Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგა დრო, სერბიაში სიმართლეზე გაიცეს ორდერი


ბოსნიის არმიის აწ უკვე გადამდგარი გენერალი, იოვან დივიაკი
ბოსნიის არმიის აწ უკვე გადამდგარი გენერალი, იოვან დივიაკი
ხუთშაბათ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბოსნიის არმიის აწ უკვე გადამდგარი გენერალი, იოვან დივიაკი, ვენაში დააპატიმრეს, სერბიის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. ამ ფაქტის მნიშვნელობის შესახებ ჩვენი რადიოს ანალიტიკოსის, ნენად პეიჩის მოსაზრებებს გაგაცნობთ:

ხუთშაბათ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ბოსნიის არმიის გადამდგარი გენერალი, იოვან დივიაკი, ვენაში ავსტრიის პოლიციამ დააკავა, სერბიის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე.

გენერალს ბრალად ედება სარაევოში, დობროვოლიაცკას ქუჩაზე, 1992 წლის 3 მაისს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა. როცა ქალაქს იუგოსლავიის არმია ტოვებდა, სროლა დაიწყო. სერბიის ოფიციალური პირების შეფასებით, 40 ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა ბოსნია აცხადებს, რომ დაღუპული ჯარისკაცი 4 იყო. გენერალი დივიაკი მაშინ ბოსნიის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს მეთაურობდა და სარაევოში იმყოფებოდა. ეთნიკურად სერბი გენერალი ბოსნიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა იყო - მას უაღრესად პრინციპულ ადამიანად მიიჩნევდნენ.

დივიაკის დაპატიმრება არ არის იზოლირებული ინციდენტი - ის სერბიის მიერ გატარებული პოლიტიკის შემადგენელი ელემენტია. 2010 წლის 1 მარტს ბრიტანეთში დააკავეს ეიუპ განიჩი, ბოსნიის ყოფილი პრეზიდენტი. დაკავების საფუძველი მაშინაც სერბიის მიერ გაცემული ორდერი გახდა. მაგრამ 2010 წლის 27 ივლისს ბრიტანეთის სასამართლომ განიჩი გაათავისუფლა - განაცხადა, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და სერბიის მიერ გაცემული ორდერი პოლიტიკურად მოტივირებული იყოო.

2007 წელს სერბიამ ბოსნიელი არმიის ოფიცრის, ილია იურისიჩის დაპატიმრებაზე გასცა ორდერი. მას ტუზლადან იუგოსლავიის საჯარისო დანაყოფების გასვლისას ომის დანაშაულების ჩადენა ბრალდებოდა. სერბიის სასამართლომ იურისიჩს 12 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სერბიის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გააბათილა, იურისიჩი გაათავისუფლა და ხელახალი პროცესის გამართვის ბრძანება გასცა.

იმ დღეს, როცა დივიაკი ვენაში დააპატიმრეს, 2011 წლის 3 მარტს, სერბიის სამხედრო ტრიბუნალმა გააბათილა ამ ქვეყნის უწყებების მიერ გაცემული დაპატიმრების სხვა ორდერი, რომელიც ყოფილ ხორვატ ჯარისკაცს, ტიჰომირ პურდას ეხებოდა, ვუკოვარში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. 44 მოწმის დაკითხვის შემდეგ პროკურორებმა ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ პურდას მართლაც ჰქონდა ჩადენილი დანაშაული. პურდა, რომელიც ბოსნიაში იანვარში დააპატიმრეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

ვის დააპატიმრებენ შემდეგს? ომის პერიოდის ბოსნიის ყველა ლიდერს? ნებისმიერ ოფიცერს, რომელიც სარაევოში იყო ან ომის დროს ბოსნია-ჰერცოგოვინას იცავდა?

თუ იქნებ იმ სერბ ოფიციალურ პირებს, რომლებიც გამუდმებით გასცემენ ყალბ დაპატიმრების ორდერებს, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე? ეს უკანასკნელი სცენარი საეჭვოა განხორციელდეს.

სერბიაში არავის არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადება მაშინ, როცა ბრიტანეთმა განიჩის დაპატიმრების ორდერის გაცემა პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო. არ ჩატარებულა გამოძიება, ვინ გასცა ის ორდერი ან ვინ შეადგინა ყალბი ბრალდებები. არავის უცდია იმის დადგენა, ვინ მიაწოდა სერბიის მედიას გაყალბებული სატელევიზიო მასალა. პოლიტიკურად მოტივირებული ორდერის გაცემის გამო პასუხი არც ერთ პოლიტიკოსს არ მოეთხოვა.

ასევე მოხდა დანარჩენ ორ შემთხვევაშიც - იურისიჩის და პურდას საქმეებზე. არავის დაჰკისრებია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ იურისიჩმა სერბიის ციხეში სამი წელიწადი ტყუილუბრალოდ დაყო. ასევე, არავის გამოუძიებია ცნობები, რომ სერბიის სატუსაღოში ყოფნისას პურდა აწამეს. მეტიც, სერბიის ოფიციალური პირები ამ საპატიმროს არსებობას საერთოდ უარყოფენ.

ყველა ამ საქმის უკან დგანან სერბიის უშიშროების ორგანოები, პოლიცია და სამხედროები, რომლებსაც რადიკალი მემარჯვენე ძალები უმაგრებენ ზურგს. ბევრი მათგანი ბალკანეთის ომების მომზადების, დაწყების და ამ ომებში განცდილი მარცხის მონაწილე იყო. ისინი იცავდნენ ბოსნიელ სერბ პოლიტიკურ ლიდერს რადოვან კარაჯიჩს, რომელიც ახლა ჰააგაშია, გაეროს ტრიბუნალის წინაშე. ბოსნიელი სერბების ლიდერს რატკო მლადიჩს, რომელიც ასევე ომის დანაშაულებშია ეჭვმიტანილი, ეს ძალები დღემდე მფარველობენ.

2003 წელს ზომიერი შეხედულებებით ცნობილი პრემიერ-მინისტრის, ზორან ჯინჯიჩის მკვლელობაც მათ მიერ იყო ორგანიზებული.

ამ ძალების ზეწოლის ქვეშ, სერბიის სასამართლოებს უჭირთ გამოძიება აწარმოონ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი სერბების წინააღმდეგ. სერბიაში ჯერ კიდევ ძლიერი საზოგადოებრივი აზრი პოლიტიკურ ლიდერებს კვლავაც ბალკანეთის ომების წაგებაში ადანაშაულებს და არა მათ დაწყებაში.

იმის მიუხედავად, რომ ეს საქმეები ერთიმეორის მიყოლებით გაბათილდა, და დივიაკის წინააღმდეგ მიმართულ საქმესაც ნამდვილად ასეთი ბედი ელის, მემარჯვენეებმა მაინც მიაღწიეს თავიანთ მიზანს. სერბიის მედიამ დაპატიმრებები პატრიოტული პოპულიზმით ასახა. ბალკანეთში ეთნიკური დაძაბულობა გაძლიერდა. განხეთქილებები გაღრმავდა. შემწყნარებლობამ მორიგი დარტყმა მიიღო. ტერიტორია მომავალი კონფლიქტებისა და დანაწევრებისთვის მომზადდა, ხოლო სერბიის პროდასავლურ ძალებს ძლიერი მესიჯი გაეგზავნათ ულტრამემარჯვენეთა სიძლიერის შესახებ. ისინი კვლავაც ომობენ იმ ომში, რომელიც უკვე წაგებულია.
XS
SM
MD
LG