Accessibility links

logo-print

გერმანიის თავდაცვის მინისტრი პლაგიატის გარშემო სკანდალის გამო გადადგა


კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგი

კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგი

გერმანიის პოპულარული თავდაცვის მინისტრი კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგი თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ ბრალი დასდეს სადოქტორო დისერტაციის გარკვეული მონაკვეთების პლაგიატში. მისი გადადგომა დიდი დარტყმაა კანცლერ ანგელა მერკელისთვის, რომლის კონსერვატიული პარტია მიმდინარე თვეში გერმანიის სამ ფედერალურ მხარეში არჩევნებისთვის ემზადება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგი თანამდებობიდან გადადგა პლაგიატის თაობაზე დაწყებული იმ სკანდალის გამო, რომელმაც ქვეყნის კონსერვატიულ მთავრობას დიდი დარტყმა მიაყენა.

გუტენბერგმა, რომელსაც სადოქტორო დისერტაციის მონაკვეთების პლაგიატი ბრალდება, სამშაბათს ბერლინში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მტკივნეული იყოო: „კანცლერს უაღრესად მეგობრული საუბრის დროს ვაცნობე, რომ პოლიტიკურ პოსტს ვტოვებ და განაცხადის დაკმაყოფილება ვთხოვე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ნაბიჯია.“

გასულ კვირაში ბაიროითის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა გუტენბერგს დოქტორის ხარისხი ჩამოართვა - მას შემდეგ, რაც 39 წლის არისტოკრატმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა აღიარა, რომ მის დისერტაციას „ნაკლოვანებები“ ჰქონდა. თუმცა თავიდან გუტენბერგი უარყოფდა პლაგიატის შესახებ ბრალდებას და მას „აბსურდს“ უწოდებდა.

იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით მან უნივერსიტეტს ბოდიში მოუხადა, პლაგიატის ჩადენა პირდაპირ მაინც არ უღიარებია.

პლაგიატის შესახებ გერმანიის მედიაში დაიწერა - გავრცელდა ცნობები, რომ მისი 2006 წელს დაცული დისერტაციის გარკვეული მონაკვეთები ძველი სტატიებიდან და სხვა საუნივერსიტეტო დისერტაციებიდან იყო პირდაპირ გადაწერილი, ავტორების სათანადო მითითების გარეშე. დისერტაციის თემა ევროკავშირსა და აშშ-ში საკონსტიტუციო სამართლის განვითარება იყო.

სკანდალმა გუტენბერგს არაერთი პრობლემა შეუქმნა და მეტსახელებიც კი მოუტანა - მაგალითად, ბარონ ქათ-ენდ-პეისტი, მაიკროსოფტის პროგრამა ვორდში ტექსტის პირდაპირ ამოჭრა-ჩასმის შესაძლებლობაზე მითითებით, და „ცუ გუგელბერგი“ - ინტერნეტ-საძიებელ „გუგლზე“ მინიშნებით. ამდენად, ალბათ, არავის გაჰკვირვებია, როცა გუტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, ამ სკანდალმა ძალიან დამღალაო: „ყოველთვის მზად ვიყავი ბრძოლისთვის, თუმცა ახლა ჩემი ძალების ზღვარს მივაღწიე“.

გუტენბერგის თქმით, მის დისერტაციაზე მედიისა და საზოგადოების ამგვარი კონცენტრაცია მას მუშაობაში უშლიდა ხელს და საფრთხეს უქმნიდა მის გეგმას გერმანიის შეიარაღებული ძალების რეფორმის თაობაზე.

ამასთან, მან გადადგომის მიზეზად ისიც დაასახელა, შემდგომი ზიანის თავიდან აცილება მინდაო: „იმის გამო, რომ ჩემს თანამდებობას, შეიარაღებულ ძალებს, აკადემიასა და ჩემს მხარდამჭერ ძალებს პოტენციური ზიანი ემუქრებოდა, მე ვდგამ ნაბიჯს, რომელსაც სხვებსაც მოვთხოვდი. როგორც ყველა სხვამ, მეც უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტეები და შეცდომები“, - განაცხადა მან.

თავის მეუღლესთან, შტეფანისთან ერთად, რომელიც გერმანიის ლეგენდარული კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის შთამომავალია, გუტენბერგი შედარებით ექსტრავაგანტული ფიგურაა გერმანიის მშვიდ და მშრალ პოლიტიკურ გარემოში. ბოლო ერთი წლის მანძილზე ჩატარებული თითქმის ყველა გამოკითხვის თანახმად, ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.

მისი გადადგომა დიდი დარტყმაა მერკელისთვის, რომელიც მთელი სკანდალის განმავლობაში მას მხარს უჭერდა. ამის გამო ორშაბათს მას სადოქტორო დისერტაციებზე მომუშავე დაახლოებით 23,000-მა სტუდენტმა და კიდევ სხვებმა ღია წერილით მიმართეს - გააპროტესტეს კანცლერის გადაწყვეტილება, დაეცვა მინისტრი.

გუტენბერგის გადადგომა დაემთხვა პერიოდს, როცა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გერმანიის სამ ფედერალურ მხარეში არჩევნებისთვის ემზადება. მათ შორის არის სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ბადენ-ვიურტემბერგი - კონსერვატორთა ბასტიონი, სადაც, გამოკითხვების თანახმად, პარტია შესაძლოა დამარცხდეს.

თუმცა პირადად გუტენბერგისთვის პოსტის დატოვება შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს გედის სიმღერა.

გამოკითხვები ცხადყოფს, რომ სკანდალმა მის პოპულარობას მნიშვნელოვანი ჩრდილი ვერ მიაყენა და გერმანელების უმეტესობას სურდა, ის პოსტზე დარჩენილიყო.
XS
SM
MD
LG