Accessibility links

logo-print

მერია მძღოლებს ტარიფის შემცირების რეკომენდაციით მიმართავს


საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერია სამარშრუტო ტაქსების ხაზების მეპატრონეებს მგზავრობის ღირებულების გაიაფების რეკომენდაციით მიმართავს, - ასეთი პასუხი გამოიტანა პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ლაღიძემ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრიდან. შეხვედრა კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მერიის წინ მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა, რომლის ერთადერთი მოთხოვნა ე.წ. „მარშრუტკებით“ მგზავრობის ღირებულების კვლავ 50 თეთრამდე დაწევა იყო. შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა თბილისში არსებული ხაზების მნიშვნელოვან ნაწილზე უკვე ერთი კვირაა 80 თეთრი ღირს.

საპატრულო პოლიციის გამოძახება ჟურნალისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისის მერიის დაცვამ მათ შენობის შესასვლელი გადაუკეტა. შენობაში შესვლა მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტმა მოახერხა. ისინი მერიის ფოიეში მანამდე მოხვდნენ, სანამ დაცვის სამსახური, მათივე განცხადებით, მერიის პრეს-ცენტრისაგან ბრძანებას მიიღებდა, რომ შენობაში ჟურნალისტები არ შეეშვათ.

დაცვა: დაუკავშორდით პრეს-სამსახურს.
ჟურნალისტები: პრეს-სამსახური არ იღებს ტელეფონს. დაუკავშირდით პრეს-სამსახურს და ჩამოვიდნენ ფოიეში.

სამარშრუტო ტრანსპორტზე ფასის მატება ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ისედაც გაჭირვებულ და გაღატაკებულ მოსახლეობას...
საპატრულო პოლიცია ჟურნალისტებმა 13 საათსა და 36 წუთზე გამოიძახეს. 13 საათსა და 53 წუთზე კი საპატრულო პოლიციის ოპერატორმა, ნომრით 27, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრულის ეკიპაჟი მერიასთან ვერ გამოცხადდებოდა. როგორც საპატრულო პოლიციის ოპერატორმა ”ალიას” ჟურნალისტს განუმარტა, მერიის შენობაში ჟურნალისტების გადაადგილება მერიის დაცვის თანამშრომლების პრეროგატივაა.

თუმცა სანამ ჟურნალისტები საპატრულო პოლიციას გამოიძახებდნენ, შეიძლება ითქვას, თბილისის მერიასთან ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, საკმაოდ მცირერიცხოვანი აქცია მიმდინარეობდა. აქციის ერთადერთი მოთხოვნა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის კვლავ 50 თეთრამდე დაწევა იყო. თბილისის მერიასთან მცირერიცხოვან აქციას პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე უძღვებოდა:

ახალი სამარშრუტო ტაქსები
”სამარშრუტო ტრანსპორტზე ფასის მატება ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ისედაც გაჭირვებულ და გაღატაკებულ მოსახლეობას. ჩვენ მოვითხოვთ შეხვედრას დედაქალაქის მერთან. გაგვცეს კითხვებზე პასუხი.”

მერიის ფოიეში დაახლოებით ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ აქციის ორგანიზატორები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ მიიღო.

პარალელურად, მერიის შესასვლელში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი მერიის პრეს-სპიკერმა ბაჩო დოლიძემაც გააკეთა. ამ ბაზარს ჩვენ ვერ ვარეგულირებთო, ამბობს ის:

ვთავაზობთ მერიას, რომ გავმართოთ სამმხრივი კონსულტაციები, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ჩვენ, თბილისის მერია და კომპანიის წარმომადგენლები, რათა მთავარი მსჯელობის საგანი, ერთი მხრივ, იყოს ტენდერის ხელახლა ჩატარება...
”ქალაქში 180-ზე მეტი სამარშრუტო ხაზია და მხოლოდ ნაწილია გაძვირებული. ცოტა ხანში ქალაქში სრულად შემოვა ახალი სამარშრუტო მანქანები და ტარიფი 80 თეთრი იქნება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ აღნიშნულ ტარიფს კონკურენცია გავუწიოთ მეტროთი და ავტობუსით და ვაცხადებთ, რომ ამ ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება”, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა აქციის ორგანიზატორთა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის შეხვედრა. შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ლაღიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერია სამარშრუტო ტაქსების ხაზების მეპატრონეებს მგზავრობის ღირებულების გაიაფების რეკომენდაციით მიმართავს.

სამარშრუტო ტაქსების ტარიფებთან დაკავშირებით თბილისის მერიას კონსულტაციების დაწყებას სთავაზობენ ქრისტიან-დემოკრატებიც. საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია ამბობს, რომ მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე სამარშრუტო ბაზარზე შემოსულმა ერთადერთმა კომპანიამ თვითნებურად გააძვირა მგზავრობის ღირებულება და სწორედ ამიტომ ქრისტიან-დემოკრატები ხელახალი ტენდერის ჩატარებასა და სამმხრივ კონსულტაციებს თხოულობენ:

”ვთავაზობთ მერიას, რომ გავმართოთ სამმხრივი კონსულტაციები, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ჩვენ, თბილისის მერია და კომპანიის წარმომადგენლები, რათა მთავარი მსჯელობის საგანი, ერთი მხრივ, იყოს ტენდერის ხელახლა ჩატარება და, მეორე მხრივ, ტარიფის პირდაპირი ზემოქმედებით ძველ ნიშნულზე დაბრუნების საკითხი”, - ამბობს ზაზა გაბუნია.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ ხელახალი კონსულტაციები მიზანშეწონილად მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით არ მიაჩნიათ, რომ არც მერიასა და არც საკრებულოს კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის უფლება არა აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი” ვალდებულებას იღებს 2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებული ყველა სამარშრუტო ტაქსი ახალი, კომფორტული ყვითელი ფერის მიკროავტობუსებით ჩაანაცვლოს. ისინი უარყოფენ ძველ სამარშრუტო ტაქსებზე ტარიფების მათ მიერ გაზრდას და აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასურს თავად მძღოლები არეგულირებენ, რასაც, თავის მხრივ, მძღოლები უარყოფენ და ხელს სატრანსპორტო კომპანიისაკენ იშვერენ. ამასობაში კი მგზავრთა ნაწილი გაზრდილი საფასურის გადახდას არ აპირებს, ნაწილი კი გაზრდილ ტარიფს პროტესტის გარეშე ხვდება.
XS
SM
MD
LG