Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები მთავრობაში


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა
დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობაში საკადრო გადაადგილებათა შესახებ. ცვლილებების მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია დაინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად და პრეზიდენტის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში; მან ეკა ტყეშელაშვილი შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრად და, შესაბამისად, ვიცე-პრემიერად დაინიშნა; ხოლო რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეერთებულ შტატებში ელჩად დანიშვნის საკითხით პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა.

მთავრობაში საკადრო ცვლილებები საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა გააცნო:

”პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ, პრემიერის ბრძანებით, სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ეკა ტყეშელაშვილი. ამავდროულად, ის შეასრულებს მთავრობის ვიცე-პრემიერის მოვალეობას. ეს ინფორმაცია უკვე დევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე. თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა პარლამენტში არის წარდგენილი თანხმობის მისაღებად და აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მის დასანიშნად. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ცნობილია ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია დაინიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ უშიშროების საკითხებში და, ამავდროულად, უშიშროების საბჭოს მდივნად”.

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაში მედიასივრცეში გახმაურდა, ოფიციალურად კი მხოლოდ დღეს დადასტურდა. ამჟამად ყველა ის თანამდებობის პირი, რომელთაც საკადრო ცვლილება შეეხო, ლისაბონში ნატოს სამიტზე იმყოფება.

ცვლილებების შინაარსის ანალიზისას კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებასთან რამდენიმე ვარაუდი გამოთქვა. ერთ-ერთი შეეხებოდა იმას, თუ რამდენად შეიძლება შეცვალოს თემურ იაკობაშვილის, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის, თანამდებობიდან წასვლამ პოლიტიკა, რომელიც კონფლიქტური რეგიონების მიმართ არსებობს. შეგახსენებთ, რომ სწორედ თემურ იაკობაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის კონცეფციისა:

”იაკობაშვილი გავლენიანი ფიგურა იყო და ჭკუა მოეკითხებოდა და ის ალბათ იმიტომ გაუშვეს თანამდებობიდან, რომ შსს-ს მოუსუფთავდეს მოედანი და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და ეკა ტყეშელაშვილი ყველაზე კარგი კანდიდატია, რადგან ის ხელს არავის შეუშლის გადაწყვეტილებების მიღებაში, კონფლიქტურ რეგიონებში საკუთარი საქმეები აწარმოონ. მე მიმაჩნია, რომ ეკა ტყეშელაშვილის დანიშვნით რეინტეგრაციის სამინისტროს ფუნქციების ერთიორად შესუსტება ხდება”.

მეორე მხრივ, პაატა ზაქარეიშვილისვე შეფასებით, თემურ იაკობაშვილის შეერთებულ შტატებში ელჩად დანიშვნით ხელისუფლება ცდილობს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს რესპუბლიკურ პარტიას, რადგან საგულისხმოა ის, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, რესპუბლიკური პარტია კვლავ ძლიერდება შტატებში. აქედან გამომდინარე, თემურ იაკობაშვილს, როგორც რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატიულ ფრთასთან კარგი კონტაქტების მქონე პირს, შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სამომავლო ფორმირებაში წვლილი შეიტანოს.

ამ მოსაზრების პარალელურად, პაატა ზაქარეიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გადაყვანას უწოდებს მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, ”მოკვლის მცდელობას”, რადგან, მისი შეფასებით, უშიშროების საბჭოს მდივნობას საქართველოში ნაკლებ ქმედით თანამდებობად მიიჩნევენ; თანაც, შესაძლოა ამით გიგა ბოკერია ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორებული აღმოჩნდეს, როგორც შიდაპოლიტიკურ პროცესებზე მეტად ორიენტირებული პირი:

”თუ გიგა ბოკერია წამოვიდა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კლავენ ან ასუსტებენ მის პოზიციებს”.

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე განხორციელებულ ცვლილებებს პოზიტიურ ნაბიჯად განიხილავს და ამბობს, რომ შესაბამისი ფიგურები შესაბამის ადგილებზე დაინიშნენ:

”როგორც გუნდში ხდება გადაადგილება დაცვიდან ნახევარდაცვაში ან ნახევარდაცვიდან თავდასხმაში, ასე აღვიქვამ მე ამ გადაადგილებას, თუმცა ყველა ეს ფიგურა, ვისზეც ახლა ვსაუბრობთ, საკმაოდ ძლიერი ფიგურაა და პოლიტიკაში ასეთებად დარჩებიან ”.

ვასილ ჭყოიძისვე შეფასებით, განსაკუთრებული ტენდენციის ცვლილებები ამ გადაადგილებით არ მოხდება. პოლიტიკა, რომელიც აქამდე იყო ევროპული ქვეყნებისგან მხარდაჭერილი, იმავე კალაპოტში დარჩება.

საგულისხმოა, რომ სამთავრობო ცვლილებები ლისაბონში მიმდინარე ნატოს სამიტს დაემთხვა. ნატოს მინისტერიალს დაემთხვა საკადრო ცვლილება 2009 წლის დეკემბერშიც, როდესაც ეკა ტყეშელაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაატოვებინეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG