Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი: დაზვერვის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას სხვა ქვეყნებიც იზიარებენ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ ფაქტის გამო, რომ მისმა ქვეყანამ ოსამა ბინ ლადენის შეპყრობა ვერ შეძლო, პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს ჯაშუშურ სააგენტოებს ეკისრებათ. ამ განცხადების ფონია საერთაშორისო მწვავე დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ ახერხებდა „ალ-ყაიდის“ ლიდერი პაკისტანში წლების განმავლობაში დამალვას. როგორც იცით, ბინ ლადენი მიმდინარე კვირაში აშშ-ის ძალებმა მოკლეს ისლამაბადთან ახლოს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი ქვეყნის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. მისი განცხადებით, იმ ფაქტის გამო, რომ მისმა ქვეყანამ ოსამა ბინ ლადენის შეპყრობა ვერ შეძლო, პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს ჯაშუშურ სააგენტოებს ეკისრებათ.

„ალ-ყაიდის“ ლიდერი ორშაბათს - 2 მაისს - მოკლეს აშშ-ის სპეცრაზმის წევრებმა. მათ პაკისტანის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აბოტაბადის იმ ობიექტზე განახორციელეს იერიში, რომელსაც ბინ ლადენი აფარებდა თავს.

როგორც გაირკვა, მსოფლიოში ნომერ პირველ ძებნილად მიჩნეული კაცი თავს აფარებდა ობიექტს, რომელიც პაკისტანის სამხედრო აკადემიასთან ახლოს მდებარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ ის იქ ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

პარიზში, საფრანგეთის ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა, პაკისტანთან ერთად სხვა ქვეყნებსაც უნდა დაბრალდეს დაზვერვის წარუმატებლობაო: „ცხადია, დაზვერვით მოპოვებულ ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოს ვუზიარებთ - მათ შორის, აშშ-ს. ამდენად, თუკი ვინმე პაკისტანის მხრიდან დაზვერვის სფეროში ნაკლოვანებებზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ ნაკლოვანება მთელ მსოფლიოს ახასიათებს.“

’ალ-ყაიდის’ ყველა მნიშვნელოვანი წარმომადგენლის აყვანა - დაპატიმრება - ISI-ს, ჩვენი დაზვერვის მიერ განხორციელდა ბოლო წლებში...
გილანიმ, რომლის მთავრობას აშშ დახმარების სახით მილიარდობით დოლარს გამოუყოფს, მსოფლიოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დასძინა, „უსაფრთხოება და ექსტრემიზმის ან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთი ქვეყნის ამოცანა არ არისო“.

მისი განცხადებების ფონია მზარდი ზეწოლა დასავლეთის ქვეყნების, უწინარესად, აშშ-ის მხრიდან. პაკისტანს იმის ახსნას სთხოვენ, თუ როგორ შეეძლო „ალ-ყაიდის“ ლიდერს ქვეყანაში წლების განმავლობაში ისე ეცხოვრა, რომ ისლამაბადს ამაზე არაფერი სცოდნოდა.

თეთრი სახლის კონტრტერორიზმის ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში სამშაბათს შემდეგი განაცხადა: „ვფიქრობ, ნაადრევი იქნებოდა იმ შესაძლებლობის გამორიცხვა, რომ პაკისტანში - მათ შორის, ქვეყნის ოფიციალურ ისტებლიშმენტში - იყვნენ გარკვეული პირები, რომლებსაც შესაძლოა ეს სცოდნოდათ. ამ ეტაპზე არავის ვადანაშაულებთ, მაგრამ ვაპირებთ საქმეს ბოლომდე ჩავეძიოთ.“

ორ მხარეს შორის ნდობის ნაკლებობა ნათლად წარმოჩნდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის ლეონ პანეტას სიტყვებში, რომელიც მან ჟურნალ „ტაიმს“ ინტერვიუს დროს უთხრა - რომ ბინ ლადენის საცხოვრებელზე დაგეგმილი რეიდის შესახებ ისლამაბადს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდეს იმის შიშით, რომ პაკისტანის წარმომადგენლებს შეიძლებოდა „სამიზნეები გაეფრთხილებინათ“ და ოპერაციისთვის საფრთხე შეექმნათ.

პაკისტანის მაღალჩინოსნები ბინ ლადენის სიკვდილის ცნობას მიესალმნენ. ისინი უარყოფენ განცხადებებს, რომ ამ ისტორიამ მათი ქვეყნის დასაზვერვო სტრუქტურების სისუსტე გამოააშკარავა ან ის აჩვენა, რომ ამ სტრუქტურებში გარკვეულმა პირებმა იცოდნენ „ალ-ყაიდის“ ლიდერის სამალავი ადგილი.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალმან ბაშირმა ოთხშაბათს ბიბისის უთხრა, პანეტას განცხადებები „შფოთის მომგვრელიაო“ და დასძინა, პაკისტანმა ტერორიზმთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულაო: „’ალ-ყაიდის’ ყველა მნიშვნელოვანი წარმომადგენლის აყვანა - დაპატიმრება - ISI-ს, ჩვენი დაზვერვის მიერ განხორციელდა ბოლო წლებში. ყველა მნიშვნელოვანი პირი პაკისტანის დიდ და პატარა ქალაქებში დააპატიმრეს. ვფიქრობ, ეს უნდა გვახსოვდეს.“

ბაშირის სიტყვებში აირეკლა მისი სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ პაკისტანის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენა ბინ ლადენის საპოვნელად.

ამასთან, სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება და უკმაყოფილება“ გამოხატა აშშ-ის ოპერაციის გამო და განაცხადა, „უნებართვო, ცალმხრივი ქმედება“ ნორმად არ უნდა იქცესო.

თუმცა ცნობამ, რომ ბინ ლადენს შესაძლებლობა ჰქონდა პაკისტანში ამდენ ხანს დამალულიყო, შეკითხვები ამერიკის და სხვა ქვეყნების კანონმდებლებსა და ლიდერებს შორისაც წამოჭრა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა მუჰამედ ზაჰირ აზიმიმ ოთხშაბათს განაცხადა, „არა მხოლოდ პაკისტანს, მისი ძლიერი სადაზვერვო სამსახურით, არამედ სუსტი დაზვერვის მქონე სუსტ მთავრობასაც ეცოდინებოდა, ვინ ცხოვრობდა ასეთ ადგილას მდგარ იმ სახლშიო.“

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ პაკისტანის მთავრობას წაუყენეს მოთხოვნა წარმოადგინოს ახსნა-განმარტება, თუ როგორ შეძლო ბინ ლადენმა აბოტაბადში ამდენი ხნის განმავლობაში ცხოვრება.

თუმცა ორივე პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი პაკისტანთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით არის დაინტერესებული.

ჟუპემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, ავღანეთში ვითარების გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას ვერ მივაღწევდით, რომ არა პაკისტანთან სანდო თანამშრომლობაო.

ისლამაბადის მიმართ კრიტიკის და შეკითხვების მატების პარალელურად, თეთრმა სახლმა ახალი დეტალები გამოაქვეყნა აშშ-ის მიერ განხორციელებული რეიდის ირგვლივ. ახალი ინფორმაცია გარკვეულწილად განსხვავდება თავდაპირველი ცნობებისგან.

თეთრი სახლის განცხადებით, ბინ ლადენი შეუიარაღებელი იყო, როცა თავში ესროლეს - მას შემდეგ, რაც მისი შეპყრობის მოსურნეებს წინააღმდეგობა გაუწია. საფიქრებელია, რომ ეს ცნობა წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის უშიშროების ერთ-ერთი წარმომადგენლის მონათხრობთან, რომ ბინ ლადენმა „მონაწილეობა მიიღო“ აშშ-ის ელიტურ ქვედანაყოფთან სროლაში.

რეიდის დროს ორი შიკრიკი და ერთი ქალი დაიღუპნენ, ბინ ლადენის ერთ-ერთი ცოლი კი დაიჭრა. როგორც ჩანს, ესეც ეწინააღმდეგება თავდაპირველ ცნობას, რომ ბინ ლადენის ცოლი ცოცხალ ფარად გამოიყენეს და დაიღუპა. რეიდის დროს მოკლული მეხუთე პირი, როგორც ამბობენ, „ალ-ყაიდის“ ლიდერის ერთ-ერთი ვაჟია.

აშშ-ს არაფერი უთქვამს რეიდის შედეგად შეპყრობილებზე. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბინ ლადენის გვამი ობიექტიდან წაღებულ იქნა და შემდეგ ის ზღვაში დაკრძალეს.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ახლა იმაზე მსჯელობენ, გამოაქვეყნონ თუ არა - და თუ კი, მაშინ როდის გამოაქვეყნონ - ბინ ლადენის გვამის ფოტოები.

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯეი კარნის თქმით, „შემზარავმა“ ფოტომ შეიძლება ვნებათაღელვის გაძლიერება გამოიწვიოს. თუმცა პანეტა აცხადებს, რომ მთავრობა ფოტოს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG