Accessibility links

logo-print
ლუი არმსტრონგმა ამერიკული მუსიკის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა - ჯაზურ სცენაზე ე.წ. სოლისტის ცნება დაამკვიდრა, რაც იმ ეპოქის კრეოლური ბენდებისა და აფრო-ამერიკული ორკესტრებისათვის რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა. ამ ამბის წყალობით თუ როგორ წავიდა ჯაზის საქმე, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ჰოდა, ბლუზსაც ჰყავს ასეთივე ნოვატორი. ოღონდ „საჩმოსგან“ განსხვავებით, პირიქით მოიქცა - თუ მანამდე ბლუზმენები გათითოკაცებულნი ბორგავდნენ ხოლმე, ერთმა მისისიპელმა კაცმა ბლუზის დაკვრა ბენდითაც მოსულაო. მეტიც, კოლეგებს ახალი, გიტარის ელექტრიფიცირებული ჟღერადობა შესთავაზა, ყველაზე უკეთ უჩვენა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ნამდვილი ბლუზ-ბენდი და მისი ფრონტმენი. მუსიკოსს მაკკინლი მორგენფილდი ჰქვია, ახლობლობაში - მადი უოტერსი და, უფრო რომ გავუშინაურდეთ, „ზინტლიანი“ - ბებია ეძახდა ასე. სწორედ მასზე ვისაუბრებ დღეს, თანაც იუბილარია.



მადი უოტერსის სულს რომ გაუგო, აუცილებელი არაა ბიოგრაფია დეტალებში მოჰყვე. სავსებით საკმარისია, მხოლოდ მის ბავშვობას გადაავლო თვალი, რადგან მუსიკოსის ლეგენდის გასაღები სწორედ იმ პერიოდში, მისისიპის დელტის ბამბის პლანტაციებში იმალება, სადაც წლები წელში გაწყვეტამდე მუშაობდა. ასეც ვაპირებ, მხოლოდ სიყმაწვილეს გავიხსენებ.

ისეთი ნივთი თუ გქონიათ, სულ რომ გეკარგებათ და რაღაც ხნის მერე თავისით რომ გამოჩნდება ხოლმე? პატარა მადისაც გააჩნდა ასეთი ჯადო - ძველისძველი, გვარიანად შელახული ჰარპი. წამდაუწუმ ეკარგებოდა, მაგრამ როცა პოულობდა ხან შრომის სიმღერებს - ე.წ. „უორქსონგებს“ - აღიღინებდა, ხანაც საკვირაო ეკლესიურ თავყრილობებზე მოსმენილ გოსპელსა და სპირიჩუელსს. მის მშობლიურ ქალაქ კლარკსდეილში იმხანად ცნობილი მგლებიც გამოივლიდნენ ხოლმე. მაგალითად: სან ჰაუსი, ჯეიმს სმიტი და დელტა-ბლუზის „შამქმნელი“ ჩარლი პეიტონი. ჰოდა, მადიც მათ მონაყოლ სევდიან ამბებზე გაიზარდა. „სოფლური ბლუზის“ ჭუპრში დაფრთიანდა, ქალაქად წავიდა და მალევე ჩიკაგური ბლუზის მეფედაც ეკურთხა.



მადი უოტერსის ცხოვრების ამბავს ერთ ალბომზე საუბრით გავაგრძელებ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მათგანი თავად ბლუზის ხასიათში მდგომარეობს - ცოცხლად შესრულებული ხომ უფრო ნაღდია და სმენის დამატკბობელი, ვიდრე სტუდიაში მორთულ-მოკაზმული. ჰოდა, სწორედ ასეთ გემრიელ ლაივზე მოგახსენებთ, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ, 1960 წლის ნიუპორტის ჯაზ ფესტივალზე გაიმართა. მეორე მიზეზიც არ გახლავთ ხელწამოსაკრავი - “Muddy Waters at Newport” ამერიკული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ იმ დისკად ითვლება, რომელზეც ბლუზური ლაივი პირველად ჩაიწერა. თანაც, იმხანად ბლუზმენი საუკეთესო მუსიკალურ ფორმაში და კარიერის ზენიტში ბრძანდებოდა. დაბოლოს, ალბომში კლასიკად ქცეულმა სიმღერებმა მოიყარა თავი. მაგალითად, ჩიკაგურმა ბლუზმა "I’ve Got My Mojo Working", "Baby, Please Don’t Go" და, რა თქმა უნდა, უილი დიქსონის შედევრმა "Hoochie Coochie Man", რომელიც ჟურნალმა „როლინგ სტოუნ“ ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერას მიაკუთვნა. მადი უოტერსის შესრულებით კი აუცილებლად წასაკითხი წიგნივითაა, მისი მოსმენის გარეშე იმქვეყნად წასვლა რომ არ ღირს.


“Muddy Waters at Newport” - მუსიკოსის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის გარდა, უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენაცაა. „ლაივი“ იმ პერიოდში გაიმართა, როცა ამერიკელ მსმენელს ბლუზი კარგა ხნის მივიწყებული ჰქონდა, ფოლკ-მომღერალთა ეპოქა ქუხდა - პიტ სიგერის, ჯოან ბაესისა და ბობ დილანის ღრიანცელის ეპოქა. ჰოდა, ეს ფესტივალი ზღაპრული სიმდიდრით სავსე საუნჯის პოვნას ჰგავდა, თითქოს სხვენში გადანახული ძველი სკივრი გახსნეს და იქიდან მივიწყებული თვალ-მარგალიტი ამოალაგესო. „ლაივი“ ბლუზის კვდომის წამლობაც გახლდათ, მისკენ შემობრუნებაც და ერთგვარი ბიძგიც „ბიტლზის“, „ლედ ზეპელინის“, „ენიმალსის“ ჯეელებისათვის, რომლებმაც შავკანიანთა მუსიკა საკუთარ რიტმულ თუ მელოდიურ სტრუქტურებზე გადააწყვეს და ის ჩვილიც გააჩინეს, დიდი ბლუზიშვილი ვინმე - „როკენროლი“ რომ ჰქვია.



დაბოლოს, მადი უოტერსის ერთი სიმღერაც ვახსენოთ, რომელსაც „Rolling Stone“ ეწოდება. დიდად ცნობილი არ გახლავთ, მუსიკოსის საუკეთესო ნამუშევრებს შორისაც არ მოიაზრება, მაგრამ როკმუსიკის განვითარებას მან რომ სამსახური გაუწია, ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. სწორედ ამ ბლუზით შთაგონებულმა დილანმა შექმნა თაობის ჰიმნი "Like A Rolling Stone". მისი წყალობით დღესაც „მგორავ ქვებად“ მოიხსენიება ის ჟურნალი, ზემოთ რომ ვახსენე. ის რომ არა, არც ჯაგერი გადააწყდებოდა ლონდონის რომელიღაც ტრამვაის ვაგონში ბლუზმენის დისკით ხელდამშვენებულ კიტ რიჩარდს და ეტყოდა: ჯგუფი შევქმნათ და მადი უოტერსის სიმღერის დარად „როლინგ სთოუნსი“ დავარქვათო.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG