Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ლიბიაში მისია დაასრულა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი მკვდარია. მისი 42-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანას დროებითი ეროვნული საბჭო უდგას სათავეში. ნატომ, რომელმაც კადაფის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, პარასკევს გამოაცხადა, რომ ლიბიაში მისიას ამთავრებს.

ლიბიის დროებითი ეროვნული საბჭოს მოწოდებების მიუხედავად, რომ ქვეყანაში, სულ მცირე, ნოემბრამდე დარჩენილიყო,ნატომ პარასკევს განაცხადა, რომ ლიბიაში ალიანსის მისია 31 ოქტომბერს დასრულდება.

ამ განცხადებით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოვიდა: „დღეს ჩვენ დავადასტურეთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერთი კვირის წინ მიიღო. ლიბიაში ჩვენი ოპერაციები 31 ოქტომბერს დასრულდება. მანამდე ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას და, თუ საჭირო გახდება, კვლავ მოვახდენთ რეაგირებას სამოქალაქო პირებისთვის შექმნილ საფრთხეებზე“.

გასულ კვირაში ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი რევოლუციონერებმა შეიპყრეს და მოკლეს. ქვეყანას სათავეში ახლა დროებითი ეროვნული საბჭო უდგას, რომელმაც ნატოს მიმართა თხოვნით, ლიბიაში კიდევ ერთი თვის განმავლობაში დარჩენილიყო. ამის მიზეზად საბჭომ ის ფაქტორი დაასახელა, რომ კადაფის მოწინააღმდეგე ძალები განიარაღების პროცეში არიან, ქვეყანაში კი შესაძლოა იყვნენ ყოფილი ლიდერის მომხრეები, რომლებიც თავდასხმებს მოაწყობენ.

ნატომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოს გამარჯვებაში. მარტამდე - ლიბიაში ნატოს ოპერაციების დაწყებამდე - ეროვნული საბჭოს ძალები უკან იხევდნენ კადაფის ძალებთან ბრძოლაში. ნატოს მისიაზე მანდატი გაერომ გასცა. მისია ითვალისწინებდა სამოქალაქო პირების დაცვას და ფრენის აკრძალვის უზრუნველყოფას.

თუმცა ოპერაციის პროცესში გარკვეული შეკითხვებიც გაჩნდა იმის თაობაზე, ნატოს ოპერაცია მართლაც მხოლოდ სამოქალაქო პირების გადარჩენაზე იყო კონცენტრირებული, თუ კადაფის მოწინააღმდეგეებს ეხმარებოდა სამთავრობო ჯარის მოქმედების შეზღუდვით.

რასმუსენმა პარასკევის გამოსვლაში ლიბიაში ნატოს მისიას ალიანსის ისტორიაში „ყველაზე წარმატებული“ უწოდა. ჩვენ ეს რთული ოპერაცია უწინდელზე უფრო სწრაფად წამოვიწყეთ და ის ეფექტიანად, მოქნილად და ბევრ პარტნიორთან თანამშრობლობით ვაწარმოეთ - ახლა კი ჩვენი სამხედრო საქმე შესრულებულია და მისიას ვწყვეტთო, თქვა მან.

რასმუსენმა ასევე დასძინა, რომ ვერ ხედავს რაიმე მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ნატო კონფლიქტის შემდგომ ლიბიაში შეასრულებს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა ინდივიდუალურად აღმოუჩინონ დახმარება ლიბიის ახალ მთავრობას დემოკრატიზაციის და უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე.
ლიბიაში ნატოს მისიის დასრულების შესახებ რასმუსენის განცხადებას წინ უსწრებდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 27 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება ლიბიაში ნატოს ოპერაციათა მანდატის დასრულების თაობაზე.
XS
SM
MD
LG