Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 24 მაისი, 2011


საქართველოში 21 მაისს დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გულგრილი ვერ დატოვა რუსეთში გამომავალი წამყვანი გაზეთები, რომელთა დიდმა ნაწილმა მოვლენებს გაასწრო და მკითხველს საქართველოში რევოლუციის დაწყება ამცნო. „ახალი ქართული რევოლუცია პირდაპირ ეთერში დაიწყო“ - ასეთი სათაურით დაბეჭდა მეწინავე სტატია 22 მაისს გამოსულმა „გაზეტამ“. სათაურში გამოტანილი ციტატა ეკუთვნის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და „სახალხო კრების“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც წერილის ავტორისათვის უთქვამს: „რევოლუცია უკვე დაიწყო და ის საქართველოს ხელისუფლების მიერაა პროვოცირებულიო.“ სტატიის ავტორი ასევე ესაუბრა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ მაგალითი მოიშველია და არ გამორიცხა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციის რევოლუციაში გადაზრდის შესაძლებლობა. „ყველაფერს უახლოესი დღეები გვიჩვენებს“, უთქვამს ქართველ ექსპერტს. „გაზეტაში“ დაბეჭდილ ამავე წერილში წაიკითხავთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილის აზრს თბილისში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით: „საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა უნდა იცოდნენ, რომ შეუძლებელია ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა. აქ კი გამოდის, რომ მეორედ კი არა, მეათედ ცდილობენ ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა. ისინი მოსწყდნენ ეპოქას, სინამდვილეს და დარბიან ერთსა და იმავე წრეზე. კი ბატონო, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ირბინონ რამდენიც უნდათ.“

„ეგვიპტურ ვარიანტზეა“ ლაპარაკი „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ავტორისათვის ანონიმ რესპონდენტს უთქვამს, რომ კვანძის გასახსნელად საჭიროა მასშტაბური შეტაკება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. „თუ ასეთი შეტაკება მოხდება, რადიკალური ოპოზიციის რომელიმე ლიდერი - მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი - მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, იხსნას ქართველები სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმისაგან.“

უნდა ითქვას, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და მის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რუსულმა გაზეთებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. „ქართული პარტიის“ ლიდერი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ თავშესაფარს ტოვებს“ - ასეთია ერთ-ერთი წერილის სათაური. იქვე მოტანილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შოთა უტიაშვილის კომენტარიც, რომლის მიხედვითაც, სამშობლოში დაბრუნებულ ოქრუაშვილს საზღვრის გადაკვეთისთანავე დააპატიმრებენ. „ჩვენ ველოდებით მას“, უთქვამს უტიაშვილს, თუმცა 24 მაისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ოპერატიულად გაავრცელებს ცნობა იმის თაობაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი აღარ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სარედაქციო წერილით გამოეხმაურა გაზეთი „ვედომოსტი“. სტატიაში - „ოსამა სააკაშვილი“ ვკითხულობთ: „რუსი ტელეჟურნალისტები სიხარულით ლაპარაკობენ საქართველოში მიმდინარე დაპირისპირებაზე. როგორც ჩანს, დაავიწყდათ, როგორ აძაგებდნენ ფერად რევოლუციებს იმავე საქართველოსა და უკრაინაში. ტელეარხების სიხარულის მიზეზი ორი ქვეყნის მრავალწლიანი მტრობის შედეგი უნდა იყოს. სამამულო ოფიციალურ პროპაგანდაში სააკაშვილს უკავია ის ადგილი, რომელიც სიკვდილამდე ოსამა ბენ ლადენს ამერიკულ პროპაგანდაში ეკავა“. დასკვნის სახით, „ვედომოსტის“ სარედაქციო წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა ვერ გააუმჯობესებს ორმხრივ ურთიერთობებს, რადგანაც, გაზეთის აზრით, სააკაშვილის ოპონენტებიც რუსეთის კავკასიური პოლიტიკის მოწინააღმდეგენი, ხოლოდ სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ქორები არიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG