Accessibility links

logo-print
კახეთში რთველი ტრადიციულად ყველაზე ადრე დედოფლისწყაროს რაიონში იწყება ხოლმე. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს გლეხების ნაწილი შავი ყურძნის ჩაბარების ფასის 1 ლარამდე გაზრდას მაინც ითხოვს, სხვა შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ საერთოდ ყურძნის ქარხანაში ჩაბარებაზე უარი თქვან. რა ვითარებაა რთვლის დაწყების პირველ დღეებში კახეთში?

სამთაწყაროელი გურამ ცეცხლაძე წელს 3-4 ტონა საფერავს და 2 ტონამდე რქაწითელის მოსავალს ელის საკუთარი ვენახიდან. ამბობს, რომ იმ ფასით, რა ფასსაც ღვინის ქარხნები სთავაზობენ, დახარჯული თანხის ანაზღაურებასაც კი ვერ შეძლებს, არათუ მოგების მიღებას:

”65 თეთრი ვენახის მოყვანის ფასს ვერ ფარავს. ლარამდე რო გაზარდონ ფასი, ცოტა შეღავათი იქნებოდა. ვალებით გვაქვს ვენახები მოყვანილი.”

გურამ ცეცხლაძე ამბობს, რომ ურჩევნია ყურძენი ვაზზე გაახმოს, ვიდრე იმ ფასად ჩააბაროს, რასაც სთავაზობენ. სამთაწყაროსთან უახლოესი ღვინის ქარხანა წნორში მდებარეობს. წნორის ქარხნის, შპს „გრუზვინპრომის“ დირექტორი მერაბ მიქაშავიძე ამბობს, რომ ყურძენზე ფასს ბაზარი ადგენს:

”წინა წლების გამოცდილებამ გვანახვა, რომ საქართველოში წითელი ყურძენი არის ჭარბად და მოთხოვნა კი მასზე დაბალია. იყო პერიოდი, როცა 2 ლარამდე გამოდიოდა ყურძნის ფასი, მაგრამ ეს რეალური არ იყო, მაშინ ეს დეფიციტით იყო გამოწვეული.”

მერაბ მიქაშავიძისვე განცხადებით, წელს მისი ქარხანა მევენახეებს საფერავის ჯიშის ყურძენზე 65 თეთრს სთავაზობს, რქაწითელზე კი 45-ს. ამ ფასში შედის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიაც, რომელიც თეთრ ყურძენზე 15, ხოლო შავზე 25 თეთრს შეადგენს. მერაბ მიქაშავიძე ამბობს, რომ წელს ქარხანა მზადაა 10-დან 12 ათასამდე ტონა ყურძენი ჩაიბაროს, ძირითადი ბაზარი კი რეალიზაციისთვის უკრაინა და ბელორუსიაა. მერაბ მიქაშავიძის განცხადებით, საფრთხე, რომ დაგეგმილ ყურძენზე ნაკლები ჩაიბაროს ქარხანამ, არარეალურია:

”ამ ერთი თვის განმავლობაში 2 რაიონში გვქონდა შეხვედრა გლეხებთან და შეგნებით ეკიდებიან იმ პრობლემას, რაც არის წითელი ყურძნის რეალიზაციაში, მაგრამ ანალოგიური ფრაზა, რომ რთველს არ დაიწყებენ, არ შემხვედრია.”

რთველი 2011-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ტარიელ გაბუნია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დედოფლისწყაროს რაიონში რთველი უკვე დაიწყო. სპეციალისტები ყურძნის შაქრიანობას ეტაპობრივად ამოწმებენ და როგორც კი შესაბამის კონდიციაში იქნება ვენახები, კრეფაც გაგრძელდება. წელს კახეთში 100-120 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, მოსავლის ოდენობა 25%-ით უნდა გაიზარდოს. ტარიელ გაბუნიას განცხადებით, ბაზარზე ყურძენზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსავალი ბოლო მარცვლამდე დაბინავდება. რაც შეეხება გლეხების მოთხოვნას ყურძენზე ფასის მომატებასთან დაკავშირებით, ტარიელ გაბუნია რადიო თავისუფლებას უპასუხებს:

”კი, ეს ასეა - ყოველი რთვლის პერიოდში გლეხები ამბობენ, რომ სასურველია, რომ ფასი გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ვუხსნით გლეხობას და ფერმერებს, რომ სახელმწიფო ვერც ფასის გაზრდაში ჩაერევა და ვერც დაკლებაში, ეს ბაზარზეა მინდობილი და ბაზარი არეგულირებს. ახლაც აქ ვიმყოფები, სამთაწყაროში, და განსაკუთრებული პრობლემა არ შემხვედრია. ეს არის ჩვეულებრივი დიალოგი გლეხებთან. ისინი ამბობენ, რომ სასურველია უფრო მაღალი ფასი იყოს ყურძენზე, რაშიც მეც ვეთანხმები, მაგრამ ასეთია ბაზარზე არსებული ვათარება.”

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოში ყურძენზე ფასი არ შეცვლილა, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ იზრდება შესაწამლი მასალების, საწვავის და სხვა საჭირო ტექნიკის მომსახურების ფასები, რაც გლეხებს ყოველი რთვლის წინ საგონებელში აგდებს:

”წლის ბოლოს გლეხს დახარჯულის ნახევარსაც ვერ უფარავს შემოსავალი. ჩვენს კისერზეა ყველაფერი, საწვავია თუ სასუქია. ცოტა მაინც გააიაფონ, რომ რამე სარგებელი ვნახოთ ჩვენც...”
XS
SM
MD
LG