Accessibility links

logo-print
ლიბიელმა მეამბოხეებმა, მთავრობის მომხრე ძალებთან ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ, მოახერხეს დედაქალაქ ტრიპოლიში შეღწევა და ქალაქის დიდი ნაწილის - მათ შორის, ცენტრალური მწვანე მოედნის - დაკავება, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ოპოზიციის ლიდერმა მუსტაფა აბდულ ჯალილმა განაცხადა, რომ მუამარ კადაფის 42 წლიანი მმართველობა დასრულდა.
ეს ისტორიული მომენტია, რომელსაც დიდი ხანია ველოდით. ეს არის ნუგეში, რომელსაც ვაჩუქებთ ჩვენს წამებულებს...

დედაქალაქ ტრიპოლის ცენტრალური მწვანე მოედნის დაკავებით ეიფორიაში ჩავარდნილი მეამბოხეები უკვე გეგმავენ, რომ მას სახელს შეუცვლიან და წამებულთა მოედანს დაარქმევენ. მეამბოხეები, რომლებიც შაბათ-კვირის წარმატებული იერიშის შედეგად ტრიპოლიში შეიჭრნენ, იუწყებიან, რომ ქალაქში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი მუამარ კადაფის მომხრეთა რაზმები, რომლებთანაც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს. განსაკუთრებით ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა კადაფის რეზიდენციის არეალიდან, ასევე ქალაქის სამხრეთში. მეამბოხეები გამარჯვებას ზეიმობენ ტრიპოლიში და ასევე ქალაქ ბენღაზიში, რომელიც რა ხანია მეამბოხეთა ხელშია. მუჰამად საბერი, რომელიც კადაფის მოწინააღმდეგეთა რიცხვს მიეკუთვნება, ამბობს:

„ეს ისტორიული მომენტია, რომელსაც დიდი ხანია ველოდით. ეს არის ნუგეში, რომელსაც ვაჩუქებთ ჩვენს წამებულებს. ეს არის დღე, რომელიც ერთობ გვახარებს. ეს არის დღე, როცა წამებულებს ვიხსენებთ.“

მეამბოხეთა ერთმა წარმომადგენელმა, ლიბიაში მყოფმა, საერთაშორისო მედიას განუცხადა, რომ კადაფის ჯარს ქალაქის დაახლოებით მეხუთედი უჭირავს. ორშაბათს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკო ფრატინიმ, მეტ-ნაკლებად დაადასტურა ეს რიცხვი და თქვა, რომ კადაფის მოწინააღმდეგეებმა ბოლო საათებში კიდევ უფრო განიმტკიცეს პოზიციები. ლონდონში ლიბიის საქმეთა წარმომადგენელი, მაჰმუდ ნაკუა, ამტკიცებს, რომ მეამბოხეებს ტრიპოლისა და ქვეყნის 95 პროცენტი აქვთ დაკავებული. ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელმა, მაჰმუდ ჯიბრალმა, განაცხადა, რომ არ ღირს ნაადრევი ზეიმი.
მე ვისურვებდი, რომ პოლკოვნიკი კადაფი თავისი დანაშაულისთვის პასუხისგებაში იქნეს მიცემული...

გარდა ტრიპოლისა, ბრძოლები გრძელდება სანავთობო ქალაქ ბრეგაში. თვითონ მუამარ კადაფის ადგილსამყოფლის შესახებ სარწმუნო ცნობა არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ ის კვლავ ლიბიაშია. არაბულმა ტელეარხმა „ალ-ჯაზირამ“ გადასცა ინტერვიუ კადაფის ვაჟ მოჰამედთან, რომლის თქმითაც, ის საკუთარ სახლშია, შინაპატიმრობაში. მასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს სროლის ხმა ისმოდა. მოჰამედი ბოლოს პანიკური ხმით ლაპარაკობდა და ამტკიცებდა, რომ ის არ არის სისტემის ნაწილი და მთავრობის შეცდომებს აღიარებს. მისი ძმა, სეიფ ალ ისლამი, რომელიც კადაფის მემკვიდრედ მიიჩნეოდა და რომელზეც ძებნა აქვს გამოცხადებული ადამიანის უფლებების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, მეამბოხეებმა დააკავეს, რაც სასამართლომაც დაადასტურა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ბრძოლამ ლიბიაში „გარდამტეხ მომენტს“ მიაღწია და რომ ქვეყანა „ტირანის მარწუხებს უსხლტება“. ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, კადაფის აღსასრულის დღე დადგა - ის ახლა უნდა წავიდეს, რათა საკუთარ ხალხს შემდგომი ტანჯვა თავიდან ააცილოს. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმი იშლება, უკან იხევს, მან ბრძოლა უნდა შეწყვიტოს უპირობოდ და უნდა აშკარად აჩვენოს, რომ თმობს ლიბიაზე კონტროლის პრეტენზიას.კამერონმა თქვა, ლიბიის ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კადაფის ბედიო:
ბარაკ ობამა

„მე ვისურვებდი, რომ პოლკოვნიკი კადაფი თავისი დანაშაულისთვის პასუხისგებაში იქნეს მიცემული - მან საზარელი დანაშული ჩაიდინა საკუთარი ხალხის მიმართ. მაგრამ ლიბია სუვერენული სახელმწიფოა და მისმა ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოექცეს კადაფის.“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ თქვა, რომ ლიბიაში ახლა დემოკრატიული რეფორმებია საჭირო და ქვეყანას გერმანიის დახმარება აღუთქვა. ლიბიელი მეამბოხეების ბრძოლას ზურგს უმაგრებდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ამ ქვეყანაში, მის საჰაერო სივრცეში გაეროს მანდატით მოქმედებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც დახმარება აღუთქვა ლიბიელებს და განაცხადა, რომ ახალი ლიბიის შექმნის დრო დადგა:

„დადგა დრო შეიქმნას ახალი ლიბია, ქვეყანა, რომელიც დაეფუძნება თავისუფლებას და არა შიშს, დემოკრატიას და არა დიქტატურას, უმრავლესობის ნებას და არა მცირე ჯგუფის ახირებას. გარდამავალი პერიოდი მშვიდობიანი უნდა იყოს. ის ახლა უნდა დაიწყოს.ის უნდა წარმართოს და განსაზღვროს ლიბიელმა ხალხმა.“
ნატომ გააძლიერა იერიშები ტრიპოლიში და მის გარშემო, რითაც უშუალო დახმარებას უწევს მეამბოხეთა ჯარს...

რასმუსენისვე თქმით, ნატო გააგრძელებს ვითარების მეთვალყურეობას და თუკი ლიბიის ხალხს საფრთხე შეექმნება, ალიანსი გაეროს მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. უფრო ადრე, კადაფის რეჟიმის წარმომადგენელმა, მუსა იბრაჰიმმა, ნატო დაადანაშაულა, რომ ის გააქტიურდა მეამბოხეთა დასახმარებლად:

„ნატომ გააძლიერა იერიშები ტრიპოლიში და მის გარშემო, რითაც უშუალო დახმარებას უწევს მეამბოხეთა ჯარს, დიდებული ქვეყნის მშვიდობიან დედაქალაქში შეღწევის მიზნით. მსხვერპლი უზარმაზარია.“

იბრაჰიმმა დაასახელა ტრიპოლისთვის ბრძოლაში დახოცილთა რიცხვი, - ის 1300 უდრის, - თუმცა დამოუკიდებელი წყარო ამ რიცხვს ვერ ადასტურებს.

ევროკავშირის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ მიდის მზადება კადაფის შემდგომი მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ევროპის კომისიის წარმომადგენელმა, ოლივიე ბეილიმ, გადადგომისკენ მოუწოდა პოლკოვნიკს.მისი თქმით, კადაფიმ თავისი ხალხის ნება უნდა აღასრულოს, რათა თავიდან აიცილოს სისხლის ღვრა. ევროკავშირი მხარში ამოუდგება ლიბიას დემოკრატიული გარდაქმნისა და ეკონომიკური აღდგენის საქმეში, თქვა ბეილიმ.
სამხრეთ აფრიკამ უარყო ცნობები, თითქოს მისი თვითმფრინავები მზად არიან კადაფი და მისი ოჯახი ლიბიიდან გაიყვანონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG