Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოტერმინოლოგიის ლექსიკონი ქართულ ენაზე


ამას წინათ თბილისში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ქართული კინოტერმინოლოგიის ლექსიკონის ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ჯერჯერობით მუშაობა გრძელდება მხოლოდ ციფრულ ვერსიაზე, რადგან ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ კინოტერმინოლოგიის დაზუსტება ხანგრძლივი და, შესაძლებელია, უსასრულო პროცესიცაა. შესაბამისად, ლექსიკონი მუდმივ განახლებას საჭიროებს. ასეთია, მაგალითად, პროექტის კონსულტანტის, პროფესორ ზვიად დოლიძის აზრი.

ჯერჯერობით საუბარია პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე. კინომცოდნე ზვიად დოლიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კინოტერმინოლოგიის დადგენა რთული პროცესი აღმოჩნდა - ბევრად უფრო რთული, ვიდრე, შესაძლებელია, პროექტში ჩართული კინემატოგრაფისტები ვარაუდობდნენ. არადა, პროექტში უამრავი ადამიანი იყო ჩართული:

კინოორგანიზაცია “ჯი-ეფ-ემ ფილმბრიჯი”, საქარ-თველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით; აგრეთვე პროექტის პარტნიორები: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ინოვაციური სისტემების ინსტიტუტი. პროექტს ხელმძღვანელობდნენ გიორგი ხარებავა და ნოშრევან ჩხაიძე.
სამუშაო ჯგუფი კინოტერმინებს რვა თვის განმავლობაში ეძებდა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ლექსიკონის ციფრულ ვერსიაში ტერმინები 14 დარგობრივ კატეგორი-აშია გადანაწილებული: საოპერატორო, სარეჟისორო, ხმის რეჟისურა, ანიმაცია, სატელევიზიო მიმართულება, სასცენარო, კინოტექნიკა, ციფრული ტექნოლოგია, პოსტპროდუქცია, საპროდიუსერო, კინოპროფესიები, მონტაჟი, კინომხატვრობა და ზოგადი.

როგორც ზვიად დოლიძე ამბობს, თავიდან დაიწყეს 20 000 ტერმინით, თუმცა, ბოლოს, 3 000 სიტყვაზე ჩამოვიდნენ. გაფილტვრის ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ზვიად დოლიძის თქმით, ზოგჯერ პროექტის ავტორებმა ჟარგონსაც კი მიმართეს და უარი არ თქვეს კინოს სამყაროში უკვე დამკვიდრებულ, მაგრამ მაინცდამაინც არცთუ სწორ ტერმინებზე. ახლა ეს ტექსტი არის ინტერნეტში. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ლექსიკონის დახვეწაში, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს კინოტერმინოლოგიის ლექსიკონის წიგნად გამოცემა. თუმცა, ზვიად დოლიძის აზრით, ინტერნეტი უკეთესია, რადგან ყველას შეუძლია კორექტივები შეიტანოს.

კინოტერმინების ლექსიკონის გარეშე დღეს შეუძლებელია კინოწარმოების განვითარება. პროფესიონალებს კონტაქტისთვის სიტყვის ცოდნა სჭირდებათ. ასეთი ცოდნის გარეშე არა მარტო კომუნიკაცია ვერ ხერხდება, არამედ სამუშაოს ხარისხიც ეცემა. არსებითად საბჭოთა ეპოქაშიც ასე იყო - უბრალოდ, ჯერ ერთი, კინოტექნიკა ამდენად დახვეწილი არ იყო და ტერმინების რაოდენობაც მცირე იყო და, მეორეც, კინოს სამყაროში დამკვიდრებული იყო რუსული ტერმინები. ერთ-ერთს, და არამარტო პროფესიონალების წრეში დამკვიდრებულს, პროფესორი ზვიად დოლიძეც შეგვახსენებს, როცა გვიამბობს, რაოდენ რთული აღმოჩნდა ზოგიერთი ტერმინის ”გაქართულება”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG