Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დაცემის 18 წლისთავისა და ”ქართველთა მარშის” კვირა


კვირის დასაწყისის ყველაზე აქტუალური თემა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები იყო. 27 სექტემბერს 18 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. ეს დღე მრავალი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ყველგან მოისმენდით კომენტარს ჯერაც მოუშუშებელი იარების თაობაზე:

”არ შეიძლება, რომ ის გაუგონარი ღალატი, რაც სახელმწიფო დონეზე გადაწყდა, გამოუძიებელი დარჩეს. ამ ბიჭებს ომი არ წაუგიათ და სოხუმი არ დაცემულა მათ გამო. ეს იყო ჩვენი თანამდებობის პირების უცხო სახელმწიფოს მითითებებზე დაკრული ცეკვა - ასე შევაფასებდი და ერთად რომ ვიცხოვროთ ჩვენ და აფხაზებმა მომავალში, აუცილებლად გავასამართლებთ მათ.“

სამშაბათსვე ”ეროვნულმა ფორუმმა” რამდენიმე კირის წინ დაანონსებული ქართველთა მარში ჩაატარა. მარშში დაახლოებით 4 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ ვარდების მოედნიდან გზა სამების ტაძრამდე ფეხით გაიარეს, სამების საკათედრო ტაძარში კი „ფორუმის“ ლიდერები და მარშში მონაწილე ადამიანები აფხაზეთის ორი დაღუპული გმირის პარაკლისს დაესწრნენ. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებს სამომავლო გეგმების შესახებ არაფერი უთქვამთ. რაც შეეხება თავად აქციის მიზანს, „ეროვნული ფორუმის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, განაცხადა, რომ მარში პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებდა და სოციალურსაც და იქ მისული ხალხის რაოდენობა იმ დასკვნის საშუალებას მისცემდა, თუ რამდენი ადამიანი არ ეპუება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას.

სოხუმის დაცემის ტრაგიკულმა დღემ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პარლამენტშიც. ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა პეტრე მამრაძემ თავისი გამოსვლა სოხუმის დაცემის დღეზე საუბრით დაიწყო, გაიხსენა ომის დაწყების პირველი დღეც, ხაზი გაუსვა თენგიზ კიტოვანისა და მისი ”ბანდის” თარეშს აფხაზეთში და ამ ხაზს მიაბა პრეზიდენტ სააკაშვილისკენ მიმართული ბრალდებებიც:

”2008 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, როდესაც მან ლანგარზე მიართვა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მანქანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალება და დღევანდელმა პოლიტიკამ უსასრულოდ გადადო.....”

მამრაძეს სიტყვა განრისხებულმა დეპუტატმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ შეაწყვეტინა, რომელიც მას 10 წუთის განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და შემდეგ ხელითაც სწვდა. ბობოხიძე რამდენიმე პარლამენტარმა შეაჩერა.

მთელი გასული კვირის განმავლობაში აქტუალური იყო ჰიბრიდული სიმინდის თემაც. მთავრობა აცხადებდა, რომ სიმინდის პროგრამამ შედეგი გამოიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 30 სექტემბერს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველ ცდაზევე ამერიკული სიმინდის პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა: მან თქვა, „ექსპორტზე გავა 40 მილიონი დოლარის ოდენობის ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი, ხოლო ქართველი გლეხები 100 მილიონის მოგებას ნახავენო“. თუმცა ოპოზიციამ მთავრობის ინფორმაცია არასარწმუნოდ მიიჩნია. დავით ონოფრიშვილმა, თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ, თქვა:

„უმძიმეს მდგომარეობაშია ასეულობით ფერმერი, რომელიც პრაქტიკულად გაკოტრებულია. სადღაც შეიძლება მართლაც მოვიდა 15 ტონა, მაგრამ იმ ხალხს რა, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, გაკოტრებულია. ერთია, რომ თესლის საფასური უნდა დაუბრუნოს სახელმწიფოს, მეორე კი ის ფუჭი ხარჯი, რომელიც მიწის დამუშავებასა და შხამქიმიკატების შეძენაში გასწია. ეს თანხა ერთ ჰექტარზე 500-დან 1000 ლარს შეადგენს. ვინ აანაზაღაურებს ამ თანხას?“

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საარჩევნმო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს. საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ცვლილებების პროექტში 9 საკითხი მოხვდა.განსახილველი თემა იყო სიების დაზუსტების მექანიზმი, რომელსაც საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიული ჯგუფის შეთანხმება ითვალისწინებს. ამ შეთანხმების თანახმად, სპეციალურ კომისიას სიების გადამოწმება 2011 წლის 1 ოქტომბერს უნდა დაეწყო და 2012 წლის 1 ივლისს დაესრულებინა.სარედაქციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ, ხაზგასმით განაცხადა, რომ საქმე მართლაც საშურია:

”თუ ავიღებთ, რომ დღეს არის 28 სექტემბერი და ერთი მოსმენა უკვე განხორციელდა, ვფიქრობ, რომ კანონმა უკვე საბოლოო სახე სადღაც ოქტომბრის პირველ დეკადაში უნდა მიიღოს და შემდეგ უკვე კომისიის ფორმირებას სჭირდება შესაბამისი წარდგინებების გაკეთება როგორც ხელისუფლებიდან, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციებიდან და ასევე არასამთავრობოებიდან. მე ვფიქრობ, რომ ოქტომბრის თვეს ეგ საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ გასცდება.“

შაბათს კი გამოქვეყნდა ფრეიზერის ინსტიტუტის ყოველწლიური რეიტინგი ”ეკონომიკური თავისუფლება 2011”, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი საქართველოში შემცირდა. საქართველომ 23-ე პოზიციიდან 27-ზე გადაინაცვლა 141 ქვეყანას შორის. ამის მიუხედავად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც ლიდერობს - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მასზე უკეთესი რეიტინგი აქვს მხოლოდ ესტონეთსა და ლიტვას.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG