Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესიული კავშირები ”საქართველოს ფოსტის” გადარჩენას მოითხოვენ


საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ხელისუფლებას ფოსტის გადარჩენის თხოვნით მიმართავს და, ფოსტის თანამშრომლებისათვის ხელფასის გაზრდის გარდა, რეალური ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, სატენდერო პირობებში რამდენიმე პუნქტის დამატებას მოითხოვს: ფოსტის პროფილის შერჩუნებს, 2001 წლიდან არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვა, ორი წლის განმავლობაში მუშაკთა განთავისუფლებისგან თავის შეკავება. ბოლო მონაცემებით, „საქართველოს ფოსტის“ შეძენით დაახლოებით 15 კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით ინვესტორის ვინაობა არ გარკვეულა.

მადონა ჯალაღონია 42 წელია „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობს. ის ახლა 77-ე საფოსტო განყოფილებას ხელმძღვანელობს. ამ ფილიალის მომცრო ოთახი იჯარით აქვთ აღებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე. შესასვლელში ძველი საფოსტო ყუთია ჩამოკიდებული, აბრის ნაცვლად ქაღალდზე მსხვილი ასოებით ამობეჭდილია წარწერა „77-ე საფოსტო განყოფილება“. მოკრძალებული ფართი, ძველი ინვენტარი მიანიშნებს, რომ „საქართველოს ფოსტის“ ოფისებში დიდი ხანია არაფერი გაკეთებულა. ფოსტის მუშაკების ხელფასი კი საარსებო მინიმუმზე -152 ლარზე- დაბალია:

”ყველაზე დიდი პრობლემა დაბალი ხელფასებია.. ცხოვრებისთვის საჭირო მინიმუმი არ გვაქვს, ჩემი თანამშრომლები ხელზე 89 ლარს იღებენ და მე - 130 ლარს. ყოველდღე 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვმუშაობთ.”

ჩვენი მისვლის დროს საფოსტო განყოფილება ხალხით იყო სავსე. წერილების გაგზავნა-მიღების გარდა, მოსახლეობას იქ კომუნალური გადასახადების გადახდაც შეუძლია. ანუ საქმე, როგორც მადონა ჯალაღონიაც გვეუბნება, არ აკლიათ.

თუ უცხოეთში საქართველოს ფოსტით 20 გრამამადე წონის წერილის ან ბარათის გაგზავნა გადაწყვიტეთ, ამისათვის 3 ლარი უნდა გადაიხადოთ, თუ შეკვეთილ წერილს გზავნით, ფასი 5,50 ლარამდე იზრდება, მაგრამ წერილი დანიშნულების ადგილას მხოლოდ 2 კვირაში მივა. მეტის საშუალება „საქართველოს ფოსტას“ არა აქვს. წარმოუდგენელია ამ ადამიანებს მოსთხოვო უკეთესი ხარისხი ასეთი ხელფასის პირობებში, - ამბობს „საქართველოს ფოსტის“ გაერთიანებული პროფკომიტეტის თავმჯდომარე მარინა რაზმაძე:
”როგორ გინდა ხარისხი მოსთხოვო, როდესაც მისი ანაზღაურება 90 ლარია? ამ ხელფასად ნამუშევარ ადამიანს მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ. 2 მილიონამდეა ჩვენ მიერ დამუშავებული წერილი, მაგრამ ეს ხარჯებს არ ჰყოფნის. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ფოსტას. მნიშვნელობა არა აქვს, ერთი წერილია თუ ასი, ის უნდა წავიღოთ და ხარჯების გაწევა მაინც გვიწევს.. არადა, ცხადია, რომ ხარისხი შემოსავალზეა დამოკიდებული.”

მარინა რაზმაძე არ უარყოფს, რომ „საქართველოს ფოსტას“ მთლიანი რეორგანიზაცია სჭირდება, რომ მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მაგრამ, მისი თქმით, ოპტიმიზაციას ფოსტის პერსონალის უფლებები არ უნდა შეეწიროს:

საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე სულიკო მაშია კი ამბობს, რომ ფოსტის გადარჩენის მოთხოვნით მათ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს არერთხელ მიმართეს, მაგრამ ყველა მათი წერილი უპასუხოდ დარჩა. მას მოჰყავს მაგალითები ევროპული ქვეყნების, გერმანიის და ბელგიისა, სადაც ფოსტის მუშაობას მნიშვნელოვნად აფინანსებს სახელმწიფო, და“ საქართველოს ფოსტის“ მომავლისათვის სახელმწიფო დოტაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

პროფესიული კავშირი ასევე მოითხოვს ფოსტის მუშაკების 2001 წლიდან დაგროვილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და შეძლებისდაგვარად მათი მინიმალური ხელფასების გაზრდას. სულიკო მაშიას განცხადებით, როდესაც „საქართველოს ფოსტისათვის“ სახელმწიფო ინვესტორს ეძებს, სატენდერო პირობებში შემდეგი პუნქტებიც უნდა ჩაიდოს:

”საქართველოს ფოსტის” პროფილის შენარჩუნება, ორი წლის განმავლობაში მუშაკთა რიცხოვნობის შემცირებისაგან თავის შეკავება, მუშაკთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესება, გაუცემელი ხელფასების დავალიანების დაფარვა და პროფესიულ კავშირთან სოციალური დიალოგის წარმოება.

თავად „საქართველოს ფოსტის“ ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბევრ სიახლეს გეგმავს და, მომსახურების პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, მომხმარებელიც მეტი ეყოლება. სავარაუდო ინვესტორის შესახებ საქართველოს ფოსტის დირექტორს, კახა კუპრავას, ჯერ ინფორმაცია არა აქვს, თუმცა როდესაც სხვა კომპანიებთან შედარებით „საქართველოს ფოსტის“ უპირატესობაზე ლაპარაკობს, ის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომ ტარიფებს ასახელებს:

”ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი შემოსავლებით გადავწყვიტოთ პრობლემები, გავუზარდოთ თანამშრომლებს ხელფასი. ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება, მაგრამ დაგეგმილი გვაქვს მომსახურების გაუმჯობესება და ვიმედოვნებთ, რომ რაც უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი ოფისები და მომსახურება, მით მეტი გვექნება შემოსავალი. სახელფასო დავალიანებასაც ნელ-ნელა, მაგრამ ყოველთვიურად ვფარავთ.”

„საქართველოს ფოსტაში“ 1700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აქედან 80% ქალია. მათი სახელფასო დავალიანების საერთო ჯამი კი 750 000 ლარს შეადგენს. გასულ წელს ამ დავალიანების მხოლოდ მცირე ნაწილი - 45 000 ლარი - დაიფარა.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოსტის" აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა და ის ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს დაახლოებით 87 000 კვმ მიწას და შენობებს, საერთო ფართით, 100 000 კვმ.

”საქართველოს ფოსტა” გასული წლიდან საპრივატიზებო ობიექტების სიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ”საქართველოს ფოსტის" შეძენით 15 კომპანიაა დაინტერესებული. მათ შორის არის დიდი კომპანიები, რომლებიც ევროპასა და აზიაში ფოსტის განვითარებაზე ზრუნავენ. თუმცა, როგორც მინისტრმა ვერა ქობალიამ მედიას თვის დასაწყისში განუცხადა, სამინისტრო შესულ განაცხადებს ეტაპობრივად განიხილავს. დღემდე არ გამოკვეთილა ”საქართველოს ფოსტის” რეალური ინვესტორი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG