Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფარქტი უწამლობის გამო?


სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის შეთავაზების გამო მსჯავრდებულმა ისრაელმა ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა გეგუთის საპყრობილეში ინფარქტი გადაიტანა. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, დიაბეტით დაავადებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტამ. რა პირობებში იხდიან სასჯელს ისრაელი ბიზნესმენები და როგორია ზეევ ფრენკელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად?
20 სექტემბერს ფრენკელმა გადაიტანა ინფარქტი და, როგორც ჩანს, მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ყველა წამალი ერთად...

ზეევ ფრენკელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქსნიდან გეგუთის საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ გაუარესდა. მსჯავრდებულის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის თქმით, დიაბეტისა და გულის პრობლემების გამო ფრენკელი რეგულარულად იღებდა მედიკამენტებს, რომელთა დიდი ნაწილი პატიმარს ქსნის საპყრობილეში დარჩა. კბილაშვილის თქმით, მისი ყველა მცდელობა შეევსო წამლების დანაკლისი, უშედეგო აღმოჩნდა:

„17 სექტემბერს ადმინისტრაციას დამატებით მივუტანეთ წამლები როგორც დიაბეტის, ასევე გულის, მაგრამ, როგორც გუშინწინ გავარკვიე, მხოლოდ 20 სექტემბრისათივს გადაუციათ ყველა წამალი ერთდროულად, ანუ რეალურად ერთი კვირის განმავლობაში(13-დან 20 სექტემბრამდე) იყო წამლების გარეშე.“

არჩილ კბილაშვილის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ზეევ ფრენკელი საპყრობილის ადმინისტრაციასთან ჩიოდა მკერდის არეში ჩხვლეტის გამო, მაგრამ ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, ვიდრე პატიმარს ინფარქტი არ დაემართა:

„20 სექტემბერს ფრენკელმა გადაიტანა ინფარქტი და, როგორც ჩანს, მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ყველა წამალი ერთად, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. 21 სექტემბერს მას გაუკეთდა გულის ღია ოპერაცია. ორ ადგილას „შუნტირება“ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.“

პატიმრობაში მყოფი ისრაელი ბიზნესმენის მდგომარეობას აკვირდება ომბუდსმენიც. სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ნინო ერემაშვილის თქმით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია პატიმარ ფრენკელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება:

„იმისათვის, რომ სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა შეძლონ ინფორმაციის დეტალური მიღება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ანუ გამოვითხოვოთ სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია რა დროს რა წამალს და რამდენჯერ იღებდა ან არ იღებდა, სადაც ექიმის ჩანაწერებია გაკეთებული - ამ დოკუმენტაციის მისაღებად გვჭირდება თავად ფრენკელის თანხმობა. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი და მოგვეცემა საშუალება მისგან მივიღოთ თანხმობა, ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით“, უთხრა ნინო ერემაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლებამ ადვოკატ კბილაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმება სცადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში, თუმცა პრესსამსახურის უფროსის თეა სუხიშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო:
იერუსალიმში მომხდარით აღშფოთებულნი არიან და მკაცრი საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადებიან. ანონიმმა მაღალჩინოსანმა ”მაარივს” განუცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აუცილებელია მასირებული ზეწოლა თბილისზე...

„დავუკავშირდები სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია შესული. მთავარია დროულად მიპასუხოს.“

რადიო თაივსუფლების ყველა შემდგომი მცდელობა დაკავშირებოდა სამინისტროს წარმომადგენელს, უშედეგო აღმოჩნდა.

ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი უკვე თერთმეტი თვეა სასჯელს ქართულ ციხეში იხდიან. ისინი 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს ბათუმში, ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვის მცდელობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, ბიზნესმენებმა მინისტრის მოადგილეს, ქრთამის სახით, შვიდი მილიონი დოლარი შესთავაზეს და სანაცვლოდ მოითხოვეს, საქართველოს მთავრობას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ფრენკელისა და ფუქსის საქმეს ყურადღებით აკვირდება როგორც ისრაელის საელჩო საქართველოში, ასევე ისრაელის ხელისუფლება და მედია. 28 სექტემბერს გამოსულ გაზეთ „მაარივში“ ვკითხულობთ:

„იერუსალიმში მომხდარით აღშფოთებულნი არიან და მკაცრი საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადებიან. ანონიმმა მაღალჩინოსანმა ”მაარივს” განუცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აუცილებელია მასირებული ზეწოლა თბილისზე, თუნდაც ევროსაბჭოდან გარიცხვის მცდელობის მიმართულებით.“

ზუსტად ერთი კვირის წინ პატიმრობაში მყოფი ისრაელი ბიზნესმენების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ რონი ფუქსს ღამით საკანში შეუცვივდნენ ნიღბიანი ადამიანები, რომლებმაც ჩაატარეს ჩხრეკა და პატიმრის პირადი ნივთები - წიგნები, ლოცვები, მედიკამენტები, საწოლის თეთრეული - ძირს დაყარეს და ფეხით გათელეს. რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს ექვს-ნახევარი და შვიდწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. სამი თვის წინ პატიმართა ოჯახების წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, მაგრამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG