Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას ტრიუმფი


ბინ ლადენის განადგურება, უდავოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარმატებაა. სწორედ ობამას გაბედულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობენ ექსპერტები და უბრალო ადამიანები ამ დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ბინ ლადენის განადგურების ოპერაციას ჰყავდა ბევრი თანამონაწილე და უშუალო შემსრულებელი, იმ სპეცრაზმელების სახით, რომელთა სახელებიც მკაცრად გასაიდუმლოებულია.

1 მაისის წარმატებული ოპერაციის დეტალები ჯერ ცნობილიც კი არ იყო, რომ ბარაკ ობამა უკვე ღებულობდა როგორც პოლიტიკოსების, ისე უბრალო ადამიანების შექებას. მათ შორის იყვნენ ობამას მკაცრი კრიტიკოსები - ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, სკანდალური თოკ-შოუს წამყვანი რაშ ლიბმაუი, რესპუბლიკელების სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პეილინი და მიტ რომნი. ასევე ბევრი რესპუბლიკელი ზეიმობდა ბარაკ ობამას წარმატებას თეთრი სახლის წინ 2 მაისის ღამეს.

„ამჯერად ეს პრეზიდენტი ობამაა, ვინც იმსახურებს ქებას. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ბუშმა და სადაზვერვო და სამხედრო ძალებმაც განსაცვიფრებლად იმუშავეს, პრეზიდენტი ობამაა უმაღლესი მთავარსარდალი და მან გასცა ოპერაციის დაწყების ბრძანება. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვამაყობ ჩვენი პრეზიდენტით. ეს განსაცვიფრებელი მიღწევაა.“

ასე სწამს ამერიკის ბევრ მოქალაქეს ამ დღეებში. მაგრამ როდესაც სიხარულის ეიფორია დაცხრება და პოლიტიკოსები დაუბრუნდებიან თავის ყოველდღიურ სამუშაოს, ღირს დავსვათ შეკითხვა, სახელდობრ: რისთვის ვაქებთ პრეზიდენტ ობამას?

ცხადია, ნებისმიერი ასეთი ყაიდის ოპერაციის დროს ბედისწერა თავის როლს თამაშობს. გავრცელებული აზრით, ობამა და მისი ეროვნული უშიშროების აპარატი ემყარებოდნენ იმ საფუძველს, რომელიც, დიდი მოცულობის სამუშაოებისა და მძიმე შრომით მოპოვებული გამოცდილების შედეგად, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შექმნეს შეერთებული შტატების სამხედრო და დაზვერვის უწყებებმა.

ობამას აქვს უფლება განაცხადოს, რომ მისი კუთვნილებაა უსაფრთხოების ოპერაცია, რაც არსებითად ემყარებოდა ბიუროკრატიულ დისციპლინას, გულმოდგინე კომპეტენტურობასა და უნარს, გასწიო რისკი იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა. პიტერ სინგერი, ვაშინგტონში არსებული ბრუკინგსის ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი აქვე ახსენებს „პროფესიონალიზმს“:

„ეს ძალიან პროფესიული მიდგომაა. ჩვენ ვაშინგტონში ხშირად ვაკრიტიკებთ იმას, რაც სინამდვილეში ძალიან პროფესიულია. თუმცა, ამჯერად თქვენ ამის ნაყოფს ხედავთ.“

თეთრი სახლიდან მიღებული ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, 2010 წლის აგვისტოში ადმინისტრაციამ მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მდებარე ბინ ლადენის საცხოვრებელი ობიექტის შესახებ. ამას მოჰყვა ეროვნული უშიშროების საბჭოს 5 შეხვედრა რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც კონცენტრირებული იყო ბინ ლადენის განადგურებაზე:

„ეს იყო პროცესი, რომელსაც ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დაელაგებინა და რომლის კულმინაციაც იყო რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც, საბოლოო ჯამში, უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობა ოყო.“

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად გახდომისთანავე ბარაკ ობამამ ასეთივე გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ტაქტიკაში. მისი ბრძანებით მნიშვნელოვნად გაიზარდა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავების რეიდები პაკისტანის ტერიტორიაზე არსებულ ტერორისტების ბანაკებზე. „ახალი ამერიკის ფონდის“ კვლევების თანახმად, თუკი ჯორჯ ბუში პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2008 წელს, პაკისტანის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავებმა მხოლოდ 33 იერიში განახორციელეს, 2009 წელს ეს რიცხვი 53-მდე გაიზარდა, 2010 წელს კი 118-ს მიაღწია.

ღირს გავიხსენოთ, რომ ბარაკ ობამა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კაპმანიის დროს იძლეოდა დაპირებას, რომ, „სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაციიის არსებობის შემთხვევაში, ტერორისტთა სამიზნეებს გაანადგურებდა პაკისტანშიც, თუკი ამას პრეზიდენტი მუშარაფი არ გააკეთდებდა.“ სრულიად შეცვალა რა ბუშის პერიოდის პოლიტიკა, ობამამ გასცა ბრძანება გადაესროლა სადაზვერვო საშუალებები და სპეცდანიშნულების ნაწილები ავღანეთში. როგორც ამბობს მაიკლ ო’კანლონი, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან, ობამას გადაწყვეტილებამ ახალი ენერგია შემატა ანტიტერორისტულ ოპერაციას ავღანეთში, რაც, მკვლევარის აზრით, საბოლო ჯამში, ნომერი პირველი ტერორისტის -ბინ ლადენის - განადგურებით დასრულდა.

ობამას ასეთი წარმატება, ცხადია, მას უვნებელს ვერ გახდის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მით უფრო, ამერიკის ეკონომიკის უსიამოვნო სიურპრიზების გათვალისწინებით. თუმცა, ბინ ლადენის წარმატებული მოხელთების შემდეგ, ობამას იმას მაინც ვერ უსაყვედურებ, რომ არაპროფესიულია უსაფრთხოების საკითხებში.
XS
SM
MD
LG