Accessibility links

logo-print

მთელი მსოფლიო უყურებს „სასწაულს“ ჩილეში


ფლორენსიო ავალოსი (მარცხნივ), კაფსულა "ფენიქსით" გადარჩენილი პირველი ჩილელი მაღაროელი, ერთ-ერთ მაშველს ეხვევა

ფლორენსიო ავალოსი (მარცხნივ), კაფსულა "ფენიქსით" გადარჩენილი პირველი ჩილელი მაღაროელი, ერთ-ერთ მაშველს ეხვევა

ჩილეში წარმატებით მიმდინარეობს მაღაროელთა გადარჩენის ოპერაცია. შეგახსენებთ, რომ 33 მამაკაცი ორ თვეზე მეტი ხანი - 69 დღე იყო გამოკეტილი ოქროსა და სპილენძის მაღაროში, რომელიც ჩრდილოეთ ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარეობს. 5 აგვისტოს მოხდა ავარია მაღაროში, რის შემდეგაც იქ მყოფმა ხალხმა გამოსვლა ვერ შეძლო - სამშაბათს ღამით დაწყებულ სამაშველო ოპერაციამდე.

მსოფლიო მედია, ნაწილობრივ, პირდაპირ ეთერში აშუქებს, როგორ ამოჰყავთ მაღაროში ორ თვეზე მეტხანს გამოკეტილი 33 მამაკაცი დედამიწის ზედაპირზე, სადაც მათ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ერთად - მაშველები და ექიმები, ჩილეს პრეზიდენტი და ასობით ჟურნალისტი ელოდებიან.

ფლორენსიო ავალოსი პირველი იყო, ვინც სამაშველო ოპერაციისთვის დამზადებული საგანგებო კაფსულით, „ფენიქსით“ ამოიყვანეს 650-მდე მეტრის სიღრმიდან. ხოლო მისმა ამოყვანამ (ადგილობრივი დროით შუაღამეს, ანუ, თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს, დილის შვიდისთვის) ცხადყო, რომ შესაძლებელი იყო განხორციელება გეგმისა, რომელსაც დიდხანს და გულდასმით ამზადებდნენ მიწისქვეშეთში გამოკეტილი მაღაროელების გადასარჩენად.

ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა კაფსულა „ფენიქსთან“ იდგა, როცა იქიდან ფლორენსიო ავალოსმა გადმოაბიჯა: „ფლორენსიომ ჩემთან საუბარში გამოხატა მადლიერება, რომელსაც ის და მისი კოლეგები გრძნობდნენ 69 დღე გამოკეტილი ყოფნისას - მადლიერება ჩილეს, ჩილელების მიმართ. ისინი პირველივე მომენტიდან გრძნობდნენ, რომ მარტო არ იყვნენ. მათ ესმოდათ ჩვენი სიტყვები, ჩვენი მზადყოფნა, გაგვეკეთებინა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია ადამიანისთვის“, - განაცხადა ჩილეს პრეზიდენტმა.

ხალხის ამოყვანას მაღაროდან, რომელიც ჩრდილოეთ ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარეობს, ბევრი უკვე უწოდებს „სასწაულს“... თუმცა, ჯერ კიდევ რჩება დრო ოპერაციის წარმატებით დასრულებამდე. მაღაროელები ცალ-ცალკე ამოჰყავთ საგანგებოდ ამოთხრილი ვიწრო შახტის მეშვეობით. მთელი პროცესი, ოფიციალური პირების ვარაუდით, ორ დღემდე გასტანს.

მარიო საპულვედამ - მეორე მაღაროელმა, რომელიც დედამიწის ზედაპირზე ამოიყვანეს - ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ განსაცდელმა ღმერთის რწმენა განუმტკიცა და თან მომხდარი მიაჩნია შანსად მაღაროელთა შრომის პირობების გასაუმჯობესებლად ჩილეში და მთელს მსოფლიოშიც.

„ჩემი რწმენით, თუ ცხოვრებაში გაქვს შესაძლებლობა, გამოიარო ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, კიდევ ბევრ რამეს გაუძლებ... მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი რამ გადამხდა, რადგან მჯერა, რომ ეს არის მომენტი, როცა რაღაც შეიძლება შეიცვალოს; მჯერა, ამ ქვეყანაში გააცნობიერებენ, რომ ეს არის მომენტი, როცა ცვლილება უნდა მოხდეს. ბევრია რეფორმა, რომლებიც შრომის ბაზარზე უნდა განხორციელდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს ჩილეში გადარჩენილმა ერთ-ერთმა მაღაროელმა, მარიო საპულვედამ. პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ კი პირობა დადო, რომ არასოდეს დაივიწყებენ გაკვეთილს, რომელიც მაღაროში მომხდარმა ამ ავარიამ ასწავლა ყველას.

მაღაროელებმა, ჩილეს პრეზიდენტის სიტყვებით, აჩვენეს, რომ, „როცა ჩილე ერთიანდება - და ამას ყოველთვის ვახერხებთ, ძნელბედობის ჟამს - დიდი საქმის გაკეთება შეგვიძლია, და ქვეყნის სული ყველაზე მეტად სწორედ ძნელბედობის ჟამს ანათებს“.

სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. 69 დღის მანძილზე გამოკეტილ მაღაროელებს საგანგებო საკომუნიკაციო შახტებით ამარაგებდნენ, სანამ მიმდინარეობდა სამაშველო შახტისა და კაფსულის დასამზადებელი სამუშაოები. ამასობაში კი ჩილელმა მაღაროელებმა რეკორდი მოსხნეს: მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდხანს გაძლეს მიწისქვეშეთში, მაღაროში ავარიის შემდეგ.
XS
SM
MD
LG