Accessibility links

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაძვირების შესახებ მთავრობის ინიციატივას საკრებულო ორ დღეში განიხილავს. სხდომა, სავარაუდოდ, ხმაურიანი იქნება, რადგან მთავრობის გადაწყვეტილება, მოქალაქეების გარდა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გულისწყრომასაც იწვევს. ამ დროისათვის პრაქტიკულად დასრულებულია ცვლილებების პროექტის საკრებულოს კომისიებში განხილვის პროცედურა. სხდომა 29 ნოემბრისთვის დაიგეგმა.

ცვლილება, რომელმაც მთავრობის ინიციატივა ნორმად უნდა აქციოს, ”რეგულირებად ეკონომიკურ სფეროში ტარიფის შესახებ” გადაწყვეტილებებში შედის. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნანუკა ზაქარეიშვილმა გვითხრა, იმ შემთხვევაში, თუ 29 ნოემბერს მთავრობის ინიციატივა საკრებულომ მოიწონა, გადაწყვეტილება 6 დეკემბრიდან ამოქმედდება.

”მე უფასოდ მაქვს, მაგრამ ვინც მარტო პენსიაზეა, რა ქნას. თორემ ვინც მუშაობს, იმისთვის არა უშავს. ვინც არ მუშაობს, იმისთვისაა პრობლემა”, - ამბობს თბილისის მოქალაქე ქალბატონი.

ტრანსპორტის ტარიფის გაძვირების პრობლემაზე თითქმის ყოველდღიურად ამახვილებენ ყურადღებას საკრებულოს წევრი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ შორის არიან ქრისტიან-დემოკრატები, რომელთა წარმომადგენლის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას შეფასებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდა მთლიანად ტრანსპორტით მომსახურების ფასის ზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, ქრისტიან-დემოკრატები ქალაქის მთავრობას ცვლილებების პროექტის გაწვევას და ძველი ტარიფის ძალაში დატოვებას სთხოვენ.

ჯაბა სამუშია, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლი თბილისის საკრებულოში.
”სამწუხაროდ, ფისკალური ეფექტი ამას არა აქვს. უარყოფითი ეფექტი აქვს. მაქსიმუმი თანხა, რომელიც შეიძლება ამოღებულ იქნეს, 4 მილიონი ლარია წლის განმავლობაში, რაც, ბუნებრივია, არ არის ის თანხა, რა უკურეაქციასაც ეს გამოიწვევს საზოგადოებისათვის. სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველგან ეძებს გარკვეულ მექანიზმებს, რომ თანხები მაქსიმალურად ამოიღოს მოსახლეობისგან.“

ტრანსპორტის გაძვირება არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ. მათი რაოდენობა კი, ვისზეც სატარიფო ცვლილება გავრცელდება, 450 000 ადამიანს შეადგენს. რა განაპირობებს ცვლილებების აუცილებლობას და რა მიზანს ისახავს მთავრობა? ამ შეკითხვით დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრს ლაშა იმედაშვილს მივმართეთ:

”მთავარი არგუმენტი არის მომსახურების გაუმჯობესება. ამაში იგულისხმება როგორც სერვისი, ასევე უსაფრთხოება და ბევრი სხვა რამ. ამ ჩამონათვალს და ზუსტ არგუმენტაციას ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, თქვენც მოისმენთ საკრებულოს სხდომაზე.”

ბარათით ვინც სარგებლობს, პირველ გადახდას იხდის მხოლოდ 50 თეთრს და როგორც იყო მანამდე, მომდევნო გადახდა არის 30 თეთრი, შემდეგი მგზავრობები კი - 20 თეთრი. ანუ გამოდის, რომ მხოლოდ პირველი მგზავრობა ხდება 50 თეთრი ...
მანამ კი, სანამ ეს სხდომა გაიმართება, - იგულისხმება 29 ნოემბრის სხდომა, -ლამის ერთი თვეა თბილისის სატრანსპორტო მომსახურების ეგრეთ წოდებული მოდერნიზება ძირითადად მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს:

”ახლა ნავთლუხის ბაზრობიდან მოვდივარ. ე.ი. 40 თეთრი ხომ გადავიხადე ბარათაშვილის ხიდამდე, მერე მოვედი აქამდე - კიდევ 40 თეთრი, ახლა სადგურზე უნდა გადავიდე, კიდევ 40 თეთრი. ეს რა წესია?”

საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან თბილისში ავტობუსების ხაზების რაოდენობა 125-დან 92-მდე შემცირდა. ამასთანავე, დამოკლდა რამდენიმე მარშრუტი. ბატონი რეზოს დანახარჯი, მაგალითად, სამი ტრანსპორტის გამოცვლის შემთხვევაში, 6 დეკემბრიდან, ალბათ, 30 თეთრით გაიზრდება. ანუ თუ მას დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად აქამდე ლარი და 20 თეთრი სჭირდებოდა, ახლა ლარ-ნახევრის დახარჯვა მოუწევს. თუმცა თბილისი მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ დიფერენცირებული მიდგომის უკვე მოქმედი მოდელი ბარათიანი და უბარათო მგზავრებისათვის დაწესებული შეღავათების შესახებ ძალაში რჩება.

”ბარათით ვინც სარგებლობს, პირველ გადახდას იხდის მხოლოდ 50 თეთრს და როგორც იყო მანამდე, მომდევნო გადახდა არის 30 თეთრი, შემდეგი მგზავრობები კი - 20 თეთრი. ანუ გამოდის, რომ მხოლოდ პირველი მგზავრობა ხდება 50 თეთრი, დანარჩენი ყველანაირი შეღავათები არის უცვლელი”, _ ამბობს ნანუკა ზაქარეიშვილი.
XS
SM
MD
LG