Accessibility links

logo-print
ორშაბათი

დღეს შობაა. მინდა, ამ დღის მადლი მოსხმოდეს ჩემს ყველა თანამემამულეს.

ეჰ, რას ვიფიქრებდი, თუკი დღიურის წერას გავბედავდი ჩემს ასაკში, მაგრამ რას იზამ - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. როცა რადიო "თავისუფლებიდან" დამირეკეს, არ დავმალავ, შევშინდი: მეთქი, რა დღიური, რის დღიური, მაგრამ ისე მთხოვეს, ისეთი გრძნობითა და ტაქტით, რომ უარის თქმა მომერიდა და ჩემი ცხოვრების ექვსდღეულის აღწერაზე დავთანხმდი. ვიფიქრე, რაც არის, არის...

დილით მე და ჩემმა მეუღლემ, ჩვეულებისამებრ, სამზარეულოშივე მოვილოცეთ. იქავე წავიკითხეთ უწმინდესის საშობაო ეპოსტოლე და სიამოვნებით გავიხსენეთ ყველა ის შეხვედრა, სადაც მე და მანანას ამ მართლაც უწმინდეს ადამიანთან საუბრის საშუალება მოგვეცა. ისაა ახლა ჩვენი სულიერი მამაც და დედაც, რად უნდა ამას ლაპარაკი...

მერმეთ ეზოში ჩავედი და ავტოფარეხების უკან, შემაღლებულზე, ცერისოდენა ხე დავრგე. ყველა უქმეზე ასე ვშვრები - ჩემს იუბილემდე ასი ხის დარგვა მაქვს განაზრახი...

სამშაბათი

დილიდანვე ჩავუჯექი ჩემი პოემის მესამე ტომს. აგერ უკვე მეხუთე წელია ვმუშაობ "მართალ ოდიშებზე" და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვაქვეყნებ გაზეთებში "ღელაღუტა", "ქართული რაგბი" და "საქართველოს რესპუბლიკა" (ლიტ-რუბრიკა).

შუადღისას შვილიშვილები, ბუხუტი (ჩემი სახელი ქვია) და ერიკი მოვიდნენ (უფროსი ქალიშვილი გერმანელ ბიზნესმენზეა გათხოვნილი). ბუხუტი მიულერი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია (ერიკისგან განსხვავებით), უკვე ღვინოსკენაც იწევს და პატარა ღიპიც ადევს...

ოთხშაბათი

ძალიან დიდი პატივიცემით ვარ განაწყობი როპერი ბერას მისამართით. შესანიშნავად ელეგანტური მუსიკაა და უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ჩემი ასაკის ხალზე. დღეს სასიამოვნო ინფორმაცია გვამცნეს: პრეზიდენტს ჩემი დაჯილდოება განუზრახავს ღირსების მეორე ხარისხის ორდენით (მანანა მკარნახობს, გეშლება, პირველი ხარისხიაო). ახლა გავახსენდით მთავრობას. დიდი ტაციაობაა ჩვენზე. წარმომიდგენია, რეებს დამიწერენ ჩემი პასკვილიანტები! არ მესმის, რატომ არ უნდა ავიღო ორდენი ჩემი ქვეყნის წარმოსადეგი პრეზიდენტისგან! უდიდეს პატრივს ვცემ ამ უაღრესად განათლებულ კაცს... ბედაურივით ბიჭია, რა აქვს ჩემი დასაწუნი. ესაა ჩვენი უბედურება, დაფასება რომ არ ვიცით ერთი-მეორის. მადლობელი და ცოტა დაბნეული ვარ... არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ პრეზიდენტს უარს ვერ ვეტყვი, არ იქნება ლამაზი.

საღამოს მე და მანანამ კიდევ ერთხელ ჩავიკითხეთ "საშობაო ეპისტოლე".

ხუთშაბათი

დილით ჩვენს კორპუსთან ანგელოზების კოსტუმში გამოწყობილმა დეპუტატებმა, გ. წერეთელმა, ხ. გოგორიშვილმა და ა. ბალავაძემ ჩამოიარეს (ამ უკანასკნელმა ცოტა ოთარ ჩერქეზია მომაგონა იერით). ეს ყოფილა "ალილუია". კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ხელით (ოდნავ შევსებული ქალბატონი გახლდათ, ასე გამეცნო: "მე ტატულიასთან ვმსახურობდი ჯარში, 53-ში..." თუ 53-ეში, ვერ გავიგონე კარგად), მომერთვა საახალწლო ნობათი: ჩურჩხელები და ლაზური ინდაური, წარწერით: "მიყვარხართ. მაპატიეთ. მინისტრი". საღამოს ჯგუფმა "ქართუმაც" გამომიგზავნა საშობაო საჩუქარი: ჩურჩხელები და პინგვინი. პინგვინი ბაჟეშიაო კარგი. მე პირს ვერ დავაკარებ, ამას მანანა მოუღებს ბოლოს.

დიდად დამაფასეს, ყველანაირად მადლობელი ვარ.

პარასკები

დღეს პრეზიდენტმა გადმომცა ორდენი. ძლივს გადავკოცნე, იმსიმაღლეა. ჯერ მარტო იმიტომაა დასაფასებელი, მოხუცის კოცნას რომ არ თაკილობს. სულ არაა ამ მხრივ აზიზი. მანანაც დამიკოცნა, არ მეეშვა. "გადმოხვალთ ლაზიკაში? - მკითხა, - ბინას მოგცემთ, კატერს". არ ვიცოდი, რა მეპასუხა. "ვისაც მე ვუყვარვარ, ყველა იქ უნდა გადავიდეს, ყველა ლაზიკაში!" - გაიცინა. დიდებული ახალგაზრდაა, ახლა თქვენს ლექსს გეტყვით ზეპირადო, მითხრა და, ბიჯოს, მართლაც არ ჩაარაკრაკა!

...მაგრამ ჩემი არ იყო სამწუხაროდ - მუხრანის იყო მგონი. არ მითქვამს, უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაგდებდი. მანანა გაიბუტა - მადლობა თქვი, ზუმბა რომ არ ეგონეო.

ზუმბა ვინ ოხერია!

შაბათი

ასე გაილია ეს კვირაც.

დღეს გამოაცხადეს, არჩევნები ოქტომბერში გაიმართებაო.
არ ვიცი, ხმას ვის მივცემ...

ინდაურის ხორცი გამისინჯავს - არაა ჩემთვის უცხო, მაგრამ მანანა პინგვინის ხორცს აქებს, უფრო ეროვნულიაო.
XS
SM
MD
LG