Accessibility links

ვამხელთ თუ არ ვამხელთ, ფაქტია, ყველა 2013 წლისთვის ვემზადებით. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, პოლიტიკოსები ემზადებიან. უფრო კონკრეტულად კი - ორნი; რა მიკიბვ-მოკიბვა ამას უნდა - ბატონები სააკაშვილი და ივანიშვილი.

ოღონდ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მეტად აბსურდული რეალობაა: მართალია, ერთმანეთის კონკურენტები გახლავან, მაგრამ 2013 წლისთვის (აქედან, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს) ერთიც კონსტიტუციის მიღმა იქნება და, ვაგლახ, მეორეც.

აბსურდია, აბა, რაა: მომხრეები და მოწინააღმდეგები ჰყავთ სუბიექტებს, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ; ბ-ნი სააკაშვილი მესამედ ვერ იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე, ბ-ნი ივანიშვილს კი საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს.

მეტსაც ვიტყვი, ბ-ნი სააკაშვილის ვინმეს კონკურენტად განხილვა 2013 წელს, არც მეტი, არც ნაკლები, უკანონობაა. დანაშაულია.

იგივე მდგომარებაშია ბ-ნი ივანიშვილიც. თავად უკანონოს, კონკურენტიც უკანონო ჰყავს. ჰოდა, რანაირი კონკურენტები არიან, თუკი კონკურენტებიც ვერ არიან?

რა უფლებით განიხილავს ბ-ნი სააკაშვილი თავს ვინმეს პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ 2013 წელს? რომელ კონსტიტუციას "ემყნობა"? ლაზიკის დამფუძნებელთა მამების მიერ ნაკურთხ-დაწერილს?

ანკი ბ-ნი ივანიშვილი რას აპირებს თავისი ფრანგული პასპორტით? ფრანგები რომ ვიყოთ, კიდევ ჰო, მივცემდით ხმას, მაგრამ, ჯანდაბა, ვინ აგვარჩევინებს "ფრანგს" ქართული პირადობის მოწმობებით!

მოკლედ, როგორც იტყვიან, ერთიც კონსტიტუციის მიღმაა და მეორეც, ჩვენ კი, საწყლები, ჩვენსავე კონსტიტუციურ გეოგრაფიაში გამოვკეტილვართ და ორი არარსებული (მე ვიტყოდი, სიურრეალისტური) კონკურენტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ვიყოფით...

ასე კი, დამეთანხმეთ, ცხოვრება საშინლად ძნელია; ფანტომებისთვის ბრძოლა მეტად დამღლელია. საქმე კი აშკარად პოლიტიკურ მოჩვენებებთან გვაქვს.

ამიტომაც, გირჩევთ, ნერვებს გავუფრთხილდეთ და რეალობას შეუპოვრად გავუსწოროთ თვალი: 2013 წლის მოცემულობით არც ბ-ნი სააკაშვილი არსებობს და არც ბ-ნი ივანიშვილი. ბ-ნ სააკაშვილს კი უმორჩილესად ვთხოვთ (ცხადია, კონსტიტუციაზე დაყრდნობით), ტყუილად თავს ნუ იღლით წინასარჩევნო ტელესასწაულებით და ნუ გვიბიძგებთ უკანონობისკენ. პირდაპირ გეუბნებით: იმდენად გვესიმპათიურებით, რომ არავის მოწინააღმდეგედ არ გვემეტებით. განსაკუთრებით - 2013-ში.

ხელები შორს კონსტიტუციისგან...
XS
SM
MD
LG