Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კანონმდებლობის პრობლემებთან ბრძოლის პროცესი


ლევან ვეფხვაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
ლევან ვეფხვაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით ინიცირებული ორი კანონპროექტიდან პარლამენტში ერთის განხილვა მოუწევთ, რადგანაც ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ გადაწყვიტა უარი თქვას საკუთარ კანონპროექტზე. მის ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს არასამთავრობო სექტორი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 17 თებერვალს შეიტანა. ხელისუფლება ზოგად მზადყოფნას გამოხატავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმატში წარიმართება მუშაობა 2011 წლის მიწურულს დიდი ხმაურის თანხლებით დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების ხელახლა შეცვლისთვის.

ლევან ვეფხვაძე უარს ამბობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 20 თებერვალს დარეგისტრირდა. ასეთი გადაწყვეტილება მან ოთხშაბათს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, ხოლო 24 თებერვალს შესაბამისი წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა. როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი განუმარტავს რადიო თავისუფლებას, არასამთავრობო სექტორის პროექტისთვის გზის დათმობა მან ხელისუფლების შესაძლო სვლების თავიდან ასაშორებლად გადაწყვიტა:
ჩვენ გვაინტერესებს შედეგი, ეს არის კანონის შეცვლა და, ამ ინტერესის შესაბამისად, კანონპროექტი უნდა განიხილოს შესაბამისმა კომიტეტმა და გადაწყვიტოს, წარადგენს მას საკანონმდებლო ინიციატივის სახით თუ არა...
ირაკლი მელაშვილი

”...დავუშვათ, ადგნენ და ჩემი დოკუმენტი მიიღონ და მერე თქვან, რომ, აი, ხომ მივიღეთ ეს დოკუმენტი, და მერე არასამთავრობოებს არ უთხრან, თქვენ რაღა გინდათო... იმისათვის, რომ ეს არ გახდეს ხელოვნური მანიპულაციების საგანი ხელისუფლების მხრიდან, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.”

თუმცა ლევან ვეფხვაძე, როგორც თავად ამბობს, ბრძოლას არ წყვეტს და აპირებს, რომ აქტიურად ჩაერთოს იმ კანონპროექტის განხილვაში, რომელიც ალტერნატიული წინადადების სახით (მესამე სექტორის, მედიასაშუალებებისა თუ კერძო პირების დაახლოებით 600 ხელმოწერის თანხლებით) პარლამენტში 17 თებერვალს შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და კოალიციამ ”არჩევანის თავისუფლებისთვის”. აქვე გავიხსენოთ, რომ არასამთავრობოთა ალტერნატიულ წინადადებაში ძირითადი აქცენტი კეთდება ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში შეტანილ იმ ცვლილებებზე, რომლებიც პრობლემურად მიიჩნევა ადამიანის უფლებათა შეზღუდვის კუთხით. კანონპროექტის ავტორები ეწინააღმდეგებიან ”ფართო, დაუსაბუთებელ შეზღუდვებს” და აუცილებლად მიიჩნევენ, რომ არ დაირღვეს გამოხატვის თავისუფლება, ამომრჩევლის უფლება და, ასევე, ”გონივრულ რეგულირებას” დაექვემდებარონ ”კანონის მოქმედების ქვეშ არსებული სუბიექტები, სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიესალმება დეპუტატ ლევან ვეფხვაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას დაუთმობს არასამთავრობო სექტორის მიერ საერთაშორისო გამოცდილების მაქსიმალურად გათვალისწინების გზით მომზადებულ პროექტს:
ეკა გიგაური
ეკა გიგაური

”რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება, თუმცა მთავარი საკითხები, რომლებიც ეხება იმავე გამოხატვის თავისუფლებას ან პირდაპირი ან არაპირდაპირი ურთიერთობის დადგენას პოლიტიკურ პარტიასთან, რაზეც ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ და რაც ყველაზე პრობლემატურია, ეს ყველაფერი გადაიჭრებოდა და მოგვარდებოდა ჩვენი ალტერნატიული წინადადებებით. ”

ეკა გიგაურმა არ იცის, თუ როდის და რა ფორმით მოხდება მათ მიერ შემუშავებული წინადადებების განხილვა პარლამენტში, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ჯერჯერობით არ დაკავშირებიან. გავიხსენოთ, რომ კანონმდებლობის გარკვეული მოთხოვნების განმარტებაზე ზრუნვა და კანონპროექტის ინიციატორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უახლოეს მომავალში შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს ჯერ კიდევ 20 თებერვლის ბიუროს სხდომაზე დაავალა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

თუმცა შეხვედრა ერთია და შეხვედრის მიზანი - მეორე. როგორც ირაკლი მელაშვილმა, ექსპერტმა კოალიციისა ”არჩევანის თავისუფლებისთვის”, რადიო თავისუფლებას უთხრა, ყველაფერი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს:

”ანუ ეს უნდა იყოს შეხვედრა საკანონმდებლო წინადადების განხილვის ფარგლებში და არა უბრალოდ შეხვედრა გასაუბრების ფორმატში. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი, ეს არის კანონის შეცვლა და, ამ ინტერესის შესაბამისად, კანონპროექტი უნდა განიხილოს შესაბამისმა კომიტეტმა და გადაწყვიტოს, წარადგენს მას საკანონმდებლო ინიციატივის სახით თუ არ წარადგენს.”

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტორი მოლოდინის რეჟიმშია. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ვეფხვაძე კი, პავლე კუბლაშვილის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების საფუძველზე, იმედოვნებს, რომ პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომავალი კვირიდან დაიძვრება. მისი თქმით, გასული წლის ბოლოს, საშობაო არდადეგების დროს ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვაზე ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე შეფასებებისა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის მიერ გაკეთებული განცხადების შედეგად დაფიქრდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG