Accessibility links

logo-print
30 სექტემბერს, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიის” ორგანიზებით, ”ქორთიარდ მარიოტში” სასამართლო სამედიცინო ექსპერტებისა და იურისტების დისკუსია გაიმართა საქართველოში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების პრობლემების შესახებ, რაც, დისკუსიაში მონაწილე ექსპერტების თქმით, დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესული სარჩელების რაოდენობითა და წაგებული საქმეებით. პრობლემათა რიგს ისიც ემატება, რომ, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შედეგად, საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო.

რატომ ვერ ხდება წამების და არაადამიანური ფაქტების ეფექტური გამოძიება საქართველოში, რა საკანონმდებლო ხარვეზები თუ სხვა მიზეზები უშლის ხელს ამ პროცესს და რატომ ხდება, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წასული საჩივრების უმრავლესობა სწორედ წამების ფაქტებს ეხება? 2000-2010 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი და ახლა პოლიტიკური პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სტრასბურგში საქართველოდან წასული საჩივრების რიცხვი შარშან 100, წელს კი 150 %-ითაა გაზრდილი, საჩივრებში მოხსენიებული ე.წ. მუშამუხლები კი არის ევროპული კონვენციის მესამე და მეექვსე მუხლები. პირველი წამებას კრძალავს,მეორე კი ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე პატიმრის უფლებას ეხება.

წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე - განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - საუბრობენ როგორც სამედიცინო, ისე იურიდიული სფეროს ექსპერტები. ერთ-ერთი მათგანი, სამედიცინო ექსპერტი მარიამ ჯიშჯარიანი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიის” წარმომადგენელი, ამბობს:

”წამებას და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს რომ თავი დავანებოთ, სამედიცინო მომსახურება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმდენად არარელევანტურია საერთაშორისო სტანდარტების მიმართ, რომ ისიც კი შეიძლება განვიხილოთ როგორც არაადამიანური მოპყრობა.”
ამ ქვეყანაში დღეს ნამდვილად დგას ალტერნატიული, კერძო ექსპერტიზის არსებობის პრობლემა. თუ სამედიცინო მტკიცებულება არ იქნა, წამების ფაქტის მტკიცება ვერ ხერხდება...

უფრო კონკრეტულად იმას, თუ რა იგულისხმება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე განმარტავს:

”სასჯელაღსრულების დაწესებულებების კარანტინის განყოფილებაში გაუსაძლისი სიტუაციია. ფაქტობრივად, ბოლშევიკურ მეთოდებს იყენებენ: 15-16 ადგილიან საკანში 50 კაცი ჰყავთ შეყრილი და ორი კვირის განმავლობაში მათ დაწოლის კი არა, დაჯდომის საშუალებაც არა აქვთ. ეს წამების კონკრეტული ფაქტებია, რ თქმა უნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმავე დროებითი მოთავსების იზოლატორებზე, სადაც წყალს უწყვეტენ, ვენტილაციის აპარატურას რთავენ, სარკმელებს უხშობენ”...

ლორთქიფანიძე პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ ამ ვითარების მონიტორინგი შეუძლია მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატით აღჭურვილ ჯგუფს. სხვას, თუ არ ჩავთვლით ადვოკატებს, ციხეში არსებული ვითარების შესწავლის შესაძლებლობა არ გააჩნია. მაშ, რა გზით უნდა დადასტურდეს, მაგალითად, პატიმრების წამების ფაქტები, რომელთა შესახებაც ბევრს და ხშირად ლაპარაკობენ ადვოკატები? ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი შესაძლოა იყოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო, მაგრამ პრობლემა სწორედ ისა, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, ასეთი დამოუკიდებელი ბიურო აღარ არსებობს:

”ამ ქვეყანაში დღეს ნამდვილად დგას ალტერნატიული, კერძო ექსპერტიზის არსებობის პრობლემა. თუ სამედიცინო მტკიცებულება არ იქნა, წამების ფაქტის მტკიცება ვერ ხერხდება.”
ყველაფერი გამოძიებაზეა დამოკიდებული - დაინიშნება თუ არა ან როდის ეს ექსპერტიზა. ძალიან ხშირად გვთხოვენ, რომ ჩქარა ჩატარდეს ექპერტიზა, რაც მე მიუღებლად მიმაჩნია...

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო სასამართლო ექპერტიზის ბიუროს გარდა, იანვრამდე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ბიურო - ”ვექტორი” - წერდა, რომლის დირექტორი, ალეკო გეჯაძე, ამბობს, რომ იანვარში შემოღებული ახალი სალიცენზიო პირობების გამო მათ, ფაქტობრივად, შეეზღუდათ მუშაობის ყველა პირობა. ახალი წესები, გეჯაძის შეფასებით, ამ სფეროში კერძო სექტორის განადგურებისკენ იყო მიმართული:

”პრაქტიკულად მოითხოვეს, რომ ჩვენ, კერძო საექსპერტო დაწესებულებას, უნდა გვქონოდა საკუთრებაში მთელი მორგის ინფრასტრუქტურა, რაც აბსურდია, რადგან გვამი ჩვენთან არ შემოდის, ის იკვეთება მხოლოდ სახელმწიფო ექპერტიზის მიერ და ჩვენ კი ვერთვებით იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალს ეჭვი ეპარება სახელმწიფო ექპერტიზის ობიექტურობაში და ვიყენებთ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მორგს. ჩვენ მაინც განვაგრძობთ მუშაობას. უბრალოდ, ვდებთ სპეციალისტის დასკვნას და არა ექსპერტის, მაგრამ სპეციალისტის დასკვნას ის მტკიცებულებითი ტვირთი აღარ აქვს, რაც ექსპერტის დასკვნას ჰქონდა. ამიტომ აუცილებელია ისევ სახელმწიფო ექპერტიზამ დაადასტუროს ჩვენ რასაც დავწერთ. ასეთი რამ კი თითქმის არ ხდება”...

თბილისის სახელმწიფი სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს რუსუდან ბერიაშვილს მხოლოდ სამედიცინო ექსპერტებისკენ ბრალდების ხელის გაშვერა არასწორად მიაჩნია. ბერიაშვილი გარკვეულ საკანონმდებლო შეზღუდვებზეც ამახვილებს ყურადღებას:

”მე ვფიქრობ, რომ შეზღუდვაა უკვე ის, რომ ექსპერტიზა კანონმდებლობით სავალდებულო აღარ არის. ყველაფერი გამოძიებაზეა დამოკიდებული - დაინიშნება თუ არა ან როდის ეს ექსპერტიზა. ძალიან ხშირად გვთხოვენ, რომ ჩქარა ჩატარდეს ექპერტიზა, რაც მე მიუღებლად მიმაჩნია. ექსპერტი დროში არ უნდა იყოს შეზღუდული, რადგან ეს არის იმ ტიპის კვლევა, რაც ფიქრს მოითხოვს და შეცდომისგან უნდა იყოს დაზღვეული.”

ადვოკატები კი ფიქრობენ, რომ რაც მეტი და განსხვავებული პოზიციის ექსპერტი ეყოლება სასამართლოს, მით უფრო გაიზრდება შანსი, რომ საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ეფექტურად და ობიექტურად გამოიძიონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG