Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უოლ სტრიტის დაცემის“ ამსახველი კარიკატურების ფესტივალი ირანში


„უოლ სტრიტის დაცემის“ ამსახველი კარიკატურების ფესტივალი
„უოლ სტრიტის დაცემის“ ამსახველი კარიკატურების ფესტივალი
მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტი“ შეიძლება ყველასათვის ცნობილი არ არის, მაგრამ ბევრმა შეიტყო მის შესახებ, როცა ნიუ იორკში, მსოფლიოს საფინანსო ცენტრში, შეკრება დაიწყეს მათ, ვისაც მიაჩნია, რომ დედამიწაზე სიმდიდრე არასამართლიანადაა განაწილებული და რომ აშშ-ში, ისევე როგორც სხვა, მეტად თუ ნაკლებად მდიდარ და ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებში, სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მოსახლეობის ძალიან მცირე ჯგუფის ხელშია, დანარჩენი მასა კი უქონელია. „დაიკავე უოლ სტრიტის“ მიმდევართა ერთ-ერთი ლოზუნგი ასე ჟღერდა: „ჩვენ 99 პროცენტი“ ვართ. ანუ ისინი თავს მიიჩნევდნენ უმრავლესობად, რომელსაც აქვს უფლება თავისი წილი ჰქონდეს ამ სიმდიდრეში. ეს რიცხვი, 99, ფიგურირებდა კონკურსში, რომელიც თეირანში - ირანში - მოეწყო. მას „‘უოლ სტრიტის დაცემის’ კარიკატურის პირველი საერთაშორისო ფესტივალი“ უწოდეს მისმა ორგანიზატორებმა და მიიზიდეს ასეულობით კარიკატურისტი არაერთი ქვეყნიდან. კონკურსის თანადამფინანსებელი იყო ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო „ფარსი“. მისი ორგანიზატორების მიზანი იყო სოლიდარობა გამოეცხადებინათ „დაიკავე უოლ სიტრიტის“ მოძრაობის მონაწილეთათვის და, როგორც „ფარსი“ წერს, „დახმარებოდნენ მოძრაობას და აშშ-ის ხალხს, ხმა მიეწვდინათ გარე სამყაროსათვის“. თეირანი ამ მოძრაობის დაწყებიდან მისი მონაწილეების მიმართ სიმპათიას ავლენს. არაერთმა რადიკალურმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, მოძრაობა არაბულ გაზაფხულს შეადარა და განაცხადა, ის დაამხობს კაპიტალიზმს აშშ-ში, გაიზრდება და მთელ კაპიტალისტურ სისტემას და დასავლეთს დაამარცხებსო. უშუალოდ კარიკატურების კონკურსის დახურვის ცერემონიაზე ხამენეის მრჩეველმა ღოლამ ალი ჰადად ადელმა იგივე აზრი გამოთქვა და ირანის 2009 წლის მოვლენებზე ილაპარაკა: „აშშ-ის მიერ მართული დასავლეთის მედია 2009 წელს ირანში დემოკრატიის ნაკლებობაზე, ქუჩებში შეტაკებებზე, ძალადობასა და ყოველ 15 წუთში დაპატიმრებაზე სიცრუეს იუწყებოდა“ და ამას “აკეთებენ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მათთან თანხმობაში არ არიანო“. მანვე დასავლეთის მედიის მისამართით თქვა, „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობაზე თავიდან „თავშეკავებით“ იტყობინებოდნენ, მაგრამ როცა ძალიან გაიზარდა და მასზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლებოდა, მიმდინარე მოვლენების შესახებ შეზღუდულად დაიწყეს მაუწყებლობაო“. აქვე გეტყვით, რომ ირანის სახელმწიფო მედია ამ მოძრაობაზე ბევრს ლაპარაკობდა. ჰოდა, ამ მედიის ნაწილია სააგენტო „ფარსიც,“ რომელიც, როგორც გითხარით, თანაორგანიზატორი იყო კონკურსისა.

თუ თემად „გოდების კედელია“ აღებული, შესაბამისად, ნახატი უკვე დაძაბულობას შეიცავს ...
ოლექსი კუსტოვსკი
კონკურსზე თავისი ნამუშევრები გაგზავნა 1600-მა მხატვარმა საკუთრივ ირანიდან, ასევე აშშ-იდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ ნახატებიდან ჟიურიმ ჯერ 99 საუკეთესო ამოარჩია, გაცხრილვის შემდეგ კი დარჩა ათი. ამ ათში გამარჯვებული, პირველ სამ ადგილზე გასული კარიკატურისტების ვინაობა უკვე გამოავლინა ჟიურიმ, რომელშიც მასპინძლებთან ერთად შედიოდნენ საერთაშორისო მსაჯულები პოლონეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან. პირველი პრემია, ხუთი ათასი ევრო, და, ამასთან, აღიარების სიგელი მიენიჭა ირანელ კარიკატურისტს, მაჰმუდ მოჰამედ თაბრიზის. მესამე პრემიაც ირანელმა კარიკატურისტმა მიიღო. მის კარიკატურაზე გამოსახულია დიდი ჯგუფი ჯიბეგახვრეტილი კაცებისა, რომელთა ჯიბეებიდან წამოსული წყალი ზღვად იქცევა და მასში უოლ სტრიტის ბირჟის შენობა იძირება. პირველი პრემიის ლაურეატის, თაბრიზის ნახატზე კი ვხედავთ უოლ სტრიტის ბირჟის შენობას, რომლის მთავარი შესასვლელი იერუსალიმის „გოდების კედელზე“ მიმანიშნებელი კედლითაა ამოშენებული. კედელს ბზარები შეჰპარვია. მასთან დგას სამი ფიგურა, სამი მლოცველი, ებრაელთათვის ჩვეული სამოსლით, ანუ ირანელი კარიკატურისტი ებრაელ მლოცველებს გამოსახავს ნიუ იორკის საფინანსო ცენტრის კარიბჭესთან. იმ აზრის შეფასება, რომ ნახატი ანტისემიტური ბუნებისაა, ვთხოვეთ იმავე კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, უკრაინელ კარიკატურისტ ოლექსი კუსტოვსკის, რომელმაც გვითხრა:

„გოდების კედელი”
„გოდების კედელი”
„თუ თემად „გოდების კედელია“ აღებული, შესაბამისად, ნახატი უკვე დაძაბულობას შეიცავს. ისე, რა გითხრათ, აბა! ყველაფერი შედარებითია. თუმცა, არა, როცა ეს ნახატი ვნახე, „შევიგრძენი“ ასეთი სუნი. ძნელია თქმა, მაგრამ, ალბათ ასეა, ამ ნახატში დიდი დაძაბულობაა.“

კუსტოვსკის ჟიურიმ მეორე ადგილი მიანიჭა კარიკატურისთვის, რომელზეც ფულით სავსე ორ ტომარას თავს უკრავს ორი კაცი, მათ შორის კი (ეს ტომრები, ამავე დროს, ციცაბო კლდეცაა) გაჩხერილა, როგორც ეტყობა, უქონელი, თავდაყირა მდგომარეობაში მყოფი პირი.

თვითონ კუსტოვსკი ირანში არ ჩასულა. ის გვიხსნის, თუ რატომ ისურვა ამ კონკურსში მონაწილეობა. კუსტოვსკი ამბობს, რომ ინტერნეტიდან შეიტყო კონკურსის შედეგებისა და მასში თავისი გამარჯების შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო საკუთარი ინტერესების გამო:

„პირველ რიგში, მაინტერესებდა თემა, რომელსაც, მოდით, დავარქვათ „ანტიკაპიტალიზმი“. ეს ერთი. და მეორეც, მე მომწონს კარიკატურის ტრადიცია ირანში, ანუ, ხატოვნად თუ ვიტყვით, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებ. ირანში კარიკატურის დიდი ტრადიცია აქვთ, იმართება არაერთი საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც, როგორც მე ვხედავ, მთავრობა მხარს უჭერს, რაც, მაგალითად, უკრაინაში ძალიან გვაკლია.“

მე მესმის, რომ ამ კონკურსში მეორე პრემიის მიღებით, თითქოს, ლამის ავტომატურად ვხდები ანტიამერიკული მხატვარი. მაგრამ საქმე ეს არაა. ...
ოლექსი კუსტოვსკი

კუსტოვსკისთვის ამ კონკურსში თუ ფესტივალში მონაწილეობა პოზიციის გამოხატვაა. მისი თქმით, კარიკატურისტი, რომელიც სატირიკოსია, მუდამ ოპოზიციაში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ის არ თვლის თავს ანტიამერიკელად. უკრაინის ვითარებას ეხება მოკლედ და ამბობს, მე ანტიკაპიტალისტურ ნამუშევრებს ვქმნი, დაღლილობას ვგრძნობ და ვეღარც კი აღვიქვამ საკუთარ თავს ოპოზიციონერადო:

„კარიკატურისტი მუდამ ოპოზიციაში უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს ზომიერი. ადამიანი ცოცხალი არსებაა, კარიკატურისტიც ცოცხალი არსებაა. ჩნდება დაღლილობის პრობლემა, არის პრობლემა საკუთარი სინდისისა. და უკრაინასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აქ დაღლილობასთან გვაქვს საქმე, დაღლილობასთან პოლიტიკოსებისგან, პოლიტიკური ვითარებისგან, რომელიც აქ არის.“

უკრაინელმა კარიკატურისტმა არც კი იცის, როგორ მოხდა თეირანში პრიზების გამოცხადება თუ პრიზების გადაცემა. არ გამოვრიცხავ, გვითხრა მან, რომ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მიიწვიეს კიდეც პრიზების გადაცემაზე. ისინი მიდიან, იღებენ ჩვენს პრიზებს და ჩვენ არც კი გვამცნობენ და პრიზებსაც
ოლექსი კუსტოვსკის კარიკატურა "კაპიტალიზმი"
ოლექსი კუსტოვსკის კარიკატურა "კაპიტალიზმი"
არ გვაწვდიანო, ჩივის კუსტოვსკი, რომელსაც, როცა ერთხელ თურქეთში პრიზი მიიღო, სწორედ ასე მოექცნენ უკრაინელი დიპლომატები. ეს, კუსტოვსკის თქმით, კარიკატურისტის ხვედრია. კარიკატურისტების მხრივ სხვათა უფლების შელახვასა და შეურაცხყოფას რაც შეეხება, ის ფიქრობს, რომ საჭიროა მეტად საჩოთირო თემებისთვის თავის არიდება. ამბობს, რომ პრინციპულად არასოდეს მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში „პალესტინისა და ისრაელის ურთიერთობის თემაზე“:

„მე მესმის, რომ ამ კონკურსში მეორე პრემიის მიღებით, თითქოს, ლამის ავტომატურად ვხდები ანტიამერიკული მხატვარი. მაგრამ საქმე ეს არაა. მე, პირველ რიგში, ადამიანური თვალსაზრისით მაინტერესებდა ანტიკაპიტალისტური ნახატი.“

„ადრე უფრო მძაფრ კარიკატურებს ვხატავდი, ნარინჯის რევოლუციის დროს, როცა იუშჩენკოს ვემხრობოდი... მაგრამ ახლა იმედგაცრუებული ვარ. ალბათ, რაღაც ემოციური ამოფრქვევაა საჭიროო“, ამბობს ჩვენი 42 წლის თანამოსაუბრე, ირანის კარიკატურის კონკურსის მეორე პრიზიორი, რომელიც ათი წელია კარიკატურით არის დაკავებული პროფესიულ დონეზე და თავი კარიკატურის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მას განსაკუთრებით მოსწონს „ფილოსოფიური კარიკატურა“, რომელიც ირანშია განვითარებული და ესეცაა მიზეზი, რომ ის ირანში ორგანიზებულ კონკურსებში იღებს მონაწილეობას. თუმცა სურს დარჩეს პოლიტიკის გარეთ და, ამავე დროს, ამას თითქოს განიცდის კიდეც - ამბობს, „შეიძლება, ეს არც არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიციაო“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG