Accessibility links

logo-print

ევროსაბჭო: არა - სეპარატიზმს და უკანონოდ წარმოქმნილ ახალ ”ქვეყნებს”


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა წევრ ქვეყანას, რომ არ აღიარონ და მხარი არ დაუჭირონ იმ ტერიტორიული ერთეულის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც უცხო ქვეყნის სამხედრო ჩარევის შედეგად წარმოიშვა. ამგვარი მიდგომა ჩადებულია რეზოლუციაში, რომელიც, 79 ხმით 18-ის წინააღმდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის სხდომაზე 4 ოქტომბერს დამტკიცდა. რეზოლუციაში მოხსენიებულია საქართველო და რუსეთის ”ინტერვენციის” შედეგად წარმოქმნილი დე ფაქტო რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - მაგალითი. პარალელურად, თავს იჩენს შეკითხვა: რას ფიქრობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე?
ის რეკომენდაციები და რეზოლუციები, რომლებიც ევროსაბჭოს მიერ არის მიღებული, აუცილებლად უნდა შესრულდეს - განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან...

არასოდეს მომიხსენიებია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” - ამ შინაარსის სიტყვები, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის (Радио Свобода) მიხედვით, ეკუთვნის ფრანგ დეპუტატს ჟან-კლოდ მინიონს, რომელიც მომავალი წლიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. იმავე წყაროს ცნობით, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა საკითხის განმარტება იმის გამო ჩათვალა საჭიროდ, რომ, თითქოს, ქართველმა ჟურნალისტებმა არასწორად გადათარგმნეს მისი სიტყვები.
ჟან-კლოდ მინიონის კომენტარში, რომელიც ცენტრალურმა ტელეარხებმა 4 ოქტომბერს ერთნაირი სახით გაავრცელეს, საერთოდ არ არის ნახსენები ტერმინი ”ოკუპაცია”, თუმცა აშკარაა, რომ მომავალი პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებული 5 რეზოლუციის შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა:

”ის რეკომენდაციები და რეზოლუციები, რომლებიც ევროსაბჭოს მიერ არის მიღებული, აუცილებლად უნდა შესრულდეს - განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან. თუ ქვეყანას სურს იყოს ევროსაბჭოს წევრი, ის ვალდებულია დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს. საქართველოს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს დაკარგული ტერიტორიები.”

თუკი ჟან-კლოდ მინიონი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2009 წლის შემდეგ დამტკიცებული რეზოლუციების შინაარსს იზიარებს, გამოდის, რომ ის აღიარებს ”ოკუპაციასაც”, რადგანაც ამ რეზოლუციებში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი, რომელსაც ჟან-კლოდ მინიონის კომენტართან დაკავშირებული ინფორმაცია დეზინფორმაციად მიაჩნია.

თუმცა, როგორც ჩანს, უსიამოვნო გაუგებრობა მანამდეც არსებობდა.

საქმე ის არის, რომ ჟან-კლოდ მინიონი, კიდევ რამდენიმე კოლეგასთან ერთად, აპრილში ხელს აწერდა მოთხოვნას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი დოკუმენტის პროექტიდან ტერმინ ”ოკუპირებული რეგიონების” ამოღების თაობაზე. განმარტებები მისგან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა მოითხოვა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის შეხვედრაზე, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოსტისთვის ჟან-კლოდ მინიონის კანდიდატურა განიხილებოდა. ფრანგმა დეპუტატმა ქართველ კოლეგას განუმარტა, რომ ყველაფერი გაუგებრობის ბრალი იყო და რომ საქართველო, დიახაც, ოკუპირებულია რუსეთის მიერ:
დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი


”მან თქვა, რომ აქ იყო წმინდა სემანტიკური გაუგებრობა. საგულისხმოა, რომ ის ფრანგულენოვანია და საკმაოდ ცუდად ფლობს ინგლისურ ენას... და მან თქვა ასეთი რამ: ფრანგულად ცოტა სხვა კონტექსტი იყოო და რაც შეეხება თქვენს კითხვასო, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციაო, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიებიო და სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთის მხრიდან არ სრულდებაო... ”

ასეა თუ ისე, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული გაუგებრობები აბსოლუტურად უმნიშვნელოა იმ მტკიცე პოზიციასთან შედარებით, რომელიც დაფიქსირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. ეს დოკუმენტები რუსეთისგან, მაგალითად, მოითხოვს: გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, შეუშვას საერთაშორისო მისიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.

სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებს გმობს რეზოლუცია, სახელწოდებით ”ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში: აუცილებელი დაზუსტებები”, რომელიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, 4 ოქტომბერს დამტკიცდა და რომლის ავტორიც არის გერმანელი დეპუტატი მარინა შუსტერი. ერთა თვითგამორკვევის კანონიერი საფუძვლების ხელშეუხებლად, რეზოლუცია მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს არ აღიარონ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ფონზე სეპარატისტული მისწრაფებების შედეგად წარმოშობილი ტერიტორიების დამოუკიდებლობა.
პირდაპირ არის ნახსენები, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ საქართველოში გამოიწვია ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი...

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი ყურადღებას ამახვილებს რეზოლუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელშიც პირდაპირ არის ნახსენები საქართველო და რუსეთი:

”პირდაპირ არის ნახსენები, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ საქართველოში გამოიწვია ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი. გარდა ამისა, რეზოლუცია პირდაპირ აღნიშნავს, რომ მიუღებელია ნებისმიერი აღიარება და თუნდაც მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით იმ დე ფაქტო ხელისუფლებებისა, რომლებიც ითხოვენ გამოყოფას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია აღნიშნულ გამოყოფაზე, საგარეო სამხედრო ძალის გამოყენებაზე.”

უდავოა, რომ ეს ფორმულა ზუსტად შეესაბამება საქართველოს შემთხვევას და აშკარად გმობს რუსეთის მიერ 2008 წელს გადადგმულ ნაბიჯებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG