Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წელი რეზო ინანიშვილის გარდაცვალებიდან


რეზო ინანიშვილი
რეზო ინანიშვილი

26 დეკემბერს შესრულდა 20 წელი რეზო ინანიშვილის გარდაცვალებიდან.

რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ კარგი მწერალი ყოველთვის უნდა აქო, ხოტბა უნდა ასხა, ხელისგულზე ატარო. მაგალითად, ავიღოთ რომელიმე კონკრეტული მწერალი, რომელსაც ძალიან აქებენ. რა ხდება ამ დროს? ამ დროს ის ხდება, რომ ეს ქება-დიდება მკითხველთა ნაწილს ტრანსში აგდებს, თიშავს, წყვეტს რეალობისგან, ნაწილს კი, პირიქით, ძალიან აღიზიანებს და ამ კონკრეტულ ავტორს აშორებს. ასე კარგავს კარგი მწერალი ნამდვილ მკითხველს. არადა, ქებას ან ძაგებას ყოველთვის სჯობია მწერალი დაინახო და სხვასაც დაანახვო, რათა მან მკითხველი კი არ დაკარგოს, პირიქით, ახალი მკითხველი შეიძინოს.
ეს პრობლემა რეზო ინანიშვილის ძალიან მრავალფეროვან შემოქმედებასაც ეხება, მწერალს, რომლის შემოქმედებაშიც ყველას შეუძლია რაღაც თავისი იპოვოს. ზოგისთვის იგი ჰუმანისტი მწერალია, სხვებისთვის - სოფლის მწერალი, ვიღაცისთვის - ვაჟას პროზაული ტრადიციის გამგრძელებელი. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება და უფრო დაკონკრეტებაც... მაგალითად, ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ნინო ბექიშვილმა, რეზო ინანიშვილზე საუბრისას 1937 წელი და ის გულგრილობა გაიხსენა, რითაც XX საუკუნის ქართულმა მწერლობამ აუარა ამ თემას გვერდი:

“ერთი კიდევ, რითიც მნიშვნელოვანია ქართული მწერლობისთვის და პროზისთვის რეზო ინანიშვილი, ის არის, რომ მან ძალიან კარგად ასახა 1937 წლის ტერორი და ტრაგედია. ძალიან უცნაურია, რომ საბჭოთა პერიოდის ქართველი მწერლები ამ თემას საერთოდ უვლიდნენ გვერდს. ერთადერთი ნოდარ დუმბაძე შემიძლია გავიხსენო და, მეორე, რეზო ინანიშვილი, მისი მოთხრობით “პატარა ბიჭი დიდ გოლგოთაზე”, რომელიც, ჩემი აზრით, მართლაც, როგორც ამბობენ ხოლმე, ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა.”

ნინომ ჩემი საყვარელი თემაც ახსენა - რეზო ინანიშვილის ქალაქი, მისი თბილისი, რომელიც შეიძლება უმთავრესი არაა მის შემოქმედებაში, მაგრამ ზუსტია და კარგად ასახული:

“ძალიან საინტერესოა ის ქალაქი, თბილისი, რომელიც ჩანს რეზო ინანიშვილის პატარა მოთხრობებში და სადაც ეს გაბნეულია. ამგვარი თბილისი სხვაგან არსად გვხვდება - ნახალოვკის რაღაც ხუხულები, სადაც სოფელში შიმშილს გამოქცეული მისი ოჯახი თავს აფარებდა. ასევე ახალი, ურბანული ქალაქი, სადაც მხოლოდ ქარია. ერთ მოთხრობაში ძალიან კარგად აქვს აღწერილი ონკოლოგიური საავადმყოფოს შემოგარენი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავშეკავებულად დაწერილი მოთხრობაა, ძალიან მძიმე ამბავი ხდება იქ და დიდი ტრაგედია.”
ძალიან ბევრმა ავტორმა ჩათვალა, რომ ამ ჟანრში წერა არის ძალიან ადვილი და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღესაც კი რომელიმე თანამედროვე ავტორი ჩნდება, წაიკითხავ და ხვდები, რომ რეზო ინანიშვილის ეპიგონია...

რეზო ინანიშვილის პროზაში ბევრია წუხილი, ტკივილი, დიდი და პატარა ტრაგედიები, თუნდაც გაიხსენეთ მისი ყველაზე მცირე ზომის, ერთაბზაციანი მოთხრობა, “ღამეულ ტყეში”, სადაც ღამით ავტორი ტყეს აყურადებს, საიდანაც მუდამ კრუსუნი, კვნესა და გმინვა ისმის და ბოლოს ასკვნის: “წუხილი ყველგანაა”. ანდა მისი მეორე ერთაბზაციანი შედევრი, “ზარი კახეთში”, როცა 40 წლის ქალს მოასვენებენ და იქვე, ჭიშკართან დამდგარი ბერიკაცი ამბობს სიტყვებს, რომელსაც მხოლოდ გულში თუ გავიმეორებ: “– ეგ როგორ მოიდიხარ, გოგო?!”

თუმცა ამის მიუხედავად, ან იქნებ სწორედ ამის გამო, რეზო ინანიშვილის მოთხრობებში ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი სიცოცხლე და სიცოცხლის სიყვარულია ჩადებული. მაგალითად, მოთხრობა “ცეტები”, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი, სადაც ცეტები თავიანთ გაჭაღარავებულ, შრომის გმირ ვირს გაცილებას უწყობენ, “პაბედაში” ჩასვამენ და მთელ კახეთს მოატარებენ დოლ-გარმონითა და ჭიქის ჭახუნით. არც კი ვიცი ამ სცენიდან რომელი ადგილი დავიმოწმო, მაგრამ შევეცდები. ერთი მომენტია, გზაზე ინსპექტორი გააჩერებს ცეტებს და მანქანაზე ნომრების ახსნას დაუპირებს თურმე, მაგრამ ხალხი არ დაანებებს: “შენაო, ქუდი ხომ არ გიჭერს, აბა თითი შეიყავი რკალშიო. ჩამოსულან ესე იმ სოფელში, სადაც შახო იყო ნაყიდი (ასე ერქვა იმ ვირს – მ.ხ.), მიიყვანეს სწორედ იმ ვერხვთან და წყაროსთან, სადაც ფული ჰქონდათ დათვლილი შახოში, გადმოუყვანიათ მანქანიდან, გაიხარაო, გაიხარაო, - თურმე რომ დააღო პირი და ამოუჯდა გული, სულ ღაპაღუპით სდიოდა ხალხს ცრემლიო”.
ანდა “ბღუკები”. ვისაც ეს მოთხრობა წაკითხული აქვს, შეუძლებელია დაავიწყდეს ის სცენა, უზარმაზარი ღორი რომ გაიტაცებს თოკშებმულ კაცს, მეტსახელად ბღუკს, და კარგა მაგრად ათრევს... ხან ჩაატარებს ეს ღორი ამ ბღუკს მთხრობელის თვალწინ, ხან ამოატარებს, და ასე რამდენიმეჯერ. ამ დროს მთხრობელი ამბობს: “გული მისკდება, კაცო, მგონია, აღარ არი ბღუკი, გაცვდა. ეგ კიდე ქვემოდან მამშვიდებს...”

“ერთი შეხედვით, რეზო ინანიშვილმა - არ ვიცი რამდენად სწორია ამის თქმა, მაგრამ... - მომდევნო თაობებზე ძალიან ცუდად იმოქმედა მისმა პროზამ, უფრო სწორად, ქართული პროზის ერთი ნაწილის განვითარებაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ავტორმა ჩათვალა, რომ ამ ჟანრში წერა არის ძალიან ადვილი და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღესაც კი რომელიმე თანამედროვე ავტორი ჩნდება, წაიკითხავ და ხვდები, რომ რეზო ინანიშვილის ეპიგონია. ის რაღაც, არ ვიცი ამას რა დავარქვა, მადლი თუ კულტურა, ბუნებრივია, ამათ აღარა აქვთ. ანუ ტემპერატურა”, - ამბობს ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი
ცნობილია, რომ ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიაცილა დიდუბემდე. და რაღაცნაირად, როგორც თვითონ წერდა ხოლმე, “ზამთრის ერთ გაცრიატებულ დღეს” მიაბარეს მიწას, საერთო დიდი ტრაგედიის ფონზე...

ჩემთვის რეზო ინანიშვილი ნამდვილად ამ ტემპერატურის, ყველაზე მთავარის დაჭერის მწერალია. ისეთი გარტყმები აქვს, სახეზე ალმური აგდის ხოლმე. კითხვისას შეხურება იცის. ყველანაირ სიტუაციაში აღწევს ამას – აღწერისას თუ დიალოგისას, თხრობისას თუ ჩამოთვლისას. მაგალითად, თქვა ერთგან მწერალმა - “საიდანღაც მობრუნდა სიყვარული” და ხედავ მართლა როგორ მობრუნდა სიყვარულის მიერ მიტოვებულ ობლების ოჯახში ეს სიყვარული, ხედავ რამსიშორიდან მობრუნდა, რა მალე გამოიარა ეს გზა. ანდა ვინ იცის, შეიძლება იქვე იყო, ზურგშექცევით და, უბრალოდ, შემობრუნდა. ეს რეზო ინანიშვილის სიტყვის მაგიის მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია.
რეზო ინანიშვილის გარდაცვალება ძალიან უცნაური და ტრაგიკული იყო. იგი სამოქალაქო ომის პირველ დღეებში წავიდა ამ ქვეყნიდან. 20 წელია ეს წასვლა მახსენდება და დღემდე ვერ შევძელი მისთვის სახელის დარქმევა:

“იმიტომ რომ რეზო ინანიშვილს ვიცნობდი და რაღაცა ურთიერთობაც გვქონდა, მთელი მისი ავადმყოფობის ამბებიც ვიცოდი, ისიც გავიგე, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი ძალიან ცუდად იყო... მაგრამ მაშინ თბილისში მიდიოდა თბილისის ომი და მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველანი ძალიან დაზაფრულები ვიყავით იმით, რაც ირგვლივ, გარეთ ხდებოდა, რეზო ინანიშვილის სიკვდილი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მართლა ძალიან დიდი ტრაგედია იყო. მაგრამ ცნობილია, რომ ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიაცილა დიდუბემდე. და რაღაცნაირად, როგორც თვითონ წერდა ხოლმე, “ზამთრის ერთ გაცრიატებულ დღეს” მიაბარეს მიწას, საერთო დიდი ტრაგედიის ფონზე”.

ბოლოს ერთი რამე მინდა ვთქვა. 1981 წელს “საბჭოთა საქართველოს” მიერ გამოცემულ მოზრდილ ერთტომეულს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა შედგენილ - ვაზუსტებ, შედგენილ - კრებულს აქვს რაღაც ხარვეზი. ყველას რაღაც აკლია. ბევრი შემდგენელი ეგოისტია, მხოლოდ “თავისები” აქვს შეტანილი, სხვები კი მხოლოდ საზოგადო, სახელიან მოთხრობებს არჩევენ, უფრო ხშირ შემთხვევაში კი, შემდგენელს, უბრალოდ, არ ესმის მწერალი. ასე რომ, რეზო ინანიშვილის ნაწერებში ყველამ თავისი საყვარელი ტექსტები უნდა ვეძებოთ, სხვა ამაში ვერ დაგვეხმარება.
XS
SM
MD
LG