Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მიმდინარე ძალადობის ფონზე რუსეთი და ჩინეთი თავიანთ ვეტოებს იცავენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
სირიის ოპოზიციური ძალების განცხადებით, მთავრობის ძალები განაგრძობენ ძალადობრივ იერიშს ქალაქ ჰომსზე. აქტივისტები აცხადებენ, რომ მთავრობა შეტევისას ვერტმფრენებს და ყუმბარებს იყენებს. დაღუპულია, სულ მცირე, 17 ადამიანი.

მთავრობა ჰომსის დაბომბვას უარყოფს და ძალადობაში „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს“ ადანაშაულებს. ხელისუფლება ასევე „ტერორისტებს“ სდებს ბრალს ჰომსში გაზსადენის აფეთქების მოწყობაში.
აქტივისტები ასევე ავრცელებენ ცნობას მთავრობის ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შემთხვევებზე სხვა ქალაქებში - ალეპოსა და ზაბადანიში, ისევე როგორც დედაქალაქ დამასკში. როგორც იუწყებიან, ამას, სულ მცირე, კიდევ 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ სირიის არმიის დეზერტირებმა გააკეთეს განცხადება უმაღლესი სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელმაც ქვეყანა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობისგან უნდა „იხსნას“.

ასეთ ფონზე რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ სწორი გადაწვეტილება მიიღეს, როცა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიაში ძალდობის შეწყვეტისა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოწოდებებს შეიცავდა. ამ ვეტოს გამო რუსეთს და ჩინეთს მწვავედ აკრიტიკებენ დასავლეთის ქვეყნები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთის რეაქცია „ისტერიის ზღვარზეა“. მისი განცხადებით, რეზოლუციის პროექტზე დათანხმება რომელიმე მხარეს დადგომა გამოვიდოდა სირიაში მიმდინარე „სამოქალაქო ომში“:„[რეზოლუციის პროექტის] თანაავტორებს სურდათ [სირიის] რეჟიმი იძულებული გაეხადათ შეეწყვიტა ძალადობრივი ქმედებები - ამ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული დაჯგუფებების მიმართ კი რაიმე განსაკუთრებული კონკრეტული მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული. ასეთი რეზოლუცია იმის ნიშანი იქნებოდა, რომ უშიშროების საბჭო სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მონაწილის მხარეს დადგა."

მოსკოვმა და პეკინმა 4 თებერვალს დაბლოკეს რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ზურგს „არაბთა ლიგა“ უმაგრებდა და რომელსაც უშიშროების საბჭოს დანარჩენი 13 წევრი უჭერდა მხარს.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აშშ-ის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს - რომ ჩინეთი და რუსეთი სირიის რეჟიმს მფარველობენ - და აცხადებს, პეკინს მხოლოდ სამართლიანობის დამყარება სურსო.

უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვეტოებს „მასხარაობა“ უწოდა და ჩინეთს და რუსეთს „დამასკის სასტიკი რეჟიმის“ მფარველობაში დასდო ბრალი.

როგორც იუწყებიან, ლავროვი და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ფრადკოვი სამშაბათს დამასკში ჩავლენ და პრეზიდენტ ასადთან გამართავენ შეხვედრას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლები ვიზიტისას ასადს კომპრომისებზე წასვლისკენ უბიძგებენ. ამავე განცხადების თანახმად, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის სურვილია სირიაში ვითარებამ „უსწრაფესად მიაღწიოს სტაბილიზაციას“, „დემოკრატიული რეფორმების“ საფუძველზე.

გავრცელებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში ასადის რეჟიმმა საპროტესტო გამოსვლების ძალისმიერი ჩახშობა დაიწყო, 6,000-მდე ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG