Accessibility links

logo-print

თვალცრემლიანი პუტინი მადლობას უხდის თანამოქალაქეებს


ვლადიმირ პუტინი მანეჟის მოედანზე გამოსვლისას

ვლადიმირ პუტინი მანეჟის მოედანზე გამოსვლისას

რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. მიცემული ხმების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ მას, წინასწარი მონაცემებით, მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 65-მა პროცენტმა. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი (17 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი (7 პროცენტი). მეოთხე და მეხუთე შედეგი აქვთ, შესაბამისად, ვლადიმირ ჟირინოვსკისა და სერგეი მირონოვს.

დამოუკიდებელი მეთვალყურეები საუბრობენ კენჭისყრის პროცესში აღმოჩენილ მრავალრიცხოვან დარღვევებზე. მათი მტკიცებით, აღირიცხა ე.წ. „კარუსელების“ არაერთი შემთხვევა, საარჩევნო ურნებში წინასწარ გამზადებული ბიულეტენების ჩაყრისა და საარჩევნო უბნებიდან მეთვალყურეთა უკანონო გაძევების შემთხვევები.

საღამოს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, პუტინი და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მოსკოვის მანეჟის მოედანზე მივიდნენ და იქ შეკრებილ 100 ათასამდე თანამოქალაქეს მიმართეს. ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა „დიად რუსეთს“ და დასძინა, რომ ეს გამარჯვება მან პატიოსან, სამართლიან ბრძოლაში მოიპოვა. მოედანზე შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას, პუტინს ემოციები მოეძალა და ცრემლიც მოერია.

ხოლო დმიტრი მედვედევმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ეს გამარჯვება საჭირო იყო რუსეთის ყოველი მოქალაქისთვის, მთელი ქვეყნისთვის. „და ჩვენ ამ გამარჯვებას არავის დავუთმობთო“, დასძინა მედვედევმა.

ამასთანავე, როგორც წინასწარი შედეგები ცხადყოფს, დედაქალაქ მოსკოვში პუტინის უპირატესობა ისეთი დამაჯერებელი არ არის, როგორიც სხვა ქალაქებში და, განსაკუთრებით, პროვინციაში. მოსკოვში პუტინს მხარი ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარმა დაუჭირა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG