Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი დევნილი ოჯახი კომპენსაციას ითხოვს


არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პრესკონფერენცია გამართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საკითხი კოდორის ხეობიდან დევნილი ორი ოჯახის საქმეს ეხება. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ამ ოჯახებისთვის 10 000 დოლარის კომპენსაციის გაცემას ითხოვდა, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ის გარემოება, რომ მათ დევნილის სტატუსი მიენიჭათ 90-იან წლებში და არა 2008 წელს, გახდა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენს მოთხოვნაზე უარი ეთქვა...

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მარტში მიმართა მერაბ არღვლიანისა და ილონა მდივნისათვის 10 ათასი დოლარის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით. ეს ორი ოჯახი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან გამოდევნეს, კოდორის ხეობაში ცხოვრობდა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო კი მათ კოდორის ხეობის დატოვებაც მოუხდათ და თბილისში, ბაგების სტუდქალაქში, მოუწიათ ცხოვრებამ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარის, თამარ გაბისონიას განმარტებით, სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ დააკმაყოფილა:

”წარმოვადგენდით ახალგაზრდა ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი ვაჟი - 5,4 და 3 წლის. ისინი დაიბადნენ კოდორის ხეობაში, იქ დადიოდნენ ბაღში, იქ ჰქონდა ამ ოჯახს მცირე ბიზნესი და ეს ოჯახი იძულებული გახდა ჩამოსულიყო თბილისში მხოლოდ კონფლიქტის გამო. მაგრამ სასამართლოსთვის ეს არ აღმოჩნდა არგუმენტი და ის გარემოება, რომ მათ დევნილის სტატუსი მიენიჭათ 90-იან წლებში და არა 2008 წელს, გახდა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენს მოთხოვნაზე უარი ეთქვა.”
მეუბნებოდნენ, დაგირეკავთ და იმ კვირაში აიღებო, მაგრამ გადიოდა დღეები ტყუილში და, აი, ახლა ქუჩაში ვზრდი ბავშვებს...

რადიო თავისუფლება მერაბ არღვლიანს დაუკავშირდა. ის 34 წლისაა და ამჟამად მეუღლესა და 3 მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი შემწეობაა, რომელიც თვეში შეადგენს 201 ლარს, საიდანაც 150 ლარს ბინის ქირაში იხდის. მერაბ არღვლიანი გვეუბნება, რომ, 2009 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომპენსაციის მოთხოვნით მიმართვდა:

”[სამინისტროში] შემომთავაზეს დამეწერა კომპენსაციაზე განცხადება. დავწერე. მითხრეს, აიღებ კომპენსაციას და თავისუფალი იქნებიო. დავწერე განცხადება. მერე გასაუბრებაზე მიბარებდნენ. მეუბნებოდნენ, დაგირეკავთ და იმ კვირაში აიღებო, მაგრამ გადიოდა დღეები ტყუილში და, აი, ახლა ქუჩაში ვზრდი ბავშვებს.”

როგორც მერაბ არღვლიანი ამბობს, მიმდინარე წლის 20 იანვარს ის, ოჯახთან ერთად, ბაგების სტუდქალაქიდან გამოასახლეს და სოფელ წინწყაროში წაიყვანეს, ამ გადაწყვეტილებაზე კი იმიტომ დათანხმდა, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა არსებული გაუსაძლისი პირობების - უშუქობის, უგაზობის და უწყლობის - გამო მცირეწლოვან შვილებთან ერთად იქ ცხოვრება ვერ შეძლო და ისევ თბილისში დაბრუნდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ თუ პირი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე დათანხმდება, ის სხვა სახის კომპენსაციას ვერ მიიღებს. სამინისტროს წარმომადგენელი ლიკა ბასლანძე ამბობს:
ის, რომ ჯერ მიიღო ფართი და შემდეგ მოითხოვო კომპენსაცია, ეს ასე არ ხდება და, ამდენად, მათ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ...

”მერაბ არღვლიანის მამას, ვარლამს, ჰყავს 4 ვაჟი. მათგან 2-ს გადაეცა ალტერნატიული ფართი ხობისა და სენაკის რაიონებში, მესამეს გადაეცა 10 ათასი დოლარი, მეოთხე შვილს [მერაბს], ანუ ვისთან ერთადაც ცხოვრობს ვარლამ არღვლიანი, შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი წინწყაროში. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ უარი თქვეს ამ შეთავაზებაზე და ითხოვენ კომპენსაციას. და ის, რომ ჯერ მიიღო ფართი და შემდეგ მოითხოვო კომპენსაცია, ეს ასე არ ხდება და, ამდენად, მათ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ.”

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს, მერაბ არღვლიანი კი ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG