Accessibility links

logo-print
გაზეთი "იზვესტია", რომელიც საბჭოთა პერიოდში პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი და ფართოდ გავრცელებული იარაღი იყო, ტაბლოიდად იქცა. ერთ დროს სერიოზული გამოცემა 6 ივნისიდან მკითხველს, უმეტესწილად, სენსაციურ ამბებსა და ცნობილი ადამიანების ცხოვრების ფათერაკებს სთავაზობს.

„იზვესტიის“ რედაქციაში ჟურნალისტებს სახეზე აწერიათ გაწბილება. ბევრი არ არის ლაპარაკის ხასიათზეო, იუწყება მოსკოვში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი. დათრგუნული განწყობა გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ „იზვესტიაში“ დასაქმებულების ორი მესამედი კარგავს სამსახურს. მიზეზია გამოცემის მფლობელის, „ნაციონალური მედია ჯგუფის“ გადაწყვეტილება, სახე უცვალოს გაზეთს, ის მკითხველებისათვის უფრო მიმზიდველი გახადოს და ამით კონკურენცია გაუწიოს პოპულარულ გამოცემებს, როგორიც არის „კომერსანტი“ ან „ვედომოსტი“.

„ნაციონალური მედია ჯგუფის“ ამბიციური მიზანია წამყვანი ბრიტანული ტაბლოიდების მსგავსი მედია-იმპერიის აშენება, რისთვისაც „იზვესტიას“ იყენებს, რუსეთში მილიონობით ადამიანისათვის ცნობილ სახელწოდებას. თუმცა, ახალ ამოცანასთან გასამკლავებლად საკმარისად მიიჩნევენ 38 თანამშრომელს მაშინ, როცა „იზვესტიაში“ ამჟამად 200 ადამიანია დასაქმებული.

„ხალხი ახლა აქ არის და სამსახურიდან დათხოვას ელოდება - აი, ეს ხდება. ორ დღეში ყველას დაითხოვენ. ელოდებიან მარტო იმას, რომ ხელი მოაწერონ ქაღალდებს და მფლობელებთან შეთანხმებას, რომ შენობიდან წასვლა შეძლონ“, განმარტავს „იზვესტიის“ რედაქტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, სერგეი მოსტოვშჩიკოვი. ის არ მალავს, რომ გულზე არ ეხატება ცვლილებები: „მე ამ გაზეთში გავიზარდე. შვიდი წელი ვმუშაობდი რეპორტიორად. ჩემთვის ეს გაზეთი, უბრალოდ, რაღაც სახელწოდება არ არის. აქ ერთი წლის წინ დავბრუნდი და ვფიქრობ, რომ „იზვესტიის“ გადაცემა ყვითელი გაზეთების გამომცემელთა ხელში - ეს მიუღებელი რამაა“.

"იზვესტია" 1917 წელს დაარსდა, მალევე იქცა საბჭოთა რეჟიმის რუპორად და კულმინაციას მიაღწია რვამილიონიანი ტირაჟით. გარკვეულ პერიოდში ის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა საბჭოთა ინტელიგენციაში: მისი ფავორიტი იყო 1959 წლის შემდეგ, როცა მთავარ რედაქტორად ხრუშჩოვის სიძე, ალექსეი აჯუბეი დაინიშნა და გაზეთიდან გაქრა საბჭოთა ლიდერების მოსაწყენი გამოსვლების ტექსტები, გაუმჯობესდა დიზაინი, ფოტოსურათების ხარისხი, დაიბეჭდა სტატიები, რომლებსაც ინტერესით წაიკითხავდი...

პერესტროიკის დროს „იზვესტია“ მიხაილ გორბაჩოვის რეფორმების მხარდამჭერ მთავარ გამოცემად იქცა, მაგრამ, მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მას დიდი ბრძოლა გადახდა ახალ გარემოში ადგილის დასამკვირებლად. მის მფლობელებს შორის იყვნენ „ინტეროს გრუპი“ და „გაზპრომ მედია“, ორივე - კრემლთან მჭიდრო კონტაქტებით. ბოლო წლებში კი „იზვესტიას“ ისევ ხშირად მოიხსენიებდნენ „რუპორად“, ამჯერად პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისა და მმართველ პარტია ერთიანი რუსეთის ინტერესთა გამხმოვანებლად. გაზეთისადმი ინტერესმა მკვეთრად იკლო, ის 250 000 ეგზემპლარს თუ ყიდდა.

2008 წელს „იზვესტია“ „გაზპრომ მედიისაგან“ შეიძინა „ნაციონალურმა მედია ჯგუფმა“, რომელსაც ბიზნესმენი იური კოვალჩუკი აკონტროლებს (სხვათა შორის, პუტინთან დაახლოებული პირი). და, როგორც ახალი მფლობელი განმარტავს, მისი მიზანია მომგებიან გამოცემად აქციოს ყოველდღიური გაზეთი, რომელიც რახანია, წარმატებებს გამოეთხოვა. სწორედ საამისოდ აქცევს მას ტაბლოიდად.

საინფორმაციო პოლიტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენელ, ალექსანდრ კინევის აზრით, „გაზეთი „იზვესტია“ შესაძლოა, თანამედროვე რუსეთში ბეჭდვითი მედიის როლის დეგრადაციის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყოს. საქმე ეხება არცთუ ურიგო ბრენდს, რომელიც საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლებოდა და მაშინ ერთ-ერთ საუკეთესო, ხარისხიან გაზეთად იყო მიჩნეული. თანამედროვე პერიოდში კი ის, პრაქტიკულად, პროპაგანდის იარაღად იქცა - „ერთიანი რუსეთის“ საქაღალდე გაზეთად, პროპაგანდის ინსტრუმენტად“.
XS
SM
MD
LG