Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელია


ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯარო ინფორმაციის მიღებისა და საკრებულოს სხდომათა საჯაროობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მონიტორინგი იმერეთის თორმეტივე რაიონში განხორციელდა, პროექტ „ხალხის მანიფესტის“ ფარგლებში.

საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მუნიციპალიტეტებში პრობლემები არაერთგვაროვანია, უთხრა რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა. მისივე თქმით, იმერეთის უმეტეს რაიონებში საკრებულოების მიერ 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცებისას მოქალაქეებს რეკომენდაციებისა და მონიტორინგის საშუალება არ მიეცათ.

თეონა გოგიშვილი გამოყოფს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც საჯარო ინფორმაცია აქტიურად, დროულად, არასრულყოფილად ან დარღვევებით გაიცემა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია „ხალხის მანიფესტის“ ერთწლიან მუშაობას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ პროექტის ფარგლებში აქტიური მოქალაქეებისთვის სასარგებლო შედეგები დაიდო.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ხალხის მანიფესტის “ ფარგლებში მოქმედი აქტიური მოქალაქეებისგან განსხვავებით, ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს სამსონ გუგავას საჯარო ინფორმაციის მისაღებად სასამართლოში სარჩელის შეტანა დასჭირდა.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები მონიტორინგსა და აქტიური მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ, რაც, მათივე აზრით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დადებითად აისახება.
XS
SM
MD
LG