Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობა „ქორთიარდ მარიოტში“


”ქორთიარდ მარიოტი” თბილისში
”ქორთიარდ მარიოტი” თბილისში
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოენის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა გამოავლინეს. ის საქართველოს მოქალაქეა, არასრულწლოვანი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს.

საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოენის მკვლელობის ამბავი დღეს დილით გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს გაავრცელა, როგორც შსს-ს დეტექტივმა გრიგოლ ბესელიამ განაცხადა, ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია. მისი ვინაობის დადგენაში სამართალდამცავებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერიც დაეხმარა, რომელმაც ეჭვმიტანილი რამდენჯერმე დააფიქსირა.
შსს-ს დეტექტივი გრიგოლ ბესელია

”ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" მომხდარი საფრანგეთის მოქალაქის - სტეფან კოენის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელმაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ ნომერში დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სტეფან კოენის, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა სასტუმროს ნომრიდან მოიპარა სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული დაკავებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და მოპარული ნივთები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით”, - განაცხადა შსს-ს დეტექტივმა, გრიგოლ ბესელიამ, მედიისთვის კომენტარის გაკეთებისას.

შსს-მ ასევე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც არასრულწლოვანი სასტუმროში ღამით მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ლაპარაკობს:

”უცხოელთან ერთად ვიყავი სასტუმროში. იქ მოწევა მომინდა. გავედი გარეთ, მოვწიე. უკან რომ დავბრუნდი, ცოტა ხნის მერე მოგვივიდა შელაპარაკება, ამოვიღე დანა და პირველი დარტყმა იყო ყელში. ის გარეთ გამოვარდა და ყვირილი დაიწყო. მე დავიბენი, სიტუაცია ვერ მოვტვინე და უკან შემოვაგდე სტეფანა და ცოტა ხნის მერე გარდაიცვალა. მერე, ჩემი აზრით, დაცვა იყო, კარზე აკაკუნებდნენ, გააღეო კარიო, მეუბნებოდნენ. მე ვუთხარი, რომელი ხარ-მეთქი და ცოტა ხანი დამელოდე-მეთქი. მაგ მომენტში ავიღე ლეპტოპი, მაგის ფოტოაპარატი და გავიქეცი ფანჯრიდან“.
ჩვენი სტანდარტების მიხედვით, არავის არა აქვს საშუალება, რომ მოხვდეს სტუმრის საცხოვრებელ სართულებზე და, მით უმეტეს, სტუმრის ოთახში, თუ ამისთვის არ არის თვითონ სტუმრის კეთილი ნება...

სასტუმროში მომხდარი მკვლელობის შესახებ პირველი ინფორმაცია თავად „ქორთიარდ მარიოტის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ზაზა კვარაცხელიამ მიაწოდა საზოგადოებას. მისი განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებული სასტუმროში თავად მოკლული სტეფან კოენის ნებართვის გარეშე ვერ მოხვდებოდა:

”ვადასტურებთ, რომ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მოხდა სამწუხარო ინციდენტი სასტუმროს სტუმარსა და მის პირად სტუმარს შორის მის პირად ოთახში, თუმცა მინდა აქვე დავძინო ფრიად მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენი შიდაგანაწესისა და ჩვენი სტანდარტების მიხედვით, არავის არა აქვს საშუალება, რომ მოხვდეს სტუმრის საცხოვრებელ სართულებზე და, მით უმეტეს, სტუმრის ოთახში, თუ ამისთვის არ არის თვითონ სტუმრის კეთილი ნება”.

სტეფან კოენის ცხედარი სასტუმროს თანამშრომლებმა მკვლელობიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ნახეს. ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, გვიან ღამით სასტუმროს მისაღებში დარეკა ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც მის გვერდით ოთახიდან გამომავალი ხმაურის გამო იყო შეწუხებული. ვითარებაში გარკვევის მიზნით მისულმა „მარიოტის“ თანამშრომლებმა ფილიპ კოჰი მოკლული ნახეს.

როგორც ცნობილია, ფილიპ კოენი ფრანგული სატარნსპორტო დაგეგმარებითი კომპანიის - „სისტრას“ - თანამშრომელი იყო. ის თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ფილიპ კოენი თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის ახალ პროექტზე მუშაობდა.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. გამოძიება გრძელდება. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული და არასრულწლოვან ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG