Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში შიიტი დემონსტრანტების აქცია დაშალეს


ანტისამთავრობო აქცია ბაჰრეინში
ანტისამთავრობო აქცია ბაჰრეინში
ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა შიიტებსა და სუნიტებს შორის დაძაბულობა.

ბაჰრეინში უსაფრთხოების ძალებმა, დაჯავშნული მანქანების გამოყენებით, გამთენიისას იერიში მიიტანეს დედაქალაქ მანამის ცენტრში დაბანაკებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე, რომლებსაც ძირითადად შიიტები შეადგენდნენ.

დემონსტრანტების თქმით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

ბაჰრეინის მთავრობის ცნობით, ოპერაციის მსვლელობისას სულ მცირე ორი პოლიციელი დაიღუპა იმის გამო, რომ მათ ერთ-ერთი დემონსტრანტი განზრახ დაეჯახა მანქანით.

სახელმწიფო ტელევიზიამ ოთხშაბათ დილით ეთერში ინგლისურ ენაზე მომზადებული გადაცემა გაუშვა - აჩვენა ხალხისგან დაცლილი მოედნის კადრები. მოედანი ნაგვით იყო სავსე, აქა-იქ კოცონები ენთო: „ამ კადრებით ჩვენს მოქალაქეებს და აქ მცხოვრებ ხალხს ვარწმუნებთ, რომ ბაჰრეინში სტაბილურობა და უსაფრთხოება აღდგა და იმ ხალხის ხელშია, ვისაც ყოველთვის ვენდობოდით.“

ოთხშაბათს გამთენიისას დაშლილი საპროტესტო აქცია ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დემონსტრანტების მოთხოვნა დემოკრატიის გაძლიერება და იმ დისკრიმინაციის აღმოფხვრა იყო, რომელსაც, დემონსტრანტების თქმით, შიიტი უმრავლესობა განიცდის.
დემონსტრაციის დაშლამდე ერთი დღით ადრე მეფემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, ამ კუნძულ-სახელმწიფოზე სპარსეთის ყურის მეზობელმა სახელმწიფოებმა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, 1,000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნეს ბაჰრეინის სუნიტური მონარქიის გასაძლიერებლად.

ჯერჯერობით უცნობია, ამ ჯარისკაცებმა თუ მიიღეს მონაწილეობა აქციის დაშლის ოპერაციაში.

ბოლო მსხვერპლის ჩათვლით, საპროტესტო აქციების მსვლელობისას დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 13-ს მიაღწია.

ბაჰრეინში სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირებას რეგიონალური მასშტაბი აქვს. ამ კონფლიქტის შედეგად სპარსეთის ყურის მთელ რეგიონში იძაბება ვითარება.

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ბაჰრეინში საპროტესტო აქციის ჩახშობის მიზნით საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედროების გაგზავნას „უღირსი და განწირული“ ნაბიჯი უწოდა.

ძალადობა და აქციებზე ზეწოლა მწვავედ გააკრიტიკეს ერაყში შიიტების ლიდერმა და ლიბანურმა შიიტების ჯგუფმა, ჰესბოლამ.

შესაბამისად, იზრდება შეშფოთება, რომ ბაჰრეინის კონფლიქტი გააღრმავებს რეგიონში უკვე არსებულ დაპირისპირებას სუნიტ არაბ მთავრობებსა და ირანს შორის.

სპარსეთის ყურის ქვეყნები - უწინარესად, საუდის არაბეთი - შიშობენ, რომ ბაჰრეინის სუნიტური მონარქიის დამხობას რეგიონში მოჰყვება ამბოხებების ტალღა და, ამასთანავე, გაძლიერება საუდის არაბეთის შიიტი უმცირესობისა, რომელიც ძირითადად ნავთობის მწარმოებელ აღმოსავლეთ პროვინციაში სახლობს.

საუდის არაბეთის სუნიტური მონარქიის ნაბიჯები აქამდეც ხშირად ემთხვეოდა ბაჰრეინის მონარქიის ქმედებებს, მონარქიისა, რომელიც კუნძულს უკვე 200 წელიწადია მართავს. თუმცა ბაჰრეინში 1,000-ზე მეტი ჯარისკაცის გაგზავნა მაინც თვისებრივი სიახლე იყო - პირველად მოხდა, რომ რეგიონის ქვეყნებმა ერთობლივად სცადეს ამბოხების ჩახშობა.

სამხედროები ექვსი ქვეყნისგან შემდგარმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ მიავლინა. საბჭოში შედიან საუდის არაბეთი, ომანი, კუვეიტი, ბაჰრეინი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ბაჰრეინის კრიზისის ესკალაციის ფონზე იზრდება საფრთხე, რომ პროცესში ჩართვა მოუწევს აშშ-საც, რომელსაც ბაჰრეინში მნიშვნელოვანი მეხუთე სამხედრო ფლოტი ჰყავს განლაგებული.

ამ ეტაპზე გაერო, აშშ და სხვა ქვეყნები ბაჰრეინს თავშეკავებისა და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. თუმცა იმის ნიშნები, რომ ქვეყნის მთავრობა და საპროტესტო აქციების მონაწილეები რაიმეზე შეთანხმებას მოახერხებენ, ჯერჯერობით არ იკვეთება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG