Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო და „ვალენტინის დღე“


წმინდა ვალენტინის დღეს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც აღნიშნავენ
წმინდა ვალენტინის დღეს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც აღნიშნავენ
წმინდა ვალენტინის დღე, ანუ „ვალენტინობა“, მსოფლიოში სხვადასხვაგვარად ესმით. ვიღაცისთვის ის სიყვარულის რომანტიკული დღესასწაულია, სხვებისთვის - ვულგარული, კომერციალიზებული კიჩი; კიდევ სხვებს ის დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ, იმპერიალისტურ ტრადიციად მიაჩნიათ. ისეთი აქტივისტებიც არიან, ვინც ამ დღეს თავისი პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად იყენებს.

წელს ერაყში სამი ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოვიდა ბაღდადში აქციის გამართვის მოწოდებით. ბაღდადის ცენტრში მდებარე მოედანს ტაჰრირის - გათავისუფლების - მოედანი ჰქვია, ისევე როგორც უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ კაიროს ადგილს, სადაც 18 დღის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდება მოიტანა.

ეგვიპტისა და ტუნისის მაგალითით შთაგონებული ერაყელი აქტივისტები მთავარ იარაღად ინტერნეტს და განსაკუთრებით ფეისბუქს მოიხმარენ ქვეყანაში პოლიტიკური ჩიხისა და გავრცელებული კორუფციის გაპროტესტების მიზნით აქციების ორგანიზებისთვის (ორგანიზაცია „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა ჩამონათვალში ერაყი მეოთხე ადგილს იკავებს).
მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში საგანგებოდ "ვალენტინობისთვის" დამზადებული სუვენირები იყიდება.

14 თებერვალი - ვალენტინის დღე - იმიტომ ავირჩიეთ, რომ მსოფლიოს ერაყის მიმართ ჩვენი სიყვარული დავანახვოთო, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნაუფ ალ-ფალაჰიმ, სააგენტო „როიტერს“ და დასძინა: „ჩვენი მოთხოვნა რთული არ არის - არსებული ვითარების შეცვლას ვითხოვთ. 2003 წლის შემდეგ, დღემდე, ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა, არ ვვითარდებით. გვინდა მთავრობამ შეასრულოს ის ოპტიმისტური დაპირებები, წინასაარჩევნო პერიოდში რომ გვაძლევდა. მხოლოდ ეს არის ჩვენი სურვილი.“

შესაბამისად, ერაყის აქტივისტებისთვის ვალენტინის დღე დღესასწაულს ნაკლებად ნიშნავს - მით უფრო, რომ მათ მთავარ საზრუნავს ეკონომიკური პრობლემები წარმოადგენს. „ძალიან შეწუხებულები ვართ. ვალენტინის დღეს როგორ აღვნიშნავთ, როცა უამრავი პრობლემა გვაწუხებს“, - ამბობს ერაყელი დედა. - „ყოველთვიური ტალონებით ცოტა პროდუქტს ვიღებთ; ელექტროენერგია შეზღუდულია; ქვეყანაში სიღარიბე მეფობს.“

ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება ერაყის მეზობლადაც - ირანში. იქ ოპოზიციური „მწვანეების“ მოძრაობა არ დამორჩილდა მთავრობის აკრძალვას და მაინც დაგეგმა აქცია, ეგვიპტისა და ტუნისის სახალხო ამბოხებებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით.

ირანის აქციის მხარდამჭერები ფეისბუქის პირად პროფილებზე ლათინურ ასო „V”-ს წერენ, რაც, ბევრის აღქმით, გამარჯვების სიმბოლოც არის და თან ვალენტინობის დღესაც ეხმიანება.

წმინდა ვალენტინის დღეს ზოგადად ქრისტიანულ დღესასწაულად მიიჩნევენ, თუმცა სინამდვილეში ის კერპთაყვანისმცემლური წარმოშობისაა. გავრცელებული ვარაუდით, ის ძველი რომაული დღესასწაულიდან - ლუპერკალიადან მომდინარეობს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ამ დღესასწაულის „გაქრისტიანება“ სცადეს და ის მესამე საუკუნის რომაელ მღვდელს დაუკავშირეს, რომელსაც, გადმოცემის თანახმად, ვალენტინი ერქვა.

თუმცა დროთა განმავლობაში ვალენტინის დღემ რელიგიური მნიშვნელობა თითქმის საერთოდ დაკარგა და ის დასავლელი წყვილების დღესასწაულად, სიყვარულის დღესასწაულად იქცა.

ამის გამო ბევრ კონსერვატორულ საზოგადოებაში - მათ შორის, ისლამურ ქვეყნებში - ვალენტინის დღეს ეჭვით უყურებენ.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს აკვარიუმში ძუ ზღვის ლომი სარასა (მარცხნივ) თავის პარტნიორს, ხვად პუჩის - „ვალენტინობის“ აღსანიშნავად - „კოცნით“ აჯილდოებს.

ისევ ირანს რომ დავუბრუნდეთ, ის პოლიტიკური დატვირთვა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ დღემ წელს შეიძინა. თუმცა ვალენტინის დღეს ამ ქვეყანაში კარგი თვალით არც აქამდე უყურებდნენ. ირანში დაუქორწინებელ წყვილებს ხალხში ერთად გამოჩენა ეკრძალებათ, რაც ამ დღის აღნიშვნას უკვე მნიშვნელოვნად ართულებს. თუმცა ირანში იზრდება ახალგაზრდა თაობის რიცხვი, რომელიც ხშირად მთავრობას არ ემორჩილება. შეიძლება ამიტომაც, წელს ირანის ხელისუფლებამ განსაკუთრებით მკაცრი გაფრთხილება გამოსცა „ვალენტინის დღის აღსანიშნავი ნებისმიერი პროდუქციის“ გამოშვების წინააღმდეგ - იქნება ეს პლაკატები, ბროშურები, ღია ბარათები, გულის გამოსახულებიანი ყუთები თუ წითელი ვარდები.

უზბეკეთში გამომავალი გაზეთი „ტურკისტონი“ 12 თებერვალს წერდა, რომ „საყვარლების დღესასწაულის პოპულარიზების“ მიღმა „ბოროტი მიზნების მქონე ძალები“ დგანან. ყაზახეთში გასულ კვირაში ახალგაზრდათა ჯგუფმა საჯაროდ გაანადგურა ვალენტინის დღის აღსანიშნავი ღია ბარათები, როგორც „უცხოური“ დღესასწაულის სიმბოლო.

თუმცა შუა აზიის სხვა ქვეყნებში - ყირზიგეთსა და ტაჯიკეთში - ვალენტინის დღეს აღნიშნავენ. ამ ქვეყნებში, როგორც ჩანს, პრაგმატულმა მიდგომამ გაიმარჯვა - ყვავილების და ტკბილეულობის მაღაზიებში პროდუქციაზე ფასები გაზრდილია.

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, ვალენტინის დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად აკრძალეს, ხალხის „სულიერი უსაფრთხოების“ დაცვის სახელით. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთივე წარმატებით შეგვეძლო, მაგალითად, „არყის დღე“ დაგვეწესებინაო.

ყველაზე „მოურიდებლად“ კი ვალენტინის დღე, ალბათ, მაინც ტაილანდში აღინიშნება. აქ მთელი მსოფლიოდან ჩასული 14 წყვილი ერთმანეთის კოცნაში ეჯიბრება ერთმანეთს - ვინ უფრო დიდხანს შეძლებს ტუჩებში კოცნის გაგრძელებას. გასული წლის ჩემპიონი გერმანელი წყვილი გახდა, რომელმაც რეკორდი დაამყარა: მათი კოცნა, წყვეტის გარეშე, მთელი დღე-ღამე გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG