Accessibility links

logo-print

პასტორი ჯოუნსი: "მაინც დავწვავ"

  • ნიკო ნერგაძე

პასტორი ტერი ჯოუნსი

პასტორი ტერი ჯოუნსი

მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ასევე ვატიკანიც მოუწოდებს ფლორიდის ქალაქ გეინსვილის პასტორს ჯოუნსს უარი თქვას გეგმაზე, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების წლისთავზე ყურანი დაწვას. თუმცა პასტორი ჯოუნსი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.

ტერი ჯოუნსის გეგმამ შესაძლოა ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილი გამოიწვიოს, - თქვეს ამერიკელმა სარდლებმა. ყურანის დაწვა გამოიწვევს ანტიამერიკული ძალადობის ტალღას მთელ მსოფლიოში და შეასუსტებს ამერიკის პოზიციებს ავღანეთსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში, - ამბობენ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. გეინსვილის 50-კაციანი მრევლის ეკლესიის ქმედებებს, უამრავი ავტორიტეტიანი ადამიანის აზრით, სავალალო და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. მიუხედავად ამისა, პასტორი ჯოუნსი აპირებს მიჰყვეს გეგმას და შაბათს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავზე, ყურანის წიგნები დაწვას. მან თქვა:
„როგორც თავადაც წარმოიდგენდით, ჩვენზე ხორციელდება უზარმაზარი ზეწოლა, რომ გავაუქმოთ ღონისძიება. ამ დროისათვის ჩვენ გაუქმებას არ ვაპირებთ.“
ჯოუნსი ამბობს, რომ ბოლო დღეებში ბევრმა გამოხატა მისი მხარდაჭერა, თუმცა იყო ასევე არაერთი სატელეფონო ზარი და წერილი სხვადასხვა ოფიციალური პირებისგან, რომლებიც მას გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.

ჯოუნსის გეგმა დაგმეს ამერიკის სრულიად განსხვავებულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა. ამერიკის პრეზიდენტმა ტელეკომპანია ეიბისათვის მიცემულ ინტერვიუში მას სახიფათო ტრიუკი უწოდა. ობამასთან დაპირისპირებული კონსერვატიული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა, სარა პეილინმა, რომელიც თავადაც მოიაზრება ბევრის მიერ როგორც რადიკალურად განწყობილი ქრისტიანი, ფეისბუკის მეშვეობით განაცხადა, რომ ეს აქტი გამოჩნდება, როგორც მხოლოდ „ბოროტი განზრახვის რელიგიური შეუწყნარებლობა“.

ამერიკის ლიდერები ცდილობენ ყველანაირად გაუსვან ხაზი, რომ პასტორი ჯოუნსი მხოლოდ ამერიკის ძალიან მცირე ჯგუფის აზრს გამოხატავს. ამის შესახებ ილაპარაკა ოთხშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

მაინც რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ერთ-ერთი, აქამდე, ფაქტობრივად, ყველასთვის უცნობი ეკლესიის ქმედებამ, რომელიც უკვე დაგმო ამერიკის პოლიტიკური და რელიგიური თითქმის ყველანაირი ჯგუფის ლიდერმა? ამაზე პასუხს იძლევა ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც ამერიკისა და ნატოს ჯარების სარდალია ავღანეთში:
„ის მუდმივად დარჩება ინტერნეტში, მას ვადა არასოდეს გაუვა და მუდამ იქნება გამოყენებული მათ მიერ, ვისაც სურს ძალადობა და საზოგადოებრივი აზრის შექმნა ჩვენ წინააღმდეგ და წინააღმდეგ ჩვენი მისიისა ავღანეთში და, ეჭვგარეშეა, მთელ მსოფლიოშიც.“
XS
SM
MD
LG