Accessibility links

რას შეცვლიდა საქართველოსთვის მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება?


სომხეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანი ხსენებული ტერიტორიის სამხედრო გზით დაბრუნებას შეეცდება. ასეთი პერსპექტივა ანალიტიკოსებისთვის საკმაოდ საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ბაქო მთიანი ყარაბაღის დაბრუნების ერთ-ერთ საშუალებად სწორედ სამხედრო გზას განიხილავს. რა შეიძლება შეცვალოს ასეთმა პერსპექტივამ საქართველოსთვის, რომლისთვისაც, საკუთარი პრობლემიდან გამომდინარე, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება-არაღიარების თემა მეტად აქტუალურია?..

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრეზიდენტმა განცხადება 10 დეკემბერს მოსკოვში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, გააკეთა. მართალია, სერჟ სარქსიანი 22-წლიანი სისხლიანი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას არჩევდა, მაგრამ სამომავლოდ არც სამხედრო მეთოდებს გამორიცხავს:

”სომხეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტას... და აზერბაიჯანის მხრიდან ახალი სამხედრო ავანტიურის შემთხვევაში, სომხეთს აღარ დარჩება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ დე იურედ აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოება ყველა საშუალებით უზრუნველყოს”.

სომხეთის პრეზიდენტის მიერ მთიანი ყარაბაღის მკვიდრთა უსაფრთხოების დაცვასთან მიმართებით ნახსენები ”ყველა საშუალება”, ბუნებრივია, სამხედრო ჩარევასაც გულისხმობს. ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში სომხეთს, უპირველეს ყოვლისა, მისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის - რუსეთის - იმედი აქვს. გავიხსენოთ, რომ, 20 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა რუსეთის გიუმრში მოქმედ სამხედრო ბაზას მანდატი 2044 წლამდე გაუგრძელა, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, ასევე 2044 წლამდე იტვირთა სომხეთის უსაფრთხოების დაცვაც. ეს კი, ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, რუსეთის აზერბაიჯანთან დაპირისპირებასაც ნიშნავს.

ანალიტიკოსების შეფასებით, რეგიონისთვის მეტად სახიფათო ამ სცენარში აზერბაიჯანის გვერდით ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი დადგება და არ არის გამორიცხული, რომ ირანმაც ასევე აზერბაიჯანის მხარე დაიკავოს. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ასეთ საშინელებამდე საქმე არ მივა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ რუსეთს ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ აზერბაიჯანთან დაპირისპირება ხელს არ აძლევს და, გარდა ამისა, არსებობს იმედი, რომ პროცესების მართვას საერთაშორისო თანამეგობრობაც მოახერხებს.

მაგრამ უკმაყოფილო აზერბაიჯანი არ მალავს, და ამ შინაარსის განცხადებები ხელისუფლების უმაღლეს დონეებზეც არაერთხელ გაკეთებულა, რომ ქვეყანა მთიანი ყარაბაღის დაბრუნების ერთ-ერთ გზად სწორედ სამხედრო გზას განიხილავს. ამ შინაარსის ერთ-ერთი ბოლო განცხადება აზერბაიჯანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერს ზიაფეტ ასკეროვს ეკუთვნის. 10 დეკემბერს მან თქვა, რომ ”საერთაშორისო კანონმდებლობით, აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები” და რომ, შესაბამისად, აზერბაიჯანის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე უნდა გადავიდეს. ასევე ითქვა ისიც, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე მომუშავე ეუთოს მინსკის ჯგუფი, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, დოკუმენტებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება და რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სომხეთზე ზემოქმედების მოხდენა ვერ მოახერხა.

დიახ, აზერბაიჯანი ხმამაღლა აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მისი ტერიტორიის 20 პროცენტი (კერძოდ, მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე 7 რაიონი) სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული და რომ ქვეყანა ამ ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად არც ომზე იტყვის უარს.

ამ ფონზე ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ერთ დღეს სომხეთმა მართლაც აღიაროს დამოუკიდებელ ქვეყნად მის მიერ კონტროლირებული მთიანი ყარაბაღი. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამგვარ სცენარში საქართველოსთვის სახიფათო პერსპექტივასაც ხედავს:

”აქ ჩვენთვის სახიფათო ის არის, რომ სომხეთი, იმისთვის, რომ ეს არ მიეწებოს ყარაბაღის თემას, ადგეს და მიაყოლოს და ყველა არაღიარებული აღიაროს, მათ შორის - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აი, ეს საფრთხე არის... მაგრამ ეს ნაბიჯები არა მგონია, რომ სომხეთის მიერ უშუალოდ საქართველოზე ორიენტაციით იყოს გადადგმული... უბრალოდ, შორეულ მომავალში შეიძლება საქართველოს სირთულეები შეუქმნას ამგვარმა პოლიტიკამ და სტრატეგიამ...”

რამაზ საყვარელიძისგან განსხვავებით, სომხეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პერსპექტივა არ წარმოუდგენია პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილს. ის ფიქრობს, რომ სომხეთი ამას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი იზოლაციის შიშით ვერ გააკეთებს:

”არ ვფიქრობ, რომ სომხეთი ამ ნაბიჯს გადადგამს იმ შემთხვევაშიც კი, დავუშვათ, რომ მან ყარაბაღი აღიაროს... საქართველო რეალურად არის ერთადერთი ქვეყანა, რომელზე ტრანზიტითაც მარაგდება სომხეთი, ამიტომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა სომხეთისთვის ყველა გზის მოჭრას ნიშნავს... ერთადერთი რჩება ირანი, რომელიც, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა პოზიციას დაიჭერს... ”

ასეა თუ ისე, ანალიტიკოსებს გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს სომხეთის პარლამენტის მიერ 8 დეკემბერს დაჩქარებული წესით მხარდაჭერილი ინიციატივა. საუბარია ცვლილებებზე კანონში ”საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ” და ეს ცვლილებები, სხვადასხვა ადგილობრივი წყაროს შეფასებებით, ამყარებს არაღიარებულ სუბიექტებთან სომხეთის ურთიერთობების კანონიერ ძალას. არის მოსაზრება, რომ ცვლილებები სამართლებრივი თვალსაზრისით ყველა არაღიარებულ სუბიექტს და, მათ შორის, მთიან ყარაბაღს სომხეთის სახელმწიფოსთან ათანაბრებს.
XS
SM
MD
LG