Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერ ნარეკ კუშიანი - მღვდელი


31 ოქტომბერი, კვირა
კვირა დაიწყო ისე, როგორც ყოველი კვირა: ეს დღე არის ლოცვის, წირვის, და იწყება იმით, რომ დილით ეკლესიაში მოვდივართ. ვიწყებთ ლოცვით, რომელიც ერთი საათი გრძელდება. მერე, სანამ წირვისთვის ყველაფერს მოვამზადებთ, ცოტა დრო რჩება. წირვაზე ჩემი დღე იყო. წირვის დასასრულს მრევლთან შეხვედრა და ფილმის ჩვენება მოვაწყვეთ. შაბათს ეჩმიაძინიდან ჩამოვიდა სასულიერო პირი და ჩამოიტანა ახალი ფილმი სახელწოდებით „არარატიდან სიონამდე“. მერე იყო შეხვედრა ახალგაზრდებთან, ათას რამეზე ვილაპარაკეთ.

საღამოს, სახლში რომ წავედი, ჩვენთან სტუმრები იყვნენ ახალციხიდან. ერთი 70 წლის კაცი იყო, ჩემი ნათესავი, რომელიც ახალციხიდან ჩამოვიდა თვალზე ოპერაციის გასაკეთებლად. ვისხედით და ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რატომ აქვთ ადამიანებს პრობლემები. „აი, მე 70 წლის ვარ და რატომ მოხდა ასეთი რამ? ცუდს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდებაო...“ - ვფიქრობდი, რა ვთქვა... რაც ხდება თქვენთან ცუდი, დიდი თუ პატარა პრობლემები, ამაში ღმერთის ნებას ნუ ეძებთ-მეთქი. ღმერთი მარტო სიყვარულია და მარტო ნათელია. ყველაფერი, რაც მოდის, შეიძლება ჩვენი არასწორი ცხოვრებიდან მოდის და არა მხოლოდ ახლანდლიდან; შეიძლება, ეს პატარა პრობლემა მხოლოდ იმისათვის არის, რომ ჩვენ ღმერთთან დავბრუნდეთ; ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი...

1 ნოემბერი, ორშაბათი
ძალიან ადვილი დღე იყო. საერთოდ, ორშაბათს ეკლესიაში ცოტა მრევლი მოდის. ყველა კვირას მოდის. ორშაბათი კვირის დასაწყისია და, ალბათ, ყველას თავისი საქმე აქვს.

წირვას დღეში სამჯერ ვატარებთ. ხალხი ცოტა იყო, მაგრამ დღის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. პირველი ის იყო, რომ მქონდა რუსეთიდან მიღებული რაღაც წერილები, რომლებიც ხიმშელებმა დაწერეს. ესენი არიან სომხები, რომლებმაც მუსლიმანობა მიიღეს. სომხები მაგათზე ამბობენ „ჰამშა ჰაიერ“. მწერდნენ, რომ არიან მუსლიმანები და ახლა ფიქრობენ, რა გააკეთონ, რომ ქრისტიანობა მიიღონ. მე მეგობარი მყავს, რომელიც პიატიგორსკში მსახურობს, ისიც ხიმშელია, მაგრამ მღვდელია; მისი მისამართი გავუგზავნე, რომ დაურეკონ, ან წავიდნენ, შეხვდნენ და გაარკვიონ, ეს როგორ გააკეთონ.

ორშაბათი ის დღეა, როდესაც შემიძლია, უფრო მეტი დრო გავატარო წიგნთან და კომპიუტერთან. საღამოს წავედი სახლში. ინტერნეტით კიდევ სამუშაო მქონდა. ოთხშაბათ-ხუთშაბათს სომხეთში უნდა წავიდე და რაღაცის გამზადება მჭირდებოდა.

2 ნოემბერი, სამშაბათი
დილით მივედით ეკლესიაში. ლოცვის მერე იყო ნათლობა. არ მახსოვს, რუსეთის რომელი ქალაქიდან ჩამოვიდნენ, თბილისელები არიან, მაგრამ ახლა იქ ცხოვრობენ. თბილისში მოსანათლად ჩამოვიდნენ.

ჩავატარეთ ნათლობა და მერე, საღამოს, სახლში წავედი. ვფიქრობდი, ყველაფერი მომემზადებინა, რომ მეორე დილით სომხეთში წავსულიყავი.

3 ნოემბერი, ოთხშაბათი

6 საათზე გავედი თბილისიდან. დრო იყო... ბევრ რამეზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ უნდა შევხვდე ჩემს დეიდაშვილს, რომელიც ბოლოს 1997 წელს, მოსკოვში ვნახე. 13 წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით მარტო ტელეფონით, ან კომპიუტერით - სკაიპით: 21-ე საუკუნეა! შევხვდით...

დრო გავიდა, მაგრამ ადამიანი არ შეცვლილა. კი, უკვე დაახლოებით 40 წლის არის; კი, უკვე თეთრი თმა აქვს, მაგრამ იგივე კაცი იყო, თუმცა - უფრო ბრძენი. სომხეთში კი იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩემი დეიდაშვილი ერთი მოკრივის სპონსორი გახდა; ეს არის მიხაილ მალიუტინი, რომელმაც სამი თვის წინ ამერიკაში ჩემპიონის ქამარი მოიგო. ახლა მოკრივეები სხვადასხვა ქვეყნიდან უნდა ჩამოვიდნენ და შეხვედრები გამართონ ერევანში. როცა საუბარი დავიწყეთ, გაირკვა, რომ ეს ადამიანი გვარად მალიუტინია, მაგრამ დედამისი ყარაბაღელი სომეხია. ლაპარაკი გაგრძელდა და გავიგეთ, რომ სახლში ვისთანაც ვიყავით, მისი ახლობელი არის მიხაილის ბიძა. თვითონ ცხოვრობდა ბაქოში, მერე - კისლოვოდსკში.

ერთად წავედით ეჩმიაძინის მონასტერში, ერთად წავედით იმ ადგილებში, სადაც სომხური სული იყო...

მისი წუხილი იყო, რომ ძალის ჩვენება უწევს. ლაპარაკობდა თავის სიძლიერეზე, რინგზე და ღმერთთან სიახლოვეზე. „ჩემი აზრით“, - ამბობდა მიშა - „არა აქვს მნიშვნელობა, მოკრივე ხარ თუ სასულიერო პირი, სულში უნდა გქონდეს ისეთი რაღაც, რაც მარადიულია“... ამაზე იყო ლაპარაკი, როცა ეჩმიაძინის მონასტრის ტერიტორიაზე დავდიოდით, ამაზე ვფიქრობდით, როცა არარატი დაინახა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩვენ - ჩემი ბიზნესმენი დეიდაშვილი, მე - სასულიერი პირი - და მოკრივე მიშა - ვფიქრობდით და ვლაპარაკობდით ერთ რაღაცაზე: იმაზე, რაც ყველაზე ძვირფასია - ურთიერთობა, სიყვარული და ნათელი...

4 ნოემბერი, ხუთშაბათი
დილით წავედით ტელევიზიაში. ერევანში არის ტელეარხი „არმენია“. იქ მიიწვიეს, რადგან ჩამოვიდა ჩემპიონი, რომლის დედაც ყარაბაღელი სომეხია. წარმოადგინეს ის ქამარი, რომელიც ამერიკაში მოიგო და ერევანში ჩამოიტანა.

ბევრი საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ფიქრობს თვითონ: სომეხია თუ რუსია? ბუნებრივია, რუსია, მაგრამ საინტერესოა, რომ ის ახლა ცხოვრობს დედასთან და ბებია-ბაბუასთან, რომლებიც სომხები არიან; სომხებს კი ძალიან უყვართ, როცა სომხებზე საუბრობენ...

მერე წავედით ახალ ეკლესიაში, რომელიც ერევანში ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე ააშენეს. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარი იყო ის, თუ რა გავაკეთოთ ჩვენ, სხვადასხვა პროფესიიის წარმომადგენლებმა, რომ ცხოვრება ღირსეულად გავატაროთ. ასეთი საუბრები გრძელდებოდა, როცა გავიგეთ, რომ უკვე ძალიან გვიანაა: დილის ოთხი საათი იყო და ერთ საათში აეროპორტში უნდა წავსულიყავით.

5 ნოემბერი, პარასკევი
მიშა დილით, ადრე, რუსეთში გაფრინდა, მაგრამ ძალიან ლამაზი და თბილი მოგონებები დარჩა. მერე ჩვენ - მე, ჩემი დეიდაშვილი, მისი და (მეორე დეიდაშვილი), ჩემი ნათლია - ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რა არის, საერთოდ, ცხოვრება. ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის: აი, რამდენიმე საათის მერე ჩემი ძმაც უნდა წავიდეს მოსკოვში. მე თბილისში უნდა დავბრუნდე.

ხუთნი ვიყავით და ცხადი იყო, რომ დარჩა ის, რაც ჩვენთვის ღირებული იყო - რა გავაკეთეთ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში? უბრალოდ, ერთად ვიყავით! მივიღეთ ის, რაც 13 წლის განმავლობაში გვჭირდებოდა. ალბათ, ეკლესიაშიც იგივე ხდება: როცა ლაპარაკობ ღმერთზე, ერთია; როცა ლაპარაკობ ღმერთთან, სხვა რამეა და როცა რჩები ეკლესიაში, არ ლაპარაკობ, უბრალოდ, უსმენ, რას ამბობს ღმერთი - ეს სულ სხვა რაღაცაა!

თბილისში გვიან ჩამოვედი...

6 ნოემბერი, შაბათი
დილით ეკლესიაში წავედი. დღეს ჩვენს ეკლესიაში დღესასწაულია...

გუშინ, ერევნიდან რომ მოვდიოდი, გზაში ფიქრისთვის დაახლოებით 6 საათი მქონდა. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი იყო ადრე ჩვენი ცხოვრება და როგორია დღეს. მე, ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ნათლია ახალციხელები ვართ, იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. დეიდაჩემი და ნათლიაჩემი ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ... ლაპარაკობდნენ: „გახსოვს? ფეხბურთს ვთამაშობდით... გახსოვს? იმას ვაკეთებდით, ამას ვაკეთებდით... 10-15 წელი გავიდა და მერე რა გავაკეთეთ?.. რა გზა გავიარეთ და ჩვენი რა დარჩა?.. რა და, ახალციხეში გატარებული ბავშვობა! მერე ყველა თავისი გზით წავიდა.

მახსოვს მეზობლები... ყველა გავიხსენეთ იმ ღამით, როცა 5 საათამდე ვლაპარაკობდით.

მეც მახსოვს... თუმცა იმ ქუჩაზე არ გავზრდილვარ, მაგრამ იქ დავდიოდი. ახლა კი ვხედავ: კი, ცუდი ცხოვრება არ არის: ვიღაცას თავისი ბიზნესი აქვს, ვიღაცას - სახელი, მაგრამ ის, რაც იქ დარჩა, ყველაზე ძვირფასი იყო...

ასე ვამბობდით: „გახსოვს ალიკა?“ „კი, ახლა სანკტ-პეტერბურგშია“; „გახსოვს მერაბა?“ „კი, ახლა ისრაელშია“; „გახსოვს ვიღაცა?“ „კანადაშია...“ და... ჩვენ ახლა აქ ვართ და ვართ ბედნიერები იმიტომ, რომ ერთად ვართ...

იცით, რას აკეთებდნენ? ერთი დარეკავდა ტელეფონით და მეორეს ეუბნებოდა, სიურპრიზი მაქვს, მოდი, აბა, თუ გამოიცნობ, ვინ გელაპარაკებაო?.. მე, როგორც სასულიერი პირი, ვიჯექი და ვფიქრობდი: ამ შეხვედრაში, სინამდვილეში, არც ლოცვა იყო და არც ღმერთის სახელით ლაპარაკი, მაგრამ იყო იმდენი სიყვარული და იმდენი სითბო, რომ იქ ზუსტადაც ღმერთი იყო... ეს არის მთავარი!

დღეს მთავარანგელოზების - გაბრიელისა და მიქაელის - დღესასწაული იყო. ეკლესიაში წირვა ჩავატარეთ. ალბათ, ჩვენი ანგელოზები გვმფარველობენ და მათი ლოცვით და მათი ნებით ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. როცა ვიღაც სხვას ხვდები, როცა ადამიანს პირველად ხედავ და მასთან ლაპარაკი, ურთიერთობა შეიძლება, მე მგონი, იქაც ღმერთი არის...

დღეს რომ აქ ვარ, ესეც ღმერთის ნებაა.

მინდა, მადლობა ვუთხრა რადიო თავისუფლებას, რომ საშუალება მომცა, ჩემი ქართული ენით (არ ვიცი, როგორია - კარგია, ცუდია თუ საშუალო) გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ, რასაც დღის განმავლობაში ვხედავ...
XS
SM
MD
LG