Accessibility links

logo-print

ქართველი ოფიცერი, რომელსაც მსოფლიოს სამხედრო ელიტა იცნობს


2 მარტს ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოინახულა

2 მარტს ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოინახულა

თვე არ გავა, რომ მასთან სტუმრად არ მივიდეს აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი და ინვალიდის ეტლში მჯდომ ქართველ ოფიცერთან ერთად სამახსოვრო ფოტო არ გადაიღოს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ კი დაჭრილი ქართველი მეთაურის წერილი 14 მარტს პირადად ჩაუტანა და მისი შინაარსიც გააცნო ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს.

15 მაისს ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის დაბადების დღეა. ქართველ ოფიცერს, საქართველოს ეროვნულ გმირს, 36 წელი შეუსრულდება. ცხადია, ალექსანდრე ტუღუში განსაკუთრებით უყვართ და ელოდებიან მის მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში, რომელმაც საქართველოს ორი გმირი აჩუქა - ზაზა დამენია და ალექსანდრე ტუღუში. პირველი 2004 წელს, ცხინვალთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს ყუმბარას გადაეფარა და თანამებრძოლები აფეთქებას გადაარჩინა; ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში კი, რომელიც შარშან დეკემბერში, ავღანეთში, წინ მიუძღვოდა თავის ქვედანაყოფს, ნაღმზე აფეთქდა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს.

მძიმედ დაჭრილი ქართველი ოფიცერი, რომელმაც აფეთქების შედეგად ქვედა კიდურები დაკარგა, რეაბილიტაციის კურსს აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდას სამხედრო ჰოსპიტალში გადის და მუდმივი კავშირი აქვს თავის ქვედანაყოფთან. მოკლე მხედრული მესიჯებით ის მუდამ ამხნევებს ბრძოლის ველზე მყოფ თანამებრძოლებს. ამ წერილებიდან საჯაროდ მხოლოდ ერთის შინაარსია ცნობილი, და ისიც აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტას წყალობით: ამ თვენახევრის წინ, 14 მარტს, ამერიკელმა მინისტრმა პირადად ჩაუტანა და გააცნო სამხედრო ბაზა „შუკვანზე“ მყოფ ქართველ მებრძოლებს მათი მეთაურის წერილის შინაარსი.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად სამსახური. თქვენ ქართველი გმირები ხართ... საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ძალებთან ერთად ავღანეთის მისიაში დიდი წვლილი შეაქვთ. ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეთის ყველაზე ცხელ რეგიონში სამშვიდობო მისიის შესრულება დიდი პატივია. მე ვერ შევძელი თქვენთან ერთად მისიის დასრულება, მაგრამ ძალიან მეამაყებით - თქვენ ხართ გმირები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში შეხვალთ”, - ნათქვამია წერილში, რომლის ავტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, თავად არის გმირი: ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის საბრძოლო ორდენის ღირსეული კავალერი და ჯარისკაცი, რომელმაც 15-წლიანი სამხედრო კარიერის მანძილზე მონაწილოება მიიღო არა მხოლოდ ყველა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში, არამედ ქვეყნის დასაცავადაც იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

თუმცა ისევე, როგორც ბევრ პროფესიონალ სამხედროს, არც ალექსანდრე ტუღუშს არ უყვარს თავის თავზე საუბარი. ამიტომ ჩვენ ოზურგეთში დავურეკეთ მის დედას, ქალბატონ თინა გოგუაძეს და ვთხოვეთ, ეამბნა თავისი ვაჟის მხედრულ გზაზე.

ალექსანდრე ტუღუში 21 წლისა იყო, როდესაც ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სასწავლად სანქტ-პეტერბურგის, მერე კი მოსკოვის სამხედრო აკადემიაში გაემგზავრა საოფიცრო კურსებზე; მაგრამ 90-იანი წლების ბოლოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესების გამო, დატოვა რუსეთი და საქართველოს არმიაში დაბრუნდა.

„შემდეგ მუშაობა დაიწყო კოჯრის სწრაფი რეაგირების ბატალიონში,“ - გვიამბობს ქალბატონი თინა. – „შემდეგ იქიდან წავიდა კოსოვოში. კოსოვოდან დაბრუნების შემდეგ ცოტა ხნის განმავლობაში ისევ კოჯორში მუშაობდა. შემდეგ ქუთაისის ბატალიონი მეთაური იყო, რომელთან ერთადაც ორჯერ იყო ერაყში. შემდეგ ამავე ბატალიონთან ერთად ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში. 2009 წლის ნოემბერში, თქვენ ამის შესახებ გეცოდინებათ, მისი ბატალიონი პირველი შემსვლელი იყო ავღანეთში. არის ცხინვალის ომის მონაწილე. ბევრი რამ არ ვიცი, რადგან ჩემი შვილი ძალიან სიტყვაძვირი პიროვნებაა და თავისი საქმიანობის შესახებ ძალიან ცოტას საუბრობდა ოჯახშიც.“

ქალბატონი თინა გოგუაძე შვილის შესახებ აუღელვებლად ვერ საუბრობს. მთელი ხუთი თვის განმავლობაში, რაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტლებში მკურნალობს, დედას ერთხელაც არ უნახავს თავისი უმცროსი ვაჟი. თუმცა, „სკაიპის“ დახმარებით თინა გოგუაძე თითქმის ყოველდღე უკავშირდება უმცროს შვილს და მოუთმენლად ელოდება სამშობლოში მის დაბრუნებას.
2010 წლის 11 ნოემბერი, ავღანეთი. საქართველოს არმიიის 31-ე ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში (მარცხნივ) ეროვნულ დროშას გადასცემს 32-ე ბატალიონის მეთაურს ფრიდონ ტერელაძეს.

2010 წლის 11 ნოემბერი, ავღანეთი. საქართველოს არმიიის 31-ე ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში (მარცხნივ) ეროვნულ დროშას გადასცემს 32-ე ბატალიონის მეთაურს ფრიდონ ტერელაძეს.


„არ ვიცი როდის ველოდები“, - ამბობს იგი. – „მამამ რომ ჰკითხა, სავარაუდოდ როდის დაბრუნდებიო, გვიპასუხა, რომ ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. სექტემბერ-ოქტომბერი საუკეთესო ვარიანტია სახლში დაბრუნების.“
„სკაიპით“ და „ფეისბუკით“ აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირება რადიო „თავისუფლებამაც“ სცადა. გვინდოდა, რადიომსმენელისათვის შესაძლებლობა მიგვეცა, მოესმინა თავდადებული ქართველი ოფიცრისათვის, რომელსაც პატივს სცემენ და პირადად იცნობენ ნატოს შენაერთების - ISAF-ის სარდლები, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა, რომელმაც ამ ათიოდე დღის წინ (12 აპრილს) საავადმყოფოში კიდევ ერთხელ ინახულა დაჭრილი ქართველი ოფიცერი.

მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში 3 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოინახულა და მას უმაღლეს სამხედრო ჯილდო - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აკლებს ოფიცრის მშობლებსა და ძმას, რომლებიც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობენ. ალექსანდრე ტუღუშის დედამ, თინა გოგუაძემ, რომელიც სოფელ ოზურგეთის სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის, საგანგებოდ გვთხოვა, საშუალება მიგვეცა მისთვის, შვილის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაეხადა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებისათვის, და მიემართა ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების დედებისათვის.

„იმ დედებს, რომელთა შვილებიც ავღანეთში არიან, ვუსურვებ, რომ ღმერთმა ყველას თავისი შვილი უნაკლოდ ჩამოუყვანოს უკან და ყველა დალოცვილი ამყოფოს ღმერთმა! ველოდები ისე, როგორც საკუთარ შვილს. თუნდაც სხვა ხალხის, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ყველა ღმერთმა მშვიდობით დაუბრუნოს თავის ოჯახს!“, ამბობს ქალბატონი თინა.

ორიოდე კვირაში საქართველო შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთის მიწას დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება. ამ ქვედანაყოფს სამი წლის განმავლობაში ექვსთვიანი ვადით ორჯერ მოუწია როტაცია ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში და ამ ორი საბრძოლო მისიის განმავლობაში ყველაზე მეტი მსხვერპლიც სწორედ 31-ე ბატალიონმა გაიღო.
სამშვიდობო ოპერაციის შესრულების დროს ავღანეთში ბატალიონმა 10 ჯარისკაცი დაკარგა (სულ კი ავღანეთის სამხედრო მისიას, შეგახსენებთ, საქართველოს არმიის 15 მოსამსახურე შეეწირა).

სხვათა შორის, პირველი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ISAF-ის შემადგენლობაში დაიღუპა, სწორედ 31-ე ბატალიონის ასმეთაური, ლეიტენანტი მუხრან შუკვანი იყო. სწორედ მისი სახელი ჰქვია ჰელმანდის პროვინციაში მდებარე იმ ბაზას, სადაც ქართველი სამხედროები იმყოფებიან.

ავღანეთში 31-ე ბატალიონის საბრძოლო მისიაზე ბევრია სათქმელი და დასაწერი და ყველაზე უკეთ ეს, ალბათ, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს შეუძლია, მებრძოლ მეთაურს, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ, იმედია, შეავსებს იმ საინფორმაციო ვაკუუმს, ავღანეთში მიმდინარე ქართული სამხედრო მისიის შესახებ რომ არსებობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG