Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი არჩევნების თარიღის შეცვლას ითხოვს


თამაზ დიასამიძე
თამაზ დიასამიძე
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისათვის” წევრი თამაზ დიასამიძე მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2012 წლის მაისში ითხოვს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას - 2013 წლის იანვარში. დეპუტატის მტკიცებით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადები არაკონსტიტუციურია.

”ანტიკონსტიტუციური”, ”უკანონო ნორმები”, რომლებიც არასწორად ადგენს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების თარიღს და პარლამენტსა და პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადებს უხანგრძლივებს ( პარლამენტს - 6 თვით, პრეზიდენტს - 10 თვით), თამაზ დიასამიძის განმარტებით, 2006 წელს შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება:
50-ე მუხლში წერია, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში ...

”ეს ნორმა კონსტიტუციაში 2006 წლის 27 დეკემბრიდან შევიდა და ის უნდა ამოქმედებულიყო მორიგი საპარლამენტო არჩევნებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდიდან. და ეს დრო დგება სწორედ 2012 წლის ოქტომბერში და 2013 წლის ოქტომბერში. 2006 წელს მიღებული კანონით დადგინდა, რომ ერთად უნდა ჩატარებულიყო შემდგომში ყველა მორიგი არჩევნები შემოდგომაზე, ოქტომბერში. იმ პერიოდში, 2006 წლის დეკემბერში, შეტანილ იქნა მეორე ნორმა კონსტიტუციაში, რის საფუძველზეც, მაისში რომ უნდა ჩატარებულიყო პარლამენტის არჩევნები, გადატანილ იქნა ოქტომბერში.”

თამაზ დიასამიძე მოითხოვს, რომ კონსტიტუციაში დროულად შეიცვალოს უკანონო ნორმები და არჩევნები კანონიერ ვადებში ჩატარდეს.ეს ვადები კი, მისი შეფასებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპარლამენტო არჩევნებისთვის 2012 წლის გაზაფხულია, საპრეზიდენტოსთვის კი 2013 წლის იანვარი. ამ მოთხოვნით დეპუტატმა 26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს მიმართა.

ოფიციალური განმარტება თამაზ დიასამიძეს ამ საკითხზე ჯერ არ მიუღია, საპარლამენტო უმრავლესობაში კი გვითხრეს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის პერიოდულობას კონსტიტუცია არეგულირებს და ამ ნორმების შესწორება მოსალოდნელი არ არის. დეპუტატმა ანდრო ალავიძემ განაცხადა:

”50-ე მუხლში წერია, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საპრეზიდენტოზეც, ასევე, მორიგი არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი კითხვა უნდა მოიხსნას.“

თამაზ დიასამიძის ინიციატივის კვალდაკვალ კი კითხვები 26 დეკემბერს, შეიძლება ითქვას, არც კი გასჩენია ოპოზიციას.
XS
SM
MD
LG