Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას ბიზნესის ტერორში ადანაშაულებენ


ირაკლი ალასანია და მალხაზ ოსაძე
ირაკლი ალასანია და მალხაზ ოსაძე
”ერთიანი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” პარტიის რიგებში ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის” დირექტორი მალხაზ ოსაძე გაწევრიანდა. ”თავისუფალი დემოკრატების” წევრთა რიცხვის ერთით გაზრდა, შესაძლოა, არც კი ყოფილიყო ყურადსაღები ამბავი, რომ არა ორი გარემოება: ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი” ძველი სახით პრაქტიკულად აღარ არსებობს, მისი დირექტორი მალხაზ ოსაძე კი ხელისუფლებას ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს; ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას ”თავისუფალი დემოკრატები” ახლა უკვე მალხაზ ოსაძესთან ერთად აპირებენ.

”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი” 2009 წლის სექტემბრიდან გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. მერე გაყიდეს სათითაოდ, მიითვისეს ...
”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ საქართველოს ბიზნესსექტორში არსებულ პრობლემებზე საჯარო დისკუსიების გამართვა პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა. ამ მიმართულებით პარტიის მიერ აღებული გეზი გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესორგანიზაციების, თავად ბიზნესის წარმომადგენლებისა და მედიის ჩართულობას დისკუსიების პროცესში. რაც შეეხება კონკრეტულად ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის“ საკითხს:

”პირდაპირ არის ბატონი მალხაზის ჩვენებაში ნახსენები კონკრეტული თანამდებობის პირები, იმდროინდელი ფინანსთა მინისტრი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ასევე დღევანდელი ფინანსთა მინისტრი ბაინდურაშვილი, რომლებსაც ის ადანაშაულებს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ასევე სასამართლო წესით იქნა აღსრულებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი მალხაზის ჩვენებები არის საკმარისი საფუძველი, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ-სამართლებრივ ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.”

„ინტერნეშენალ-ბილდინგ კომპანის“ დირექტორი მალხაზ ოსაძე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრისა და ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის ბიზნესპარტნიორი იყო. იგი ამბობს, რომ იმ კომპანიებზე ზეწოლა, რომლებშიც წილი ქიბარ ხალვაშს ჰქონდა, ირაკლი ოქრუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის დღიდან დაიწყო:

”ძირითადად ეს კომპანიები იყო უცხოელი ინვესტორების. ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი”, ”არტი”, რომელიც დაწვეს შემდეგ, და ”პრიზა”. ასევე ”ლივო-ჯგუფი”. გვიან გაიგეს, რომ ქიბარ ხალვაშის ინტერესები იყო” ლივო ჯგუფშიც” და ბოლოს, გვიან, შეცვივდნენ იქ. რა თქმა უნდა, დააყადაღეს. ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი” 2009 წლის სექტემბრიდან გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. მერე გაყიდეს სათითაოდ, მიითვისეს. დღეს ის ტექნიკა, რომელიც ჩვენი იყო, ვის ჯიბეში აჩხრიალებს ფულს, ეს ვიცით ჭორად, მაგრამ...”

დავუშვათ, დააკისრეს მას 200 000 ლარი. ასეთ შემთხვევაში მან იმისათვის, რომ იდავოს სასამართლოში, ეს 200 000 ლარი უნდა წინასწარ დადოს, გაყინოს ანგარიშზე, ან ამ 200 000-ის ქონება. ასეთ დროს ბიზნესმენები ფერხდებიან და აღარ უნდათ სასამართლოში წასვლა...
მალხაზ ოსაძე ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის” სახელით დავების საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომაც. სასამართლოს გარდა, საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს იგი ასევე პარლამენტის ბიზნესსაბჭოსა და ბიზნესომბუდსმენისაგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მალხაზ ოსაძე ბიზნესმენთა იმ უმცირესობას ეკუთვნის, რომლებიც პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ. სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს ერთმანეთისგან ძირითადად ის განასხვავებს - მფარველობს თუ არა მათ ხელისუფლება. ნინო ზურიაშვილის განმარტებით, საქართველოში ბიზნესმენთა ორი ჯგუფი არსებობს - ხელისუფლებისგან წახალისებულები და ხელისუფლებისგან დაშინებულები. ძირითადი პრობლემა კი, რომელსაც ზოგადად ბიზნესმენები აწყდებიან, არის საგადასახადო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც საგადასახადო ინსპექტორებს ბიზნესმენთა დაჯარიმებისას თვითშემოქმედების საშუალებას აძლევს:

”ხდება არანორმალურად დიდი ჯარიმების დაკისრება. დავუშვათ, დააკისრეს მას 200 000 ლარი. ასეთ შემთხვევაში მან იმისათვის, რომ იდავოს სასამართლოში, ეს 200 000 ლარი უნდა წინასწარ დადოს, გაყინოს ანგარიშზე, ან ამ 200 000-ის ქონება. ასეთ დროს ბიზნესმენები ფერხდებიან და აღარ უნდათ სასამართლოში წასვლა. ამიტომ ისინი იძულებული ხდებიან, რომ წავიდნენ გარიგებაზე თვითონ საგადასახადო სამსახურთან. გარიგებულთა რიცხვი არის ძალიან, ძალიან დიდი.”

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ახლა იმის გარკვევას ცდილობს, საგადასახადო ინსპექცია აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებას, ანუ ეგრეთ წოდებულ ინკასოს, აკისრებს თუ არა ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფ ბიზნესსაწარმოებსაც. საწარმოთა სრული სიის მოთხოვნაზე მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სტუდია „მონიტორი“ გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

ბიზნესის რეგულირების სფეროში არსებულ პრობლემებზე ამ ცოტა ხნის წინათ თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაამახვილა ყურადღება:

”სხვა სისტემით უნდა მივუდგეთ. ახალი ხელმძღვანელები მოდიან, რომელთაც დაევალათ, რომ მაქსიმალურად იყვნენ სამართლიანები და ზედმეტი არსად არ მოუვიდეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხალხს არ ჰქონდეს უსამართლობის განცდა, ზედმეტი პრესის განცდა. გადასახადი მნიშვნელოვანია ყველამ გადაიხადოს, ეკონომიკა უნდა გათეთრდეს... ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს არის მტკივნეული პროცესი, ერთი გრამით არ უნდა გადავაჭარბოთ არსად კანონის სიმკაცრესა და ზედმეტობაში.”

ხელისუფლება ბიზნესის მიმართ პოლიტიკის შერბილებას გეგმავს - ასე იკითხება პრეზიდენტის მესიჯი. საქართველოში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოება - მათ შორის კი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო წრეები - პროცესის სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ითხოვს.
XS
SM
MD
LG