1999 წელს რუსეთის ტელევიზიით ხშირად ნახავდით ვიდეოფილმს, რომელიც ორი მეძავის საზოგადოებაში აჩვენებდა იური სკურატოვის - მაშინდელ გენერალური პროკურორის - გარეგნობის მამაკაცს. კონტექსტი: რუსეთის ლიდერები სკურატოვს განაწყენებული ჰყავდა კრემლში კორუფციის გამოძიებით.

„ბატკას ბედნიერების“ ავტორი ამაყობს იმით, რომ რუსეთში ახალი კინომიმდინარეობა ჩაისახა: „თუ კოსმოსში პირველები ვართ“, - ამბობს ვალოვი, - „ასევე პირველები აღმოვჩნდით ასეთ კინომიმდინარეობაშიც. პრინციპში, პირველებმა შევქმენით ეროტიკული კიჩი. სხვა კინორეჟისორებმა ამის კეთება უკვე მერე დაიწყეს.“

ვალოვის ქმნილებაში, ლუკაშენკას განსასახირებლად შეარჩიეს მძღოლი, რომელიც შემთხვევით იპოვეს ღამის კლუბში. როგორც ვალოვი ამბობს, „ლუკაშენკოსნაირი ან სააკაშვილისნაირი სახეების პოვნა არც ისე ძნელია. ჩვეულებრივი, გავრცელებული ტიპის სახეებია, რომლებსაც ჩვენში, მოსკოვის ბაზრებში შეხვდები. ამდენად, მათ მოძებნაში რაიმე სირთულეს ვერ ვხედავ. ეს უფრო ძნელი იყო ტიმოშენკოს შემთხვევაში. მაინც ლედია! ძალიან ლამაზია, სექსუალური. ამ პოლიტიკური ლიდერების სახეები კი უფრო პროლეტარულია. არავითარი ინტელექტუალური გამომეტყველება არ არის არც სააკაშვილის, არც ლუკაშენკოს სახეზე. ამ მხრივ დიდი შრომა არ დაგვჭირვებია. საკმარისი იყო თუნდაც მოსკოვის მეტროში ჩასვლა. დილას, როცა ხალხი სამსახურში მიდის, ასეთ სახეს ბევრს ნახავ.“

რეჟისორმა, რომელსაც სააკაშვილისა და ლუკაშენკოს გარდა, როგორც თავადაც აღნიშნა, არც მოსკოვის ბაზრებსა და მეტროში ნანახ მოქალაქეებზე აქვს მაინცდამაინც სახარბიელო წარმოდგენა, ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო „ბატკას ბედნიერების“ გადაღება, მაგრამ მინსკსა და მოსკოვს შორის თბილი ურთიერთობის გამო ფილმის გამოშვებას მოერიდა. ახლა ვითარება შეიცვალა: ლუკაშენკოს კრიტიკას პოლიტიკური კონიუნქტურა გამოუჩნდა და ფილმის ავტორს, ბუნებრივია, ფულის შოვნის იმედიც აქვს - როგორც ეს წინა ნამუშევრის, „იულიას“ შემთხვევაში შეძლო.

ვალოვს ნაკლებად ადარდებს, გაანაწყენებს თუ არა ვინმეს მინსკში ეროტიკული კიჩის გმირად ბელორუსიის ლიდერის გამოყვანით: „მე ხომ ბელორუსიაში არა ვარ!“ - აცხადებს რეჟისორი. – „როგორ გგონიათ, ლუკაშენკო მოსკოვში მარტო ჩემი გულისთვის ჩამოვა? ისე, წაკითხული მაქვს სტატიები, რომ ათი წლით პატიმრობა მომიმზადეს, თუ ბელორუსიის ტერიტორიაზე აღმოვჩნდი. მაგრამ ბელორუსიაში ბოლოს 70-იან წლებში ვიყავი.“

ვალოვი ჯერჯერობით არ აპირებს იქ დაბრუნებას. მისი შემდეგი პროექტი კი საფრანგეთს უკავშირდება - საფრანგეთის პრეზიდენტის ვნებებს. ტანმორჩილი რეჟისორი და პროდიუსერი თავად აპირებს ნიკოლა სარკოზის განსახიერებას...
XS
SM
MD
LG