Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთმა „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ოფისი დახურა


უფლებადამცავი ჯგუფის „ჰიუმენ რაიტს უოჩის თანახმად“, უზბეკეთის ხელისუფლებამ აიძულა ის, დაეხურა თავისი ოფისი ტაშკენტში. ავტორიტარულ უზბეკეთში „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ მუშაობა 15 წლის წინ დაიწყო. ორგანიზაციის თანახმად, ბოლო წლებში უზბეკეთის ხელისუფლება ყველანაირად უშლიდა მას ხელს - თანამშრომლებს არ აძლევდა ვიზებს, უარს ეუბნებოდა აკრედიტაციაზე. „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“,“ მისი ცნობით, ოფიციალური წერილი, რომ დაეხურა ოფისი, 10 მარტს მიიღო. ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როტი ასეთ შეფასებას აძლევს მომხდარს: „ჰიუმან რაიტს უოჩის“ განდევნით უზბეკეთის მთავრობა ღიად აცხადებს, რომ არ სურს შეეგუოს ადამიანის უფლებების დაცვის კრიტიკულ მეთვალყურეობას ამ ქვეყანაში. როტი ამბობს, რომ ორგანიზაცია არ აპირებს დუმილს და განაგრძობს უზბეკეთში დარღვევების გამოაშკარავებას.
მთავრობა თითქმის მთლიანად აკონტროლებს სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანა თითქმის მთლიანად გადაკეტა გარე სამყაროსთვის ...

2010 წლის ბოლოს „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ მკვლევარს და ტაშკენტის ოფისის დირექტორს სტივ სვერდლოუს უარი უთხრა უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრომ აკრედიტაციაზე. 2008 წელს უზბეკეთის მთავრობამ, ფაქტობრივად, შეაჩერა ჯგუფის მუშაობა, როცა ტაშკენტში მის წარმომადგენელს, იგორ ვორონცოვს, აუკრძალა უზბეკეთში მუშაობა, განაცხადა რა, რომ რუსი ეროვნების ადამიანს არ ესმის უზბეკური მენტალიტეტი და ამიტომ ის თავისი სამუშაოსთვის შეუფერებელია. არის სხვა შემთხვევები, როცა უზბეკეთი, უბრალოდ, უარს ეუბნებოდა ორგანიზაციის თანამშრომლებს სამუშაო ვიზაზე.
სვერდლოუ თვლის, რომ კარიმოვის უზბეკეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმია:

„მთავრობა თითქმის მთლიანად აკონტროლებს სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანა თითქმის მთლიანად გადაკეტა გარე სამყაროსთვის. ეს იზოლაციის განცდა ტაშკენტში ჩასვლისთანავე გეუფლება, თითქოს ვაკუუმში შეაბიჯე. ძალიან მცირეა საერთაშორისო მეთვალყურეების, ბიზნესმენების რიცხვი. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით ბოლო ექვს წელიწადში, სრულიად განადგურდა.“

მსოფლიოში დაიგმო უზბეკეთის მთავრობის მიერ გამოსვლების ჩახშობა 2005 წელს, ცნობილი მოვლენები ანდიჟანში. შემდეგ მთავრობა თანმიმდევრულად მოქმედებდა, გაძლიერდა ზეწოლა საერთაშორისო მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. მათ უარს ეუბნებოდნენ რეგისტრაციაზე. რადიო თავისუფლების და „ ბი-ბი-სის“ ბიურობები ტაშკენტში დაიხურა. დასავლეთში აკრიტიკებენ უფლებების დარღვევას უზბეკეთში, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები აღიარებენ ამ სახელმწიფოს საკვანძო როლს ავღანეთში მოქმედი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარებისთვის მხარდაჭერის საქმეში. სვერდლოუ განმარტავს:

„უზბეკეთი მზარდ სტრატეგიულ როლს თამაშობს ავღანეთის ომში. ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით ხდება ავღანეთში ჯარის მომარაგება. ამ მიზეზით, ნატოს და გერმანიას, რომელსაც სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს იქ, ასევე აშშ-ს, რომელიც ჩრდილოეთიდან მომავალ სატრანსპორტო ქსელს იყენებს მომარაგებისთვის, და ევროპის კავშირს, თბილი კავშირურთიერთობა აქვთ უზბეკეთთან და მის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ.“

სვერდლოუ მოუწოდებს დასავლეთს - ამ ქვეყნებს და ორგანიზაციებს - საჯაროდ დაგმონ უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილება „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ქვეყნიდან განდევნის შესახებ. მათ უნდა გააგებინონ უზბეკეთის მთავრობას, რომ ასეთ ქმედებას რეალური შედეგები მოჰყვება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG