Accessibility links

logo-print
საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩის” 2012 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ქაიროში 22 იანვარს გაიმართა. 676-გვერდიანი ანგარიშის დიდი ნაწილი არაბულ გაზაფხულსა და, შესაბამისად, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, მთლიანობაში კი, გასულ წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მსოფლიოში 90 ქვეყნის მაგალითზეა მიმოხილული. ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც.

”ჰიუმან რაიტს უოჩის” წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2011 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთგვაროვანი მდგომარეობა იყო. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა შეკრების თავისუფლების დარღვევა და ძალადობა პოლიციის მხრიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება ძალის გამოყენებით, შრომის უფლებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ციხეების გადატვირთულობა, ადმინისტრაციული პატიმრობის დროს მთელი რიგი პროცესუალური ნორმების დარღვევა და სხვა. ანგარიშში მოხვდა ასევე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დროს ქართული მხარის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე არადამიზნებადი ძალის, ეგრეთ წოდებული გრადებისა და სხვა ტიპის იარაღის გამოყენების ფაქტების შეუსწავლებლობის საკითხიც. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” უფროსი მკვლევარი ევროპასა და შუა აზიაში გიორგი გოგია ამბობს, რომ ომის შემდეგ გასული სამი წლის შემდეგაც კი კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების მიერ - ყველა მხრიდან - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოუძიებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება:
გიორგი გოგია

გიორგი გოგია


”ეს ის თემაა, რომელზეც „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ ძალიან დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა თავის დროზე - 2009 წლის დასაწყისში მოხდა ამ ანგარიშის გამოქვეყნება. შეუძლებელია გრძელვადიან მშვიდობაზე ისაუბრო მაშინ, როდესაც ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები არ არის გამოძიებული არც ერთი მხრიდან. კონკრეტულად აქ საუბარია არადამიზნებადი იარაღის გამოყენებაზე ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ამ პრობლემის გამოძიებას.”

არასრულყოფილი გამოძიების საკითხი აქტუალურია ანგარიშის იმ ნაწილშიც, რომელიც შეკრების თავისუფლების დარღვევასა და პოლიციის მხრიდან ძალადობას შეეხება. კერძოდ, 26 მაისის საპროტესტო აქციის დროს დაშვებული დარღვევების ნაწილში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას პოლიციელთა მხრიდან ცუდად მოპყრობის ფაქტები არ გამოუძიებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალის გადამეტების გამო 16 პოლიციელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და 4 სამსახურიდან გათავისუფლდა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სათანადოდ პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების არც 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის 15 ივნისის მოვლენებია შესწავლილი.

პრობლემა კი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხვდა წლიურ ანგარიშში, შრომის უფლების დარღვევის ფაქტებს შეეხება. ანგარიშში საუბარია ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ გახმაურებულ საპროტეტო აქციაზე, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ შრომის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებულობა საქართველოს ხელისუფლებას აღიზიანებს:
სწორედ ეს აბრაზებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვაცნობეთ და მთელი მსოფლიო ავამხედრეთ როგორც ”ჰერკულესთან”, ისე სხვა დარღვევებთან დაკავშირებით...


”მუქარამ და ზეწოლამ პროფკავშირებზე კი არ იკლო, იმატა. სწორედ ეს აბრაზებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვაცნობეთ და მთელი მსოფლიო ავამხედრეთ როგორც ”ჰერკულესთან”, ისე სხვა დარღვევებთან დაკავშირებით; ის, რაც ხდება პედაგოგებთან, რკინიგზელებთან დაკავშირებით. და ეს არის ძირითადი კონფლიქტი ჩვენსა და ხელისუფლებას შორის: თურმე ჩვენ ახლა ვცხოვრობთ რკინის ფარდის მიღმა, რომ შეიძლება რაც გინდა გააკეთო, გარეთ დემოკრატის სახე დაიმკვიდრო, ოღონდ შიგნიდან არავინ აცნობოს საერთაშორისო ორგანიზაციებს ასეთი პრობლემების შესახებ.”

სწორედ ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო გაერთიანებაში, კერძოდ, ევროსაბჭოში ვიზიტის გამო, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას აზრის გაგება ირაკლი პეტრიაშვილის ბრალდებისა და ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშის შესახებ, შეუძლებელი აღმოჩნდა. საქართველოში საერთაშორისო აქტორების საკითხზე კი ”ჰიუმან რაიტს უოჩის” 2012 წლის ანგარიშში ცალკე ქვეთავშიცაა საუბარი. ამ ქვეთავის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გააღრმავეს, მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებების მისაღწევად თავიანთი გავლენის ბერკეტები ვერ გამოიყენეს. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ გლობალური პოლიტიკა აქვთ, ხედავენ, რომ ადამიანის უფლებათა დარგში პროცესი წინააღმდეგობრივად მიდის, მაგრამ პროგრესი არის:
საერთოდ არ არის დაცული, საერთოდ არ არის დაცული!.. მთავრობას რაც უნდა, ნებისმიერ მოქალაქეს იმას უკეთებს...


”ამიტომ ისინი თავიანთ დახმარებაში არ იყენებენ უფრო დეტალიზებულ პირობითობას, რადგან კატასტროფულ მდგომარეობას ვერ ხედავენ. სხვა შემთხვევაში, არაბულ ქვეყნებთან ან იმავე ბელორუსთან დაკავშირებით ეს პირობითობა პირდაპირ ჩანს პოლიტიკურ დეკლარაციებში. ჩვენ კი ვერ დავიწყებდით იმავე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ან გნებავთ სამეზობლო პოლიტიკაში ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას, ვერ მივიღებდით გამარტივებულ სავიზო რეჟიმს და ასე შემდეგ, პროგრესი რომ არ ყოფილიყო, გნებავთ, ადამიანის უფლებების დარგში, გნებავთ, სხვა ყველა იმ მიმართულებით, რაც ჩამოთვლილია ამ პოლიტიკებში.”

რაც შეეხება მოსახლეობას, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში მეტ-ნაკლებად დაცულია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ დაუცველია:

”საერთოდ არ არის დაცული, საერთოდ არ არის დაცული!.. მთავრობას რაც უნდა, ნებისმიერ მოქალაქეს იმას უკეთებს. აბსოლუტურად!..”

”სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში რასაც ვხედავთ, უკეთესი მდგომარეობაა.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG