Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კადაფის ხელთ არსებული იარაღის კონტროლს ითხოვს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დააწესოს კონტროლი ლიბიის საბრძოლო იარაღის საცავებზე, რათა ის ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს. გასულ კვირაში ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა ქალაქ ჯუფრასთან ახლოს აღმოაჩინეს იარაღის საცავი, რომლის შესწავლაც ქიმიური იარაღის კონტროლის სტრუქტურას დაეკისრა.

ლინ პასკომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე განაცხადა, რომ დამხობილმა ლიდერმა მუამარ კადაფიმ დატოვა დიდი რაოდენობით საშიში საბრძოლო მასალები, მათ შორის დედამიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები და ქიმიური იარაღი:

„სავალდებულოა, რომ ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ და საერთაშორისო საზოგადოებამ განახორციელოს კონტროლი მძიმე შეიარაღების მასიურ საცავებზე, მათ შორის კადაფის მთავრობის მიერ შეძენილ დედამიწა-ჰაერის კლასის რაკეტებზე. ამ იარაღის გავრცელება და საშიშროება, რომ ის შეიძლება ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში, - სასიკვდილო საფრთხის შემცველია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე კონტროლის აღდგენას ქიმიური იარაღის მასალებზე.“
კადაფი კვლავ თავისუფალია, აქვს ბევრი საშუალება - ფული და ოქრო, და რადგან კვლავ თავისუფალია და მის განკარგულებაში ასეთი სიმდიდრეა, მას კვლავაც შეუძლია სიტუაციის დესტაბილიზება...

კადაფის რეჟიმი ქიმიურ იარაღს 1980 წლის შემდეგ აწარმოებს და, როგორც ცნობილია, 1987 წელს ის გამოიყენა კიდეც ჩადის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ლიბიაში მდებარეობს ასევე რაბტას სამრეწველო კომპლექსი, რომელიც მსოფლიოში ქიმიური იარაღის ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხნად ითვლება. სწორედ რაბტას კომპლექსში იწარმოებოდა 1980-90-იან წლებში იპრიტი (ბეტა-დიხლორდიეტილსუფიდი) და ზარინი, ვიდრე აღნიშნულმა საწარმომ მუშაობა არ შეაჩერა გაეროს სანქციების შედეგად. საერთაშორისო საზოგადოების გულის მოსაგებად, 2003 წელს მუამარ კადაფიმ სრულიად გააუქმა ქიმიური და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის წარმოების პროგრამები. 2004 წელს ლიბიის მთავრობამ, საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობით, გაანადგურა 3200 ერთეული - ქიმიური ელემენტების შემცველი - საარტილერიო ჭურვი. თუმცა, იმავდროულად, მუამარ კადაფი აცხადებდა, რომ მას ჰქონდა დაახლოებით იპრიტისა და ზარინის დასამზადებელი 23 ტონის მოცულობის ქიმიური ნივთიერების მარაგები. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ კადაფის რეჟიმს შესაძლოა საიდუმლო გზით შეენახა ქიმიური იარაღის მასალები. ამის თაობაზე ეჭვი გასულ თვეში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმაც გამოთქვა, როდესაც განაცხადა,კადაფის მომაკვდავი რეჟიმის წარმომადგენლები ქიმიური იარაღის საცავების გახსნას შეეცდებიანო. გასულ კვირაში კი ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა ქალაქ ჯუფრასთან ახლოს აღმოაჩინეს იარაღის საცავი, რომლის შესწავლაც ქიმიური იარაღის კონტროლის სტრუქტურას დაეკისრა.

ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ ჯიბრილმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმი, კოლაფსის მიუხედავად, ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისა და მსოფლიოსთვის:

“კადაფი კვლავ თავისუფალია, აქვს ბევრი საშუალება - ფული და ოქრო, და რადგან კვლავ თავისუფალია და მის განკარგულებაში ასეთი სიმდიდრეა, მას კვლავაც შეუძლია სიტუაციის დესტაბილიზება არა მხოლოდ ჩემს ქვეყანაში, არამედ ასევე სანაპიროზე და აფრიკის უდაბნოში. არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ აფრიკის კონტინენტის გარდა, იმ საშუალებებით, რაც მას გააჩნია, კადაფის შეუძლია დაუბრუნდეს ტერორისტულ საქმიანობას.“

ლიბიაში გრძელდება ბრძოლები კადაფის მომხრე შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნული გარდამავალი საბჭოს სამხედრო ძალებს შორის ქვეყნის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის კადაფის მშობლიურ სირტეში. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის გარდამავალი საბჭოს ჯარებმა დაიკავეს ქალაქ სირტეს საზღვაო პორტი, თუმცა კადაფის მომხრე ძალები მათ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ. კადაფის წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ლიბიის დამხობილი ლიდერი ლიბიაში იმყოფება და ეროვნული გარდამავალი საბჭოს ძალების წინააღმდეგ ბრძოლებს ხელმძღვანელობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG