Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-სა და ახალგაზრდა იურისტების დაპირისპირების კვირა


თამთა მიქელაძე. პრეს-კონფერენცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში. 2011 წ. 6 სექტემბერი.
თამთა მიქელაძე. პრეს-კონფერენცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში. 2011 წ. 6 სექტემბერი.
კვირა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადებებით დაიწყო. ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობები გაავრცელეს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მტკიცებით, ქართულმა კომპანიებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და რუსეთის სურსათის უვნებლობის სამსახურს ემბარგოს მოხსნის თხოვნით მიმართეს. ეს ინფორმაცია არ დაადასტურა საქართველოს საგარეო უწყებამ, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ხელისუფლების განცხადებას სპეკულაცია უწოდა, თუმცა გასულ კვირაშივე „ბორჯომის“ მწარმოებელმა კომპანიამ “ADS -ბორჯომმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია 2006 წლიდან ცდილობს რუსეთში დაბრუნებას და, შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, რომ არა ხელშეშლა, პრობლემა გაცილებით ადრე მოგვარდებოდა:

„ყველა კომპანია მოწადინებულია დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე, მაგრამ კომპანიები ერიდებიან ხელისუფლებასთან კონფლიქტს. „ბორჯომის“ მაგალითი არის ძალიან სიმპტომატური.“

გასულ კვირაში ხელისუფლებას სკოლებისა და პედაგოგების შემცირების გამოც საყვედურობდნენ. განათლების სფეროს პროფკავშირის თავმჯდომარის მაია კობახიძის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენიმე ასეული სკოლა და ათასობით პედაგოგი შეამცირა:

”სკოლების ლიკვიდაციისა და ოპტიმიზაციის კანონიერი უფლება აქვს სამინისტროს, მაგრამ ჩვენთვის, პედაგოგთა პროფკავშირისთვის, ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ სამინისტროს პოზიცია არ ჩანს. იძულებით გათავისუფლებული მასწავლებლების დასაქმების პროგრამა უნდა არსებობდეს.”
ჩვენ გვაინტერესებდა, იყო თუ არა ეს მასალა ფალსიფიცირებული და იყო თუ არა ამ ფოტოსა და ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანი ერთი და იგივე პირი. დასკვნის მიხედვით, ეს დოკუმენტები არ არის ფალსიფიცირებული...

სკოლების ოპტიმიზაციის პროცესი 7 წლის წინ დაიწყო, მიზეზად სასკოლო ინფრასტრუქტურის - როგორც ადამიანურის, ისე ფიზიკურის - შეუსაბამობა დასახელდა, თუმცა განათლების სფეროს ექსპერტის სიმონ ჯანაშიას თქმით, პრობლემას ქმნის ის, რომ ძნელია ობიექტური კრიტერიუმის შემუშავება, ანუ იმის გარკვევა რომელი სკოლა უნდა დაექვემდებაროს ოპტიმიზაციას და რომელი - არა.

გასულ კვირაში საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ პირველად შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის ბიურო. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 15 ივლისს შექმნილ ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის", რომლის თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა ფრაქციის წევრის ჯონდი ბაღათურიას ვიცე-სპიკერად არჩევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა. ცაგარეიშვილს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა:

”ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთ ვიცე-სპიკერს დავუჭიროთ მხარი და არც კაბინეტი გვენანება, დარწმუნებული ვარ ამ შენობაში ასეთი გამოინახება და ჩვენი შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ერთი მანქანის საშუალებაც იქნებოდა, მაგრამ კანონი და რეგლამენტი ამის უფლებას და საშუალებას არ გვაძლევს და საქმე სწორედ ამაშია, თორემ არც ჯონდი ბაღათურიას საწინააღმდეგო გვაქვს რამე და არც თქვენი ახლად შექმნილი ფრაქციის.”

გასული კვირის მოვლენებიდან გამორჩეული იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციის თხოვნით ლონდონში დაფუძნებულმა სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ შეადგინა. ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ლაპარაკია 26 მაისის აქციის დარბევიდან ორი დღის შემდეგ მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი ნიკა კვინტრაძის საქმეზე. დასკვნა, რომელიც ფოტო და ვიდეომასალის ანალიზის საფუძველზეა გაკეთებული, აძლიერებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ კვინტრაძე არა დენის დარტყმამ, არამედ პოლიციელებმა იმსხვერპლეს. ახალგაზრდა იურისტებმა ინგლისელ ექსპერტებს გაუგზავნეს ფოტოები, რომლებზეც პოლიციის მიერ დაკავებული პირი, მიტინგზე მყოფი ახალგაზრდა და მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი მამაკაცის გვამია გამოსახული, და შემდეგი კითხვებით მიმართეს:

”ჩვენ გვაინტერესებდა, იყო თუ არა ეს მასალა ფალსიფიცირებული და იყო თუ არა ამ ფოტოსა და ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანი ერთი და იგივე პირი. დასკვნის მიხედვით, ეს დოკუმენტები არ არის ფალსიფიცირებული და ყველა მათგანზე აღბეჭდილია ერთი და იგივე პიროვნება - ნიკა კვინტრაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიციას აქციის დაშლის შემდეგ ჰყავდა დაკავებული და, შესაბამისად, გამორიცხავს სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ვერსიას, თითქოს ის ელექტროსადენის შეხების გამო დაიღუპა.”
საქართველოს მთავრობასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ბირთვული კონტრაბანდა და ვეცადოთ არ აღმოჩნდეს ის ტერორისტების ხელში...

ინგლისიდან მიღებული დასკვნის გამოქვეყნებას ხელისუფლების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა ახალგაზრდა იურისტები სიცრუის შეგნებულ ტირაჟირებაში დაადანაშაულეს.

ხელისუფლების ამგვარი განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად მიიჩნია, რიც გამოც 8 სექტემბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართა.

გასულ კვირაში ქართველი და ამერიკელი ექსპერტები ბირთვული კონტრაბანდის აღკვეთის გზებზე სასაუბროდ თბილისში, ორდღიან კონფერენციაზე შეიკრიბნენ. მას შემდეგ, რაც 2007 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის ამავე საკითხებზე შეთანხმება გაფორმდა, მსგავსი კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მისი ორგანიზატორი ამერიკის მთავრობის ბირთვული კონტრაბანდის საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირების საინიციატივო პროგრამაა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა.

„ეს კონფერენცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც იცით, გასულ წელს ბირთვულ სამიტზე პრეზიდენტმა ობამამ 46 ქვეყნის მეთაურთან ერთად ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გზები დასახა. საქართველოს მთავრობასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ბირთვული კონტრაბანდა და ვეცადოთ არ აღმოჩნდეს ის ტერორისტების ხელში”, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა 7 სექტემბერს სასტუმრო ”ბეტსიში” ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გამართული კონფერენცია.

გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ათი წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიც გაიხსენეს. ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გამართულ აქციაზე ნაჩვენები იქნა ამ დღისადმი მიძღვნილი ფილმი და გაიმართა ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ამერიკის დროშის ფერი ლენტები შეაბეს „თავისუფლების ხეს“. გასულ კვირაშივე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილეს კანონპროექტი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მთავრობას ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ობიექტების აქციების გაყიდვის საშუალებას მისცემს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG