Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურმა მხარემ აგვისტოში 18 დაკავებულიდან 15 გაათავისუფლა


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე–15 შეხვედრა დვანში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე–15 შეხვედრა დვანში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე–15 შეხვედრა დვანში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრამდე 1 დღით ადრე ოსურმა მხარემ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს 7 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ. აგვისტოს თვეში ოსურმა მხარემ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა, აქედან 15 უკვე თავისუფალია. გაურკვეველი რჩება ძმების შოთა და გიგა ბზარაშვილებისა და მათი ბიძის ელიზბარ ბზარაშვილის საკითხი. ისინი 22 აგვისტოს სოფელ წითელუბანთან რუსმა მესაზღვრეებმა მწყერზე ნადირობის დროს დააკავეს. როგორც რადიო თავისუფლებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა უთხრა, ბზარაშვილები შეიარაღებულნი იყვნენ და მათ საკითხს საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ, ამის შემდეგ გაირკვევა მათ დააპატიმრებენ თუ დე ფაქტო რესპუბლიკიდან გამოაძევებენ.

უკვე გარკვეულია დვანის მკვიდრის ვასილ კობახიძის საკითხი - მას დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელი შეხვედრა როგორც ევროპელმა დიპლომატებმა, ისე მხარეების წარმომადგენლებმა კმაყოფილებმა დატოვეს. მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ფერმერებს და გლეხებს ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ არსებული მიწის ფართობებიდან მოსავლის აღება უსაფრთხოდ შეეძლებათ. ადრე იყო შემთხვევები, როცა ნაკვეთებში მომუშავეებს შეიარაღებული პირები მოსავალს ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ართმევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ფერმერების და გლეხების უსაფრთხოებას წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ქართველი პოლიციელები დაიცავენ.

დვანის შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ქართული მხარე უპილოტო საფრენი აპარატებით დე ფაქტო რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევასა და სადაზვერვო საქმიანობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას უტიაშვილმა აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ უპილოტო აპარატები რუსებს ჰყავთ შეიარაღებაში. კვლავ დისკუსიის საგნად რჩება ახალგორისთვის ბუნებრივი აირის და სანაცვლოდ ქართული სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი. მერაბ ჩიგოევი დღეს პირობას დებდა, რომ ოსური მხარე ორივე მხარეს მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხის გადასაწყვეტად მზადაა, რაზეც შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ იყო შემთხვევა, როცა ახალგორს გაზი მიეწოდა, მაგრამ ოსურმა მხარემ პირობა არ შეასრულა. მისი განცხადებით, ახლა იტერასა და მილსადენის მფლობელ კომპანიას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარებით ევროპელი დიპლომატებიც დაინტერესებულნი არიან. ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის გეიდრიუს ჩეკოულისის განცხადებით, აუცილებელია დაბაში დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა გამოსწორდეს, ხოლო თუ რუსულ ბაზას ბუნებრივ აირს მიაწვდიან, მისი აღრიცხვა მოხდეს.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ანდჟეი ტიშკევიჩმა განაცხადა, რომ მხარეები სათანამშრომლოდ მზადყოფნას გამოთქვამენ და ყოველი მომდევნო შეხვედრა უკვე პოზიტიური შედეგით სრულდება.

20 ოქტომბერს დვანში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები ცხინვალის ციხეში დარჩენილების გათავისუფლების, ბუნებრივი აირისა და სარწყავი წყლის საკითხებზე მოლაპარაკებას გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG