Accessibility links

logo-print
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ახორციელებს პროექტს „ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების ხელშეწყობა ქართულ მედიაში“. ამ პროექტის ფარგლებში გორში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. დისკუსიის დროს ჟურნალისტების მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტული მაგალითები განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში და მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დეტალურად არის გაწერილი ბავშვის საკითხების გაშუქების ეროვნული სტანდარტი, ის ამა თუ იმ მედიასაშუალების მიერ უხეშად ირღვევა. ბავშვებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას მედიაექსპერტმა გოგი გვახარიამ გაუზიარა. მისი აზრით, ბავშვთა უფლებებს ყველაზე ხშირად ყვითელი მედია არღვევს, თუმცა გამონაკლისი არც საინფორმაციო გამოშვებებია.

ბოლო ხანებში ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სპეციალური რეპორტაჟები ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს შეეხო. ექსპერტების აზრით, ამ შემთხვევაში ბავშვთა უფლებები შეილახა. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის აზრით, ბავშვთა იდენტიფიკაცია და მათი ისტორიებისთვის სენსაციურობისა და სკანდალის ელფერის მიცემაა სწორედ უფლებების დარღვევა.

გორის მე-9 სკოლის პედაგოგის ია ბჟალავას აზრით, ჟურნალისტები ფსიქოლოგიურ განათლებასაც უნდა იღებდნენ, რათა უკეთ გაიაზრონ, რომ მათმა ერთმა შეცდომამ, შესაძლოა, ბავშვს მძიმე ტრავმა მიაყენოს.

დისკუსიას მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. მე-9 სკოლის მოსწავლის პაატა ფირცხალავას აზრით, ქართული მედია ევროპულ სტანდარტს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიუახლოვდეს.

შეხვედრის მონაწილეები გამოსავალზეც საუბრობდნენ. მათი აზრით, აუცილებელია ამაღლდეს ჟურნალისტთა შესაბამისი განათლება და პროფესიონალიზმი, ასევე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი იმ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე, რომლებიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. მედიაექსპერტ ია ანთაძის განცხადებით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის მეორე ეტაპზე მედიაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა იქნება აღწერილი და გამოქვეყნებული.

დისკუსიები მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ საქართველოს კიდევ 7 რეგიონში გაიმართება, რის შემდეგაც უკვე მონიტორინგი დაიწყება.
XS
SM
MD
LG