Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია, თბილისი და ბიძინა ივანიშვილი


ევროსაბჭოს ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით, საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კოდექსის 45-ე მუხლში ასახული აკრძალვა უნდა გაუქმდეს. თუმცა ამ რეკომენდაციას, რომელიც განსაკუთრებულ აქტუალურობას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებთან მიმართებით იძენს, განსხვავებულად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ არამოქალაქეებს (მოქალაქეობის არმქონე პირებს და უცხოელ რეზიდენტებს) არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, მათ ნამდვილად აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში საარჩევნო კამპანიების დროს“, – ვკითხულობთ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის შეფასებას ისახავს მიზნად.

ვენეციის კომისია შეგვახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების მიხედვით, გამოხატვისა და შეერთების თავისუფლება მინიჭებული აქვს ამა თუ იმ წევრი ქვეყნის იურისდიქციაში მყოფ ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. შესაბამისად, ვენეციის კომისია პრობლემატურად მიიჩნევს საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლში ასახულ ნორმას, რომელიც ”წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევასა და აგიტაციაში მონაწილეობას” უკრძალავს მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. კომისია თვლის, რომ ეს ნორმა ზღუდავს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების ფუნდამენტურ უფლებებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული ეს აკრძალვა თავისთავად ახალი არ არის, ის მოქმედ კოდექსშიც დევს და მისი შინაარსით უკმაყოფილება ადრეც გამოუხატავს ვენეციის კომისიას; თუმცა საკითხმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, რომელსაც ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს. სხვა საკითხია, რომ უშუალოდ პოლიტიკოს ივანიშვილისთვის საარჩევნო კოდექსის ხსენებული ნორმა იმ შემთხვევაში გახდება აქტუალური, თუკი ვერ მოხერხდება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის საშუალებით. აქვე ვთქვათ, რომ 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა წინასწარი მოსმენა, სადაც ივანიშვილის იურიდიულმა ჯგუფმა ახალი მტკიცებულებები წარადგინა.

როგორც ჯგუფის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ძალიან ბევრი უტყუარი სამართლებრივი მტკიცებულების არსებობის გამო, ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დგას მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ მან ბიძინა ივანიშვილს კეთილი ნების საფუძველზე მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

დავუბრუნდეთ ახალი საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლს, რომელსაც ასევე ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც. თუმცა, მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმა არაპირდაპირი სახით შეუსაბამოა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან:

”საქართველოს კონსტიტუციაში წერია,საქართველო ცნობს და აღიარებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, თუნდაც ეს არ იყოს მოხსენიებული კონსტიტუციაშიო. ასევე წერია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას და შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა საკანონმდებლო აქტების მიმართ. რადგანაც საქართველო მიერთებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ამით საქართველო აღიარებს ამ კონვენციის უპირატესობას შიდა საკანონმდებლო აქტების წინაშე.”

ვენეციის კომისიის დასკვნაში ნახსენები არ არის საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსის პროექტის 45-ე მუხლში გათვალისწინებული აკრძალვა ”ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს, დაცულს რეგიონალური და საერთაშორისო კონვენციებით, რომლებიც აღიარებულია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისა და ეუთოს ქვეყნების მიერ.”

შესაბამისად, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი და ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ ეს აკრძალვა ამოღებულ იქნეს 45-ე მუხლიდან.

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვენეციის კომისია და თბილისი ამ აკრძალვას განსხვავებულად აღიქვამენ. თუკი, მაგალითად, მმართველი პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ აკაკი მინაშვილის მიერ ჩვენთან საუბრისას გაკეთებული განცხადებით ვიმსჯელებთ, საარჩევნო

კამპანიის დროს საქართველოში არავის ეკრძალება საკუთარი პოზიციის გამოხატვა ანდა დებატებში მონაწილეობა და ეს ასეა მოქალაქეობის არმქონე პირებისთვისაც. ”მათ შეუძლიათ მხარდაჭერის გამოხატვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მისამართით, მათ შეუძლიათ ზეპირი თუ წერილობითი კომენტარების გაკეთება და ასე შემდეგ”, - ეუბნება აკაკი მინაშვილი რადიო თავისუფლებას.

და მაშინ რას ნიშნავს ვენეციის კომისიის შენიშვნა? გამოდის, რომ ვენეციის კომისია ითხოვს იმ აკრძალვის გაუქმებას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს?

მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიას არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლში ჩადებული ნორმა, რომელიც, დამატებითი განმარტებების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ართმევს ”წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლებას”. თუკი თბილისს საკითხი სხვაგვარად ესმის, მაშინ მას გარკვეული ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს. როგორც აკაკი მინაშვილმა გვითხრა, სამუშაო პროცესი ჯერ არ დასრულებულა და, ამ კონკრეტული საკითხის გარშემო სიცხადის შეტანის მიზნით, შესაძლოა მართლაც გახდეს საჭირო აზრებისა და პოზიციების გაცვლა-გამოცვლა:

”შეიძლება ხარვეზია გარკვეული ნორმის ჩამოყალიბებაში, შეიძლება სხვა საკითხია... ამიტომ შინაარსზეც უნდა მოხდეს გარკვევა ამ თემაზე მომუშავე ექსპერტებთან. წერილობითი ტექსტის შემდეგ, ბუნებრივია, ხდება გარკვეული ცვლილებების შეთავაზება და მერე მიმდინარეობს მსჯელობა - რამდენად ბუნდოვანია მუხლი, რამდენად სწორი მიმართულება აქვს, რამდენად სწორი ინტერპრეტაცია აქვს, როგორია თარგმანი და ასე შემდეგ...”

აკაკი მინაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა ჯერ ისევ შესწავლა-გაანალიზების პროცესშია, თუმცა თბილისი უკვე მზად არის გაითვალისწინოს ამ დასკვნაში ასახული რეკომენდაციების უმრავლესობა და გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ახალ საარჩევნო კოდექსში. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტში ცვლილებები პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შედეგად შევა და უახლოეს მომავალში გადაეგზავნება ვენეციის კომისიას. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იქნება გათვალისწინებული 45-ე მუხლთან დაკავშირებული რეკომენდაცია.

დრო ძალიან ცოტა რჩება. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა მიიღოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG