Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ გამოქვეყნდა. თვითმმართველობის არჩევნებზე, ეუთოს ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა, - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნები პროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ ჩაატარა.

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შეფასებაში, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ეკუთვნის, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალისხმევა არ დაიშურეს პრაქტიკულად მოეგვარებინათ პრობლემები, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, წინა არჩევნებში გამოვლენილი საზოგადოების ნდობის ხარისხი მაინც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა. იმ ზოგად პრობლემებს შორის კი, რომლებიც არჩევნებისადმი საზოგადოების უნდობლობას განაპირობებს, ეუთომ რამდენიმე გამოკვეთა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი განმარტავს:

”ძირითადად მითითება ხდება საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებსა და კანონის პრაქტიკული გამოყენების ნაკლოვანებებზე, იმაზე, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს არჩევნებში თანაბარი კონკურენტული საშუალებები. ამ ორი ძირითადი მიმართულებით მოგვიწევს, თავის მხრივ, მუშაობა, რომელსაც მრავალი ასპექტი აქვს და რომელიც ცალკე განხილვის თემა შეიძლება იყოს.”

ერთ-ერთი ცალკე ასპექტი, როგორც ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, მომავალში შეიძლება გახდეს, მაგალითად, საარჩევნო დავები, რომელზეც დასკვნაში ნათქვამია, რომ საჩივრებისა და განცხადებების რეგულირების პროცედურული პირობები როგორც მომჩივანებს, ისე საარჩევნო კომისიებს შორის ხშირად ნაკლებად გასაგები იყო. შესაბამისად, პროცედურებისა და კომპეტენციების გაურკვევლობამ, საჩივრების არათანაბარი პირობებით განხილვის თვალსაზრისით, საარჩევნო კომისიებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. დასკვნა მიუთითებს ასევე საარჩევნო კამპანიის ისეთ დარღვევაზე, როგორიცაა სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის, ასევე საჯარო პირების ოფიციალური და პარტიული ფუნქციების პრაქტიკული გაუმიჯნაობა.

”ეუთოს დასკვნა საარჩევნო პროცესის მრავალ პოზიტიურ ასპექტს გამოკვეთს, თუმცა მნიშვნელოვანია ის შენიშვნებიც, რომლებიც ამ პროცესის ცალკეული ხარვეზების მიმართ გამოითქვა. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ვიმუშაოთ ეუთოსთან, რათა მომავალი 2012, 2013 და 2014 წლების არჩევნები უფრო უკეთ და გამართულად ჩატარდეს. არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში უკვე გასული პროცესის პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორებაა საჭირო”, - გვითხრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნერმინ ნიშიჩმა.

აქვე შევნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრეთა შორის არ იყვნენ თავად ეუთოს წარგზავნილები.

”ეუთოს მისია საქართველოში უკვე რამდენიმე ხანია აღარ არსებობს. სადამკვირვებლო მისია კი, რომელიც არჩევნების პერიოდში ჩამოდის ხოლმე, არჩევნების დასრულებიდან ერთ თვეში იხურება. საბოლოო ანგარიშს, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ისინი ელექტრონული ფორმით აქვეყნებენ საკუთარ ვებ-გვერდზე და სწორედ ეს გამოიყენა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და წარმოადგინა დღეს დამსწრე საზოგადოებისათვის.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ჯული გიორგაძის განმარტებით, ოქტომბერში თბილისში ეუთოს წარმომადგენელთა ვიზიტი იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში სწორედ სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები განიხილება. რაც შეეხება პოზიტივს, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროგრესულობის ნიშნები ეუთომ ძირითადად ისეთ პროცესებში დაინახა, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესებისათვის გაწეული ღონისძიებები, მათ შორის სიების აუდიტი პარტიების მიერ, კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესის არადისკრიმინაციულობა, საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების ოპოზიციის რიგებიდან წარდგენა, ხმის მიცემის პროცესის ძირითადად დარღვევების გარეშე წარმართვა, განსხვავებით ხმების დათვლის პროცესისაგან და სხვ. ანგარიშში საგანგებოდ აღინიშნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბალანსირებული სურათი:

” ხაზგასმულია, რომ ყველა იმ მაუწყებელს შორის, რომელზეც მიმდინარეობდა მონიტორინგი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები აშკარად გამოირჩეოდნენ დაბალანსებულობით, ინფორმაციის სისავსით და მიუკერძოებლობით. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მაღალი შეფასება.”

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ისურვებდა, ეს შეხედულება მომავალში საზოგადოების მიერაც აღმოჩნდეს გაზიარებული. ეუთოს დასკვნის თანახმად კი, არჩევნების დროს ზოგადად გამოვლინდა ის, რომ საქართველოში მედია პოლიტიკური შეხედულებების მიხედვითაა დაყოფილი და მფლობელების ძლიერ გავლენას განიცდის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG