Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს უთანხმოება პაკისტანთან


პაკისტანი, 2011 წლის 12 დეკემბერი: იწვის ნატოს სატვირთო მანქანები, რომლებზეც თავდასხმა მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბალუჩისტანის პროვინციაში.
პაკისტანი, 2011 წლის 12 დეკემბერი: იწვის ნატოს სატვირთო მანქანები, რომლებზეც თავდასხმა მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბალუჩისტანის პროვინციაში.
ნატოსთვის კვლავაც ჩაკეტილი რჩება ავღანეთში ტვირთების ჩასატანი ერთ-ერთი მთავარი გზა - პაკისტანზე გამავალი სახმელეთო მარშრუტები. პაკისტანმა ისინი ჩაკეტა 26 ნოემბრის შემდეგ, როცა 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეიწირა ნატოს საჰაერო თავდასხმამ. შედეგად, დაბრკოლებები ექმნება ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების მომარაგებას, რის გამოც მეტ მნიშვნელობას იძენს მომარაგების სხვა გზები, მათ შორის შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი მარშრუტები.
დიახ, პაკისტანი და შეერთებული შტატები არ ენდობიან ერთმანეთს. ერთად ვმუშაობთ და მაინც არ ვენდობით ერთმანეთს...

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი ვარაუდობს, რომ კიდევ რამდენიმე კვირა ძალაში დარჩება ავღანეთში ნატოს მოსამარაგებლად განკუთვნილი, პაკისტანის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტების ბლოკადა. ამასთან, გილანიმ კვირას, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში აღიარა, რომ პაკისტანი ბლოკადას იყენებს ბერკეტად ვაშინგტონთან მოლაპარაკებაში, რომლის მიზანიც პაკისტანისთვის არის თავის ტერიტორიაზე ნატოს იერიშების შეზღუდვა. ასეთი იერიშები პაკისტანის ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონებში ხორციელდება ხოლმე და მიმართულია, ნატოს განმარტებით, მეამბოხეებისა და მათი ობიექტების წინააღმდეგ.

მაგრამ 26 ნოემბრის თავდასხმისა და მის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, პაკისტანმა არა მარტო სახმელეთო მარშრუტები ჩაკეტა, არამედ იმუქრება, რომ შესაძლოა საჰაერო სივრცეც ჩაუკეტოს შეერთებულ შტატებს. ეს კი კიდევ უფრო გაართულებდა ავღანეთში ნატოს ჯარების მომარაგებას. პაკისტანი და შეერთებული შტატები არ ენდობიან ერთმანეთს ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლაში და ისლამაბადი ბლოკადას ძალაში დატოვებს, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან მოქმედების ახალ წესებზეო, უთხრა გილანიმ BBC-ის.

„დიახ, პაკისტანი და შეერთებული შტატები არ ენდობიან ერთმანეთს. ერთად ვმუშაობთ და მაინც არ ვენდობით ერთმანეთს. ჩემი აზრით, ისე უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა, რომ, უკეთესი შედეგების მისაღწევად, მეტი ნდობა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ“, - ამბობს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანამაც 26 ნოემბერს ორი მთავარი სახმელეთო მარშრუტი დაუხურა ნატოს. ერთი გადის ხიბერის უღელტეხილზე და ერთმანეთთან აკავშირებს პაკისტანის სასაზღვრო ქალაქ ტოხამსა და ავღანეთის დედაქალაქს და მეორეა ბალუჩისტანის პროვინციაზე გამავალი გზა, რომელიც აკავშირებს პაკისტანის სასაზღვრო ქალაქ ჩამანს ავღანეთში მდებარე ყანდაართან.

ამ ორ მარშრუტზე მოდის ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალების მომარაგების ერთი მესამედი. კიდევ ერთი მესამედი ნატოს საჰაერო გზით ჩააქვს ავღანეთში. მარტო დარჩენილი ერთი მესამედი მოდის ე.წ. ჩრდილოეთის სადისტრიბუციო ქსელზე, რომელიც გადის, უწინარეს ყოვლისა, შუა აზიაზე, რუსეთის გავლით.

ამ, ბოლო ერთ-მესამედში შედის საქართველოც. ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეერთებული შტატებისათვის შეთავაზებული აქვს, ნატომ უფრო ფართოდ გამოიყენოს საქართველოს სტრანსპორტო შესაძლებლობა, როგორც ავღანეთში კოალიციური ძალების მომარაგების ალტერნატიული გზა. შარშანდელი მონაცემებით, რომლებიც ეფუძნება რადიო თავისუფლების მიერ საქართველოდან ტვირთების ტრანსპორტირებაში ჩართული ბიზნესმენებისაგან მიღებულ ინფორმაციას, საქართველოს გავლით გადაიზიდებოდა არასაბრძოლო მოხმარების ტვირთების სულ ორამდე პროცენტი. როგორია ეს მაჩვენებელი ახლა, ან აპირებს თუ არა ნატო საქართველოზე გამავალი ტვირთების მოცულობის გაზრდას, ეს უკვე სხვა სიუჟეტის თემა უნდა იყოს.

თუ დავუბრუნდებით პაკისტანსა და ნატოს შორის ამჟამინდელ დაძაბულობას, რომელსაც უკავშირდება ალტერნატიული მარშრუტების გააქტიურების საჭიროებას, სავარაუდოა, რომ ნატოს ყურადღება მიმართული იქნება, უწინარეს ყოვლისა, ავღანეთის ჩრდილოელი მეზობლების, ანუ, შუა აზიის ქვეყნებისაკენ.

ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალათასიანი საერთაშორისო ძალებისათვის განკუთვნილი მომარაგების უდიდესი ნაწილი 2009 წლამდე გემებით ჩაჰქონდათ პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში, საიდანაც სატვირთო ავტომანქანებით ეზიდებოდნენ ავღანეთში. მაგრამ პაკისტანში ნატოს ავტოკოლონებზე 2009 წელს მოწყობილი თავდასხმების გამო, ნატო შეუდგა ალტერნატიულ სატრანზიტო გზებზე მოლაპარაკებას. ამ მოლაპარაკებებს თითქმის მთელი წელი დასჭირდა ბოლომდე მისაყვანად. შედეგად შეერთებულმა შტატებმა გერმანიასთან ერთად მოიპოვა უფლება, შუა აზიაზე გამავალი მარშრუტით ისარგებლოს არასაბრძოლო მომარაგებისათვის. მაგრამ ეს მარშრუტი ჩაკეტილია, ზოგადად, ნატოს ჯარებისათვის, ან ავღანეთში იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობის ჩასატანად.

ექსპერტების ვარაუდით, ალიანსი შეეცდება სწორედ რუსეთსა და შუა აზიაზე გამავალი მარშრუტის გააქტიურებას. მითუმეტეს, რომ პაკისტანი სახიფათო ადგილად რჩება ნატოს მოსამარაგებლად განკუთვნილი ტვირთებისათვის.

ბოლო ინციდენტი ორშაბათს, 12 დეკემბერს მოხდა. სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ბალუჩისტანის პროვინციაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ნატოს მოსამარაგებელ ავტოკოლონას და მოკლეს ერთ-ერთი მძღოლი. ავტოკოლონაზე იერიში მოეწყო მაშინ, როცა ის პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ბრუნდებოდა ავღანეთთან საზღვრიდან - ნატოსათვის ჩაკეტილი საღზვრიდან.
XS
SM
MD
LG