Accessibility links

logo-print

„პოლიტიკურად მოტივირებული“ ვერდიქტი ბელორუსიაში


Belarus -- Former opposition campaigner Vasil Parfyankau sits in a cage guarded by the police in a court room in Minsk, 17Feb2011

Belarus -- Former opposition campaigner Vasil Parfyankau sits in a cage guarded by the police in a court room in Minsk, 17Feb2011

დასავლეთის სახელმწიფოებისა და უფლებადამცველების პროტესტის მიუხედავად, ბელორუსიის სასამართლომ 17 თებერვალს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც გასული წლის 19 დეკემბერს სადავოდ ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტეტო აქციაში მონაწილეობდა. უფლებადამცველებმა მინსკელი მოსამართლეების გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს.

მინსკის სასამართლომ, რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციის აქტივისტ ვასილი პარფიონკოვს მასობრივ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის. იგივე ბრალდება ჰქონდა წაყენებული ბელორუს ჟურნალისტ ნატალია რაძინას, რომელიც სასამართლომ პირადი გარანტიით გაათავისუფლა. დახურული სასამართლო სხდომიდან გამოსულმა ჟურნალისტმა რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურს უთხრა, რომ შოკირებულია სასამართლოს ვერდიქტით:

„შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საზარელი სიმკაცრე და რომ ასეთი სიმკაცრე არაფრით არ არის გამართლებული. შოკირებული ვარ. რა შემიძლია მეტი გითხრათ?“

პარფიონკოვისათვის პროკურატურა 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ბრალმდებლებმა სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების სახით წარმოადგინეს ცუდი ხარისხის ვიდეოფირი, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ურტყამს უკვე ჩამტვრეულ მინას ხის ჯოხს ვასილი პარფიონკოვი. 27 წლის აქტივისტმა, რომელიც კარგად არის ცნობილი ბელორუსიაში თავისი საქმიანობით, ჯერ კიდევ 2001-2002 წლებში, როდესაც სხვა აქტივისტთან ერთად განადგურებას გადაარჩინა საბჭოთა დროინდელი მასობრივი სამარხი, სასამართლოზე დაადასტურა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე დაიჭირეს, თუმცა უარყო ბრალდება, თითქოს 60-ზე მეტჯერ დაარტყა ჯოხი მთავრობის შენობას და მას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ადამიანის უფლებათა აქტივისტმა ლიუდმილა გრიაზნოვამ, პარფიონკოვის სასამართლო პროცესი - ეს მხოლოდ დასაწყისია, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს:

„ რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. და შემდგომი სასამართლოები დღევანდელ სხდომას გამოიყენებენ როგორც ნიმუშს. ასე რომ, ეს არის სიმპტომატური დასაწყისი, სიმპტომატური სასამართლო. მე არ მაქვს ოპტიმისტური განწყობა.“

27 წლის ვასილი პარფიონკოვი ერთ-ერთი პირველია იმ 30 ეჭვმიტანილს შორის, რომლებიც პოლიციამ აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, 2010 წლის 19 დეკემბერს, მინსკის ცენტრში დააკავა. ბელორუსიის ჰელსინკის ჯგუფის წარმომადგენელმა ოლეგ ჰულაკმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პარფიონკოვის მიმართ „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით კი, ბელორუსიის რეჟიმმა კიდევ ერთი „ნეგატიური ნაბიჯი“ გადადგა.
XS
SM
MD
LG